,,თუ გაქვთ სხვა გზა, ემიგრანტობას გადაურჩეთ, ნუ გამოუტანთ თავს ამ განაჩენს“

ვიდეობლოგის სტუმარი ქართველი ემიგრანტი საბერძნეთიდან სოფო იმერელია (ჭაფოძე). ის 5 წელია ათენში ცხოვრობს. სხვა ემიგრანტი ქალბატონების მსგავსად, მასაც საკმაოდ რთულ პირობებში უწევს ცხოვრება, თუმცა საყვარელი საქმისთვის მაინც იცლის და თავისუფალ დროს წერას უთმობს. მისმა რომანმა ,,გოგონა აფხაზეთიდან“, რომელიც 2019 წელს გამოსცა, საზოგადოებაში მოწონება დაიმსახურა, მკითხველმა ის მალევე შეიყვარა. სოფოს წერა არ შეუწყვეტია და სულ ახლახანს ახალ წიგნზე დაასრულა მუშაობა. სოფოს სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდიც აქვს შექმნილი, სადაც უამრავი გამომწერი ჰყავს და მათ საკუთარ ფიქრებსა და ნააზრევს ხშირად უზიარებს.

როგორ აღმოჩნდა ემიგრაციაში, რას საქმიანობს დღეს ათენში, რა არის ემიგრანტობა მისთვის და რას ურჩევს მათ, ვინც აპირებს მის გზას დაადგეს-  ამ და სხვა თემებზე ის ვიდეობლოგში საუბრობს.

,,ემიგრაციაში წამოსვლის გადაწყვეტილება უცებ მივიღე, ალბათ ბევრი რომ მეფიქრა დავრჩებოდი სამშობლოში, ძალიან გამიჭირდა შვილებთან განშორება… ფიქრისთვის ბევრი დრო მაქვს და ხშირად ვწერ. ფურცლებზე გადამაქვს ჩემი ნაფიქრი. ემიგრანტობამ ერთ დროს წყნარი და მორიდებული გოგონა, გამხადა დამოუკიდებელი, მასწავლა საკუთარ თავთან ბრძოლა, გადაწყვეტილებების მიღება და გამაცნო ადამიანები. ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ ეგუები. კარგავ წლებს, შვილები იზრდებიან შენს გარეშე… ცივი ეკრანიდან უყურებ მათ, გინდა ჩაეხუტო, მაგრამ ხვდები რომ ეს შეუძლებელია. თუ გაქვთ სხვა გზა, რომ ემიგრანტობას გადაურჩეთ, ნუ გამოუტანთ თავს ამ განაჩენს და ნუ დაშორდებით ოჯახსა და ახლობლებს,“ – ამბობს ინტერვიუში სოფო იმერელი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.