ავიაკომპანია „Turkish Airlines“ საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლებას გეგმავს

„Avia NEWS” – ის ინფორმაციით, თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა სექტემბრის ფრენების რუკა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით გეგმავს ფრენების განახლებას. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები განახლდება სტამბოლი-თბილისის და ასევე სტამბოლი-ბათუმის მიმართულებებზე.

თუმცა ეს არის Turkish Airlines-ის გეგმა, რომლის სისრულეში მოყვანა ავიაკომპანიას გაუჭირდება, რადგანაც მოსალოდნელია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე დაშვება კიდევ ერთხელ გადავადდეს. არსებული რეგულაციებით კი შეზღუდვა 31 აგვისტომდე მოქმედებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს ცა საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ელ სექტემბრამდე დახურულია. თუმცა არსებობს გამონაკლისიც და თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაშვებულია მიუნხენიდან, პარიზიდან და რიგადან.

“საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);

პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);

რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).

NOTAM-ი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ (ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 21.07.20-დან და მოქმედებს 31.08.20-ის ჩათვლით)”, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აქტიურ NOTAM-ში.

NOTAM (Notice to Airmen) არის ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.