ვაჟას მოგონებები პეტერბურგზე და ჩხუბი ძმასთან ერთად – როგორ დაჯაბნა ორმა მთის არწივმა 20 მოწინააღმდეგე 

ვაჟა-ფშაველა ერთხანს ძმასთან ერთად პეტერბურგში ცხოვრობდა. ერთხელ თურმე, ვაჟას და გიორგის (ვაჟას ძმა) ფული გამოელიათ და მშივრები დადიოდნენ ქუჩაში. ნაცნობი გერმანელი სტუდენტი შეხვდათ, რომელმაც ძმებს ბილიარდის თამაში შესთავაზა და ვინც წააგებდა, სადილის ფულს ის იხდიდა. ვაჟა იხსენებდა:

“ ლუდხანაში ჩავედით. ჩემი ძმაც აქ არის, იმედი მაქვს, რომ მოვიგებ. მამხნევებს ჩემი ძმა, თვალს მიკრავს და მეუბნება: ეგრე ძმაო, ეგრე ვაჟა, ერთი მუცელი ამოვივსოთ-ო. თამაში ჩემს სასარგებლოდ დასრულდა და ჩვენ უკვე სადილისთვის ვემზადებოდით, მაგრამ საპირფარეშოში გასული გერმანელი არ დაბრუნებულა. როგორც მერე გავიგე, თურმე ფული მასაც არ ჰქონდა. ბილიარდის პატრონმა გვიყურა და ბილიარდის ფული მოგვთხოვა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. ვეუბნები ამ კაცს, რომ ფული წაგებულმა უნდა გადაიხადოს, დაიცა, მოვა გერმანელი და გადაიხდის-მეთქი, მაგრამ ის დაუყოვნებლივ მოითხოვდა ჩემგან ფულს. ხმას უმაღლებდა, ბიჭებს ეძახის, ბიჭები მოდიან და უნდათ ქუდი წამართვან. ერთი ხელით შემეხო და მუშტი მითავაზა. სხვებიც აყვნენ. ჩემი ძმა ქორივით დაეძგერა ჩემს გამრტყმელს და ქვეშ ამოიდო, ცემა დაუწყო. მეც მკლავი გავშალე და ვისაც დავარტყი, ფეხზე არავინ დავაყენე, მეორედ შემოკვრა არავის სჭირდებოდა. მეპატრონე გაჰკიოდა: მიშველეთ, ყაჩაღები დაგვეცნენ-ო. მერე ერთად მოგვესივნენ. შემოჰკრავს მუშტს გიორგი, დააპირქვავებს და შემომძახის – დაჰკარ ლუკურიავ, ძმაის ჭირიმე, აქა გყვანა შენი ძმა გიორგი. 20-25 კაცი დაგვესია. ბევრს ცხვირიდან სისხლი ვადინე. ბევრნი იყვნენ და დაღლილობა დაგვეტყო. გიორგი წააქციეს, მაგრამ წამოხტა ძირს დაგდებული და დამიძახა – ვაჟა დაჰკარ, მე პოლიციას მოვიყვან-ო. მოიყვანა პოლიციელი და ყველა მისცვივდა – ორი ყაჩაღი თავს დაგვესხა-ო.
– როგორ? წამოიძახა პოლიციელმა. – ეს ორი, თქვენ ამდენი?
– ვინ ხართ. შეგვეკითხა ჩვენ.
კავკასიელები არიან ამათი დედაც…. იყვირა ერთ-ერთმა. მისკენ გავიწიე, მაგრამ პოლიციელმა დამაწყნარა და თქვა:
– სირცხვილია! აბა როგორ შევადგინო ოქმი! ამდენი ხალხი ორ კაცს უჩივის გვცემესო! მოგვიბრუნდა მე და ჩემს ძმას და გვითხრა:
– მოშორდით! თქვენი სული არ იყოს აქ-ო!!
ასე დასრულდა ყველაფერი, მე და გიორგი კი ჩვენს გზას დავადექით”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.