“დედა ორი თვალით უნდა იხედებოდეს – ერთით თავისთვის, ერთით შვილისთვისო”- მე დავბრმავდი შვილისთვის – ემიგრანტის დღიურიდან
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თეონა ჭანტურია “ქართული კვირის” მკითხველს საკუთარ ჩანახატს უზიარებს. როგორია ემიგრანტი დედისა და შვილის ცხოვრება და მონატრება, რომელიც არასდროს ნელდება.
“ემიგრანტის დღიურიდან
მხოლოდ მესიჯებით…
_დედა?
_ხო, დედი, რაიყო?
_ ვერ ვიძინებ, დე!სულები მელანდება!
მე წამიერად ვჩერდები და ინსტიქტურად თითები წერენ ტელეფონზე თავისით, რადგან გული საგულედან საცაა ამოვარდეს,ის ხომ მშიშარაა, მთელი თორმეტი წელი ჩახუტებულებს გვეძინა, ეხლა კი შეშინდა, რატომ? რა ჭირს ? ხომ მშვიდობა აქვს? ათასმა ფიქრმა გამიელვა წამიერად თავში!
_დედი, სულები არ არსებობენ, ჩემო შვილო!
_აუ დე, მეშინია,ვერ ვიძინებ!
_ლოცვა თქვი გულში ვაძლევ პასუხს და თან იესოს მოკლე ლოცვას ვწერ,უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი ,ლაპარაკი არ შემიძლია, მეუხერხულება ,სანამ არ დაიძინებს ჩემი ბებო და მისი გოგოები,თუ გინდ შემეძლოს, ვიცი, ატირდება, ჩემს ხმას რო გაიგონებს და არც მე დამადგება კარგი დღე.
_დე, ცოდვილი რატო ვარ?
_ვინ გითხრა, რომ ცოდვილი ხარ, ვწერ პასუხს და მახსენდება ლოცვაში მოხსენიებულ სიტყვა მე ცოდვილზე ამახვილებს ყურადღებას.
_ეს ლოცვაა, დედი. ყველას წასაკითხი,თან ჩვენ ყველანი ხო ცოდვილები ვართ!ვწერ ხელის კანკალით.
_დეე მეორედ მოსვლა მართლა მალე იქნება?კითხვას მწერს და ვიცი, რომ ეშინია ,როგორც ყველა ადამიანს ამაზე ფიქრის.
_ჯერ არაა დედა მეორედ მოსვლა,ეგ რო იყოს მოსალოდნელი, მე არ მიგატოვებდით, ვწერ და ცრემლით მევსება თვალები,ჩვენ ვერ მოვესწრებით მაგას. მივწერე და გავირინდე, არ ვიცი ,რამდენად სწორი იყო ჩემი პასუხი, მაგრამ მგონია, რომ დავამშვიდე.
მინელდა მესიჯები, ვიფიქრე ჩაეძინათქო
_დე, გძინავს?კიდე ხო არ გეშინია?
_ვიძინებ დედიკო, იცოდე, მენატრები და შენი ჩახუტება მინდა!
_დე, ხო გინდა წესიერ ლამაზ სახლში იცხოვრო,მე რო ჩამოვალ სადარდებელი არ გვექნება სახლი,ხო გესმის ,გავაკეთოთ ,პრობლემები მოვიხსნათ და მალე ჩამოვალ, დაიძინე, გთხოვ ლოცვა თქვი შენს გულში, ჩემო გულო!
_ხო. დეე, მიყვარხარ!
მპასუხობს და მერე მესენჯერი ციმციმს წყვეტს,
მთელი ერთი საათი თავს ვერ ვიმშვიდებდი,ვერც ამ უცხო ხალხს მოუყევი რა მჭირდა, წესიერი ლაპარაკი არ ვიცი და ტრანსლეიტის ნერვი არ მქონდა ,დუდუმებდა მთელი ღამე ჩემი გულიც, ტვინსაც არ დაუსვენია, დილამაც მოატანა, ეხლა ისეც ბებოს ოთახში ვზივარ ნახევრად უძილო და ვლოცულობ ,მალე დამთავრდეს ეს კოშმარები,ეს ტკივილიანი დღეები თუ წლები!
დედა და შვილი განუყოფელია,ილია ჭავჭავაძე ამბობს ოთარაანთ ქვრივის ენით – დედა-შვილი ორი თვალით უნდა იხედევოდესო,ერთი თავისთვის ერთი შვილისთვისო,მე დავბრმავდი შვილისთვის!
თეონა ჭანტურია