დღეს დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების სახალხო დღესასწაული აღინიშნება 

დიდგორობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტარდება 12 აგვისტოს, 1121 წელს მომხდარ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად. როგორც წესი, დღესასწაულის დროს იმართება სახალხო სეირნობა, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, დოღი, ტურნირი ჭიდაობასა და მკლავჭიდში.

ისტორიულად დიდგორობა იყო ხალხური რელიგიური დღესასწაული ქართლში, რომელიც იმართებოდა 7 (20) მაისს დიდგორის ველზე, სოფელ დიღომთან. დღეობაზე მოდიოდნენ დიღმის ხეობის, ქართლ-კახეთის ზოგიერთი სოფლისა და თბილისის მცხოვრებნი. მოსულთა შორის იყვნენ ხელოსნები და ვაჭრები, რომლებიც ჩამოტანილი საქონლით ვაჭრობდნენ.

დიდგორის მთის ძირში, „მისალოცავში“ საკულტო წესები სრულდებოდა. აქვე კლავდნენ შესაწირს, ნათლავდნენ ბავშვებს და მართავდნენ პურობას. დიდგორის მთის წვერზე მხოლოდ ის მლოცველები ადიოდნენ, ვისაც წინასწარ ჰქონდა დათქმული. აქ შემონახულია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები, რომლის საკურთხეველთან ადრე აღმართული ყოფილა ფალოსის ქვის გამოსახულება, რომელიც ამჟამად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

დღეობაზე იმართებოდა ჯირითი. ყველა მოჯირითეს „მოვიდა გორაზე“ (ასე ეწოდებოდა მცირე გორას) ერთხელ მაინც უნდა შეეჭენებინა ცხენი. ქართლის გარდა დიდგორობა ხევსურეთშიც იცოდნენ.

წელს, პანდემიის გამო, დიდგორობა ჩვეული აქტივობებით ვერ აღინიშნება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.