“2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და გამოწვევები 12 წლის შემდეგ ” – ირლანდიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტებისათვის ლექცია-სემინარი ჩატარდა
ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ნანუკა ოდიკაძის თანაორგანიზებით, 2020 წლის 7 აგვისტოს საელჩოში ჩატარდა ლექცია-სემინარი: „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და გამოწვევები 12 წლის შემდეგ“, რომელსაც ესწრებოდნენ ირლანდიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები და ახალგაზრდები.
საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა ახალგაზრდებს გააცნო 2008 წლის ომისა და შემდგომ პერიოდში არსებული ურთულესი გამოწვევები პრეზენტაციის მეშვეობით. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, ისაუბრა კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
ლექციის ბოლოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული საკითხები განხილულ იქნა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ახალგაზრდებმა დიდი ინტერესით მოისმინეს კონფლიქტის მათთვის უცნობი დეტალები.
საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა, ნანუკა ოდიკაძემ სტუდენტებს გაუზიარა თავისი სამომავლო გეგმები, მათ შორის, სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების თაობაზე, ირლანდიაში მყოფი ქართველი ახალგაზრდების ჩართულობით და სემინარის მონაწილეებს გადასცა მაისურები, საქართველოს რუქის გამოსახულებით.
საელჩო მადლობას უხდის ახალგაზრდა ელჩს ნანუკა ოდიკაძეს და ქართველ სტუდენტებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.