სპეციალურად სტუდენტებისათვის 11 აგვისტოს გერმანიის მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდება 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქართველ სტუდენტებს, რომლებიც განათლებას იღებენ ან მუშაობენ ევროპაში და ბოლო პერიოდში გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა შეექმნათ, მთავრობა დაეხმარება. პრემიერმა მთავრობის  სხდომაზე განაცხადა, რომ გერმანიის მიმართულებით 11 აგვისტოს რეისი განხორციელდება, რომლითაც სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრება.

„სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება არა მხოლოდ საქართველო, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც. ბევრ ქართველ სტუდენტს, რომელიც განათლებას იღებს ან შრომობს ევროპაში, გადაადგილების პრობლემა შეექმნა. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვმართა სტუდენტების ჯგუფმა, რომლებსაც ჰქონდათ გერმანიაში შრომის ნებართვა და მათ უბრალოდ ვერ შეძლეს გერმანიამდე ჩასვლა. მაშინ მთავრობამ ჩარტერული რეისი უზრუნველყო და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ბერლინში ერთი რეისი გავაკეთეთ. ახლა დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი, ასევე გერმანიის მიმართულებით. მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს დავავალო, რომ სასწრაფოდ მოვახდინოთ ამ ჯგუფების ორგანიზება და დავაორგანიზოთ 11 აგვისტოსთვის კიდევ ერთი რეისი. ასევე იყო რამდენიმე კომენტარი და რამდენიმე თხოვნა უნგრეთში მცხოვრები და განათლების მიმღები ჩვენი ახალგაზრდების შესახებ, იდენტიფიცირება მოვახდინოთ იქ რა რაოდენობაა და თუ საჭირო იქნება, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომლის ბილეთის ფასი არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი“,-განაცხადა გახარიამ.

აღნიშნულ რეისზე ბილეთის შეძენა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს მოქმედი სტუდენტის სტატუსი საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში ან/და სამუშაო მოწვევა და კონტრაქტი გერმანიაში. მთვარობის დადგენილებით, ბილეთის ფასი არ აღემატება 200 ევროს

გამგზავრების მსურველებმა 7 აგვისტოს ღამის 12:00 საათამდე სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.