ისტორია და ისტორიები საქართველო და ქართველები სლაიდერი

“Georgica”, “საქართველოს დამხმარე კომიტეტი” და წერილები საქართველოზე – ანდრო გუგუშვილის ქართული საქმეები ინგლისში 

ანდრია გუგუშვილი ქართველი ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც ლონდონში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა… 

ანდრია გუგუშვილი 1895 წელს დაიბადა ზუგდიდში იულონ გუგუშვილისა და ოლღა შენგელაიას ოჯახში. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ოლღა სამ ვაჟთან ერთად, ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად.

ანდრია გუგუშვილმა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა და გეოლოგიის შესასწავლად გერმანიაში გაემგზავრა. I მსოფლიო ომმა ბერლინში მოუსწრო და სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. იძულებული გახდა ჯერ ჰოლანდიაში, იქიდან კი ინგლისში, კერძოდ ლონდონში, გადასულიყო საცხოვრებლად.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ანდრია გუგუშვილი ლონდონში გახსნილი საქართველოს საელჩოს მდივანი იყო. ის მტკივნეულად განიცდიდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და ამ საკითხის გასახმაურებლად, მიხეილ სუმბათაშვილთან, დავით ღამბაშიძესა და კოტე ჯაყელთან ერთად, დიდი შრომა გასწია.

საქართველოს საელჩოს გაუქმების შემდეგ, ანდრია გუგუშვილი ლონდონში შეუდგა სამეცნიერო–ლიტერატურულ საქმიანობას, ლონდონის უნივერსიტეტში ქართულ ენას ასწავლიდა ახალგაზრდა მეცნიერებს. მეგობრობდა და თანამშრომლობდა გამოჩენილ ქართველოლოგებთან – ოლივერ უორდროპთან, იულიამ ალენთან, დევიდ ლანგთან, რობერტ სტივენსონთან.

1921 წელს, საქართველოს ოკუპაციისთანავე, ლონდონში სერ ს. ე. მორისის თავმჯდომარეობით შეიქმნა “საქართველოს დამხმარე კომიტეტი”. ანდრია გუგუშვილი ამ კომიტეტის წევრი გახდა და თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და კავშირებით დიდ დახმარებას უწევდა კომიტეტის საქმიანობას ყველგან, სადაც კი შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს ოკუპაციის საკითხის დაფიქსირება – ერთა ლიგის სხდომებზე, სოციალისტური ინტერნაციონალის შეკრებებზე, საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრსებზე.

საფრანგეთის შემდეგ, 1928 წელს “საქართველოს მეგობართა საზოგადოება” შეიქმნა ინგლისშიც. ინგლისელთა გარდა, ამ ორგანიზაციის წევრი ანდრია გუგუშვილიც იყო. 22 ნოემბერს საზოგადოებამ ლონდონის ხელოვნების აკადემიაში პირველი ღონისძიება ჩაატარა – უილიამ ალენის ლექცია საქართველოზე. ახალგაზრდა მოგზაური და მწერალი უილიამ ალენი საქართველოთი 1918 წელს დაინტერესდა, მარი ბროსეს წიგნებითა და ანდრია გუგუშვილის დახმარებით შეისწავლა ქართული ენა, საქართველოს ისტორია და ლიტერატურა. 1925 წელს იმოგზაურა საბჭოთა საქართველოში, 1928 წელს კი – “ოსმალეთის საქართველოში”. ლექციამ უამრავი ადამიანი მიიზიდა, ეს მნიშვნელოვანი იყო საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ინგლისის მმართველი წრეების სრული გულგრილობის ფონზე.

ანდრია გუგუშვილი იყო ინგლისში დაარსებული “საქართველოს საისტორიო საზოგადოებისა” და 1935 წელს დაარსებული ჟურნალ “Georgica”-ს მდივანი, თუმცა ფაქტიურად ჟურნალის რედაქტორის ფუნქციებს ასრულებდა. ცნობილ ქართველ და უცხოელ ავტორებთან ერთად ჟურნალში საქართველოს ლიტერატურისა და კულტურისადმი მიძღვნილი ანდრია გუგუშვილის წერილებიც იბეჭდებოდა: “ქართული ანბანი”, “საქართველოს ეთნოგრაფიული და ისტორიული დანაწილება”, “საქართველოს მეფეთა ქრონოლოგიურ–გენეალოგიური შტო”.

1937 წელს, “ვეფხისტყაოსნის” 750 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანდრია გუგუშვილის დიდი მცდელობით ლონდონში გამოიცა “Georgica”-ს საგანგებო “რუსთაველის ტომი”.

თუ რა მძიმე პირობებში, როგორი შრომისა და ტანჯვის ფასად უჯდებოდა ანდრია გუგუშვილს უცხოეთში “Georgica”-ს გამოცემა, ცხადად მოწმობს ანდრია გუგუშვილისა და მაშინ პარიზში მცხოვრებ ექვთიმე თაყაიშვილის ჩვენამდე მოღწეული მიმოწერა, რომელიც დღეს ექვთიმე თაყაიშვილის პირად არქივში ინახება. თავად ნივითიერად და ფიზიკურად შეჭირვებული ანდრია გუგუშვილი ექვთიმე თაყაიშვილზე ზრუნავდა, უგზავნიდა ფულს თვალებზე სამკურნალოდ, ზამთრისთვის ნახშირის, ფეხსაცმელების, ან თბილი “ფუფაიკების” საყიდლად მისთვის ავანსის გადაგზავნას ჩქარობდა.

ერთი პირადი წერილიდან ირკვევა, რომ ექვთიმე თაყაიშვილს ევროპაში გატანილი ქართული საგანძურის შევსებაში ეხმარებოდა – აგროვებდა ქართულ სიძველეებს.

II მსოფლიო ომის დაწყების გამო “Georgica”–ს გამოცემა შეწყდა… ანდრია გუგუშვილი ომის დროსაც და ომის შემდეგაც განაგრძობდა ინტენსიურ სამეცნიერო საქმიანობას. მისი ნაშრომები იბეჭდებოდა ქართულ ემიგრანტულ და უცხოურ სამეცნიერო გამოცემებში, უმრავლესობა კი ხელნაწერთა სახით დაცულია ბრიტანეთის მუზეუმის, ლონდონის უნივერსიტეტისა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებათა საცავებში.

ანდრია გუგუშვილს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისიის შესრულება მოუხდა II მსოფლიო ომის დროს. ინგლისის მთავრობის დავალებით ის ჩაფრინდა საფრანგეთში, რათა გაერკვია ქართული და კავკასიური ემიგრაციის განწყობა – მზად იყვნენ თუ არა, რომ ეთანამშრომლათ ინგლისთან საერთო ფრონტის შესაქმნელად. თუმცა მალე გერმანიამ ომი საბჭოთა კავშირთან დაიწყო და ემიგრაციის დამოკიდებულებაც მკვეთრად შეიცვალა.

ანდრია გუგუშვილი 1970 წელს ლონდონდში გარდაიცვალა. უილიამ ალანმა თავისი დიდი სიყვარული ანდრია გუგუშვილის მიმართ იმით გამოხატა, რომ საკუთარ საგვარეულო აკლდამაში დაკრძალა. ანდრია გუგუშვილს შთამომავალი არ დარჩენია.

სხვა სიახლეები

სერგო ფარაჯანოვის 96 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტრადიციულ საკონკურსო გამოფენა

Editor

„გაკვეთილები საზღვრებს გარეშე“- პროექტი ემიგრანტი ბავშვებისთვის, რომელმაც სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საზღვრები გაარღვია

Editor

არტ-დეკო – სტილი, რომელიც ამტკიცებს, რომ სრულყოფილება დეტალებშია 

Editor

ლეგენდარული ქართველი მოცურავე შვეიცარიაში იასპარეზებს 

Editor

უნდა ველოდოთ თუ არა მეორე ტალღას და როდის იქნება მზად COVID 19-ის ვაქცინა – ბოლო მონაცემები და კვლევები ვიდეობლოგში ,,მედიატორი“

Editor

ქართული წვენი ჩინეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტზე გავიდა

Editor