“ერთ დღესაც მე დავბრუნდები და ჩავეხუტები მამას, შევხედავ ჩემს მეზობლებს, ვიქნები ჩემს სახლში…”

საბერძნეთში მცხოვრები სოფო იმერელის წერილი მონატრებულ მამაზე…

„მამა მენატრება

წვიმის ფერია ქალაქი! ყველაფერმა გსურს თუ არა, მიჩვევა იცის და მეც ჩემდა უნებურად, მივეჩვიე ამ ქალაქს. სხვის სახლს, სხვის მეზობლებს, რომლებიც, ჩემი არასოდეს გახდებიან. გაგიკვირდებათ და მზიან ამინდზე მეტად წვიმიანი ამინდი მიყვარს. მიყვარს ძლიერი ქარი, ხის ტოტები რომ ერთმანეთს ეხეთქებიან, უცებ ცაზე “გაელვებული” ფერადი ნათება და მთელი ძალით ქუხილი. დიახ! ქუხილის მეშინია, მაგრამ ესეც მიყვარს, სიცივე რომელიც ძვლებში ატანს. დიახ! ალბათ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე არის, რომ ასეთი ამინდი მიყვარს.

დღესაც წვიმს უჩვეულოდ, ისე რომ ამ ქალაქს არ სჩვევია, ქარი სადღაც დაკარგულა. დიახ აღვნიშნე მივეჩვიე თქო. ჩემი ფანჯრიდან მოჩანს სახლი, სულ რაღაც ორ ნაბიჯში, ჩემგან დაშორებით, იცით რას მივხვდი? ადამიანები მომნატრებია, მამა მომნატრებია ძალიან, ისე ძალიან, რომ იმ სახლში რომელიც ჩემი ფანჯრიდან მოჩანს, მამაკაცი ცხოვრობს, რომელიც დაახლოებით, მამაჩემის ასაკის იქნება, მასავით ჭაღარა თმები აქვს, მამაჩემივით სულ წვერს ატარებს და ტანადაც ძალიან წააგავს. თითქმის ყოველ დღე ვხედავ, არა, თითქმის არა, ყოველ დღე ვხედავ, აი ასე დავდგები ფანჯარასთან და ვუყურებ. ვუყურებ თუ როგორ აკეთებს ყოველ დღე მანქანას, როგორ დააძრობს საბურავებს, როგორ გაუკეთებს, როგორ ახდის მანქანას “ხუფს” და ამოიღებს ნაწილებს, დააწყობს ძირს და დაუწყებს შეკეთებას. მამაჩემივით შარვალი სულ სრული აქვს და სულ მოუჩანს ნახევარი წელი. ამაზე ძალიან მეცინება. ხო ერთ დღესაც სადღაც წავიდა. უკან როცა დაბრუნდა მამაჩემივით მანქანიდან არ გადმოვიდა, ისე გააღო ჭიშკარი, მანქანა ახლოს მიიყვანა, გვერდულად დააყენა, ხელი გამოსწია მანქანიდან და ჭიშკარი გააღო. შემდეგ ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა და მანქანა ეზოში შეიყვანა. ეს ამბავი მეგობარს გავანდე. მოვუყევი თუ როგორ ვამსგავსებდი მამაჩემს უცხო ადამიანს. რომლმაც ჩემი არსებობის შესახებ არც კი იცის და მას შემდეგ ისიც კითხულობს, როგორ არის ეს მამაკაცი, დავინახე თუ არა დღეს, ისევ აკეთებს თუ არა მანქანას და მეც ვუყვები, ვეუბნები, რომ აი ახლაც მას ვხედავ, როგორ შეძვრა მამაჩემივით მანაქანის ქვემოთ, ორივე ვიცინით.

დღეს წვიმს, დილით ისევ მოვკარი თვალი მამაჩემის პროტოტიპს, მაგრამ სულ რამდენიმე წუთით, ისევ წვიმს, მე რამდენჯერმე მივედი ფანჯარასთან რომ დავინახო, მე ხომ მამა მენატრება და იმ უცხო ადამიანის მზერაში ვიკლავ წყურვილს მამაჩემის მონატრებისას, დღეს წვიმაზე გავბრაზდი, მას დავაბრალე, რომ ვერ ვხედავ მას. ასეა. სწორედ უთქვამთ” შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდეო” დიახ! ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მისი გამოჩენა რადგან მამა მენატრება და მისი დანახვით მშვიდდები.

ერთ დღესაც მე დავბრუნდები და ჩავეხუტები მამას, შევხედავ ჩემს მეზობლებს, ვიქნები ჩემს სახლში და გავიხედავ ფანჯრიდან საიდანაც მამაჩემს დავინახავ, რომელიც მანქანას აკეთებს…

სოფო იმერელი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები