საქართველო და ქართველები სლაიდერი წერილები

”რაც უფრო დიდ ხანს ვცოცხლობ, მით უფრო ნაკლებად ვეგუები სიბერეს…”

ვერიკო ანჯაფარიძე ქართველი მსახიობი, საქართველოს  და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი იყო. იგი გახლდათ თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთი შემქმნელი და დამამკვიდრებელი. 

თავის ერთერთ წერილში, რომელშიც ვერიკო ახალგაზრდებს მიმართავს, წერდა:

”რაც უფრო დიდ ხანს ვცოცხლობ, მით უფრო ნაკლებად ვეგუები სიბერეს. სიჭაბუკე თუ სიბერე – ამას განსაზღვრავენ არა განვლილი წლები, არამედ სულის ასაკი… კაცზე რომ გაიგონებთ, ”ბედის ნებიერიაო”, – ნუ დაიჯერებთ. ბედი არავის არ ანებივრებს, მაგრამ იგი გაჯილდოებს დაუცხრომლობის, უდრეკობის, პატიოსნებისა და უანგარობისათვის. მით უფრო გულუხვად გაჯილდოებს, რაც უფრო ნაკლებად ფიქრობ დიდებაზე, რაც უფრო მეტად პოულობ ამ ჯილდოს თვით შრომაში.

ერთგულება… ერთგულების ნიჭი დაბადებიდან არ დაჰყვება ადამიანს, იგი უნდა გამოიმუშავო. ადამიანის, საქმის, სამშობლოს ერთგულება იმ დიდი გარჯის ჯაჭვია, საკუთარი იდეალებისა და მიზნების სრულყოფას რომ ხმარდება. ”თვითდამკვიდრება” და ”თვითგამოხატვა” _ ასეთი რამ გაუგებარია ჩემთვის ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც. საკუთარ თავს კი არა, იმას ვამკვიდრებ, რაც ადამიანებისათვის ჩემს როლს მოაქვს. მან უნდა მოიცვას მთელი ჩემი არსება, დამიპყროს მთლიანად. და, რაკი მე როლის, თეატრისა და, მაშასადამე, ჩემი საქმის ტყვე ვარ – სწორედ ეს არის ჩემი ნამდვილი თავისუფლება – შემოქმედებითი, მოქალაქეობრივი, უბრალოდ, ადამიანური.

დრო გადის. იცვლება თამაშის მანერა. თითქოსდა მოძველდა უწინდელი თეატრალური ”მძაფრი ვნებანი”, მაგრამ ნუ აურევთ ერთმანეთში ტექნიკასა და გრძნობებს! აზრი დიდი ღირებულებაა, მაგრამ მაყურებელს, უწინარეს ყოვლისა, იტაცებს გრძნობები, განცდები, ვნებანი. დიახ, ვნებანი და დრო აქ არაფერ შუაშია! იქ, სადაც ნიჭია, აუცილებლად აზრიც არის.

მე ცხოვრების დიდი, გრძელი გზა გამოვიარე. უამრავი რამ განმიცდია და გადამხდენია თავს. დღეს გლოცავთ და მოგმართავთ თქვენ, ახალგაზრდებს: განცდილს ნუ გამოედევნებით; ნუ ითხოვთ: ”შეჩერდი, წამო!” დაე, გადიოდეს დრო, დაე, მოჰქონდეს მას ახალი შრომა, ახალი ძიებანი, ახალი საქმენი, ცხოვრებას უფრო საინტერესოს, შინაარსიანს, უფრო ნათელს რომ ხდის!”.

წერილი გაზეთმა ”კომუნისტმა” 1987 წლის 7 მარტს გამოაქვეყნა. ვერიკო ანჯაფარიძის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ.

სხვა სიახლეები

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურა 1 ნოემბრიდან იცვლება

Editor

„მარგალიტი კავკასიონის ჩრდილიდან“ -ფრანგული გამოცემა საქართველოს შესახებ წერს

Editor

“მერე რა, თუ თქვენი ცა ჩვენგან შორს არის” – 45 წლის ასაკში ნასწავლი ქართული ენა და საუკუნეებით შენახული სამშობლოს სიყვარული  

Editor

მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიის ბეტონისადმი დამოკიდებულება – რეალობა და პერსპექტივები 

Editor

“ჩვენ, ყველა, საქართველოსათვის დღეს მოსიარულე ნაღმები ვართ” – ქართველი ემიგრანტის წერილი ესპანეთიდან

Editor

ფრინველებზე დაკვირვება – სათავგადასავლო და ეკო ტურიზმის პოტენციალი საქართველოში

Editor