საქართველომ 15 ტონა პირადი დაცვის საშუალებები მიიღო

ევროკავშირის დაფინანსებით და ჯანმოს ძალისხმევით, საქართველოსთვის 1.5 მილიონამდე ერთეული პირადი დამცავი საშუალება შეიძინეს. მათ შორის,  5 ათასი  სახის საფარი, 13,2 ათასი დამცავი სათვალე, 30 ათასი  საიზოლაციო ხალათი, 1 მლნ სამედიცინო ნიღაბი და 328 ათასი რესპირატორი.

„ეს ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რომელიც ქვეყანამ დონორების მხარდაჭერით მიიღო. ის განკუთვნილია იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ უშუალოდ, წინა ხაზზე იბრძვიან. ეს დახმარება ჯანდაცვის სისტემას საშუალებას მისცემს, უფრო კარგად მოემზადოს გამოწვევების საპასუხოდ“, – აცხადებენ ევროკავშირის მისიაში.

„ეს დახმარება ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად უწევს“, – აღნიშნა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის მიმართულების უფროსმა ვინსენ რეიმ.

ევროკავშირმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით  15 მილიარდ ევროზე მეტი გაიღო კორონავირუსის  პანდემიასთან საბრძოლველად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები