ქართველი დიზაინერი საფრანგეთში, რომლის მომხმარებლებს შორის ჟაკლინ კენედი და მარლენ დიტრიხი იყვნენ

1896 წელს ბაქოსთან ახლოს საცირკო ხელოვნების ოსტატის, რომან  გამსახურდიას ოჯახში ცნობილი მოცეკვავე და დიზაინერი თამარ გამსახურდია დაიბადა.

რომან გამსახურდია ახალგაზრდობისას ბევრს მოგზაურობდა. უნგრეთში ბოშათა ბანაკში გაიცნო ბოშების მიერ გატაცებული უნგრელი გოგონა. ცირკის დასმა გოგონა გამოისყიდა. სწორედ ეს პატარა გოგონა გახდა რომან გამსახურდიას შვილების კლარას, ვალენტინასა და თამარის დედა.

XX ს–ის დასაწყისში თამარი თბილისის საბალეტო სკოლაშის სწავლობს, შემდეგ მოსკოვში–დიდი თეატრის ცნობილი სოლისტის მიხეილ მორდკინის კერძო სკოლაში. სულ მალე კი ზიმინის კერძო ოპერის პრიმა–ბალერინა ხდება.

თამარ გამსახურდიას სასცენო წარმატებებზე მეტყველებენ რევოლუციამდელი რუსეთის საკონცერტო აფიშები, მოსკოვის დიდი თეატრის მუზეუმში დაცული 1917 წელს გამოცემული თამარის პორტრეტებით დამშვენებული ღია ბარათები, მსახიობ მიხეილ ჟაროვის მემუარები.

რუსეთის რევოლუციის შემდეგ თამარი ყირიმში გადადის. მამის დახმარებით იალტაში ხსნის საბალეტო სტუდიას. გამსახურდიას მოსწავლეთა შორის იყო კავკასიური წარმოშობის მოხალისეთა არმიის ოფიცერი ალექსანდრე მიროსხეჯი. ალექსანდრემ სასცენო ფსევდონიმად დემიდოვი აიღო. ასე შეიქმნა იმ დროისათვის ძალიან პოპულარული საბალეტო დუეტი – გამსახურდია–დემიდოვი. 1919 წელს  გასტროლებზე წავიდნენ კონსტანტინოპოლსა და მარსელში და დაქორწინდნენ კიდეც.

1920 წელს ცოლ-ქმარმა მსოფლიო ტურნე წამოიწყო, იცეკვეს ლონდონში–“კოლიზეუმი”, პარიზში–“კაზინო დე პარი”, ბუენოს-აირესის თეატრში-“კოლონ“. დუეტის ყველაზე დასამახსოვრებელი ნომერი გახლდათ კრისტოფ გლიუკის მუსიკაზე მიხეილ მორდკინის მიერ დადგმული “ვაკჰანალია“. სწორედ “ვაკჰანალიას” შესრულებისას დაიზიანა თამარმა ზურგი მეტოქის მიერ სცენაზე ჩარჭობილ ლურსმანზე.

35 წლის ასაკში თამარ გამსახურდია საბოლოოდ ტოვებს სცენას და სამოდელო ბიზნესში ერთვება.

ქალის თეთრეულის სამოდელო სახლი “ლორ ბელენ” XX საუკუნის 20-იან წლებში ბერლინში დაარსა რუსეთიდან ემიგრირებულმა, წარმოშობით ებრაელმა ლარისა ბეილინამ. “ლორ–ბელენი” 30-იან წლებში პარიზში გადავიდა და იარსება 60-იან წლებამდე.

გამსახურდიამ და ბეილინამ ერთმანეთი ბერლინში გაიცნეს დ დამეგრობდნენ. ლარისა გერმანული თეოსოფიით და გიორგი გურჯიევის მისტიკით იყო გატაცებული, თამარი კი სამოდელო ბიზნესს უძღვებოდა და თან ძალიან წარმატებულად.

თამარს მუშაობაში ეხმარებოდა საბალეტო კოსტიუმის აგებულების ცოდნა. თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით ყოფილი მოცეკვავე ბიუჰსალტერებსა და კორსეტებს უფრო დახვეწილსა და მოქნილს ხდიდა. რეზინის, კაუჩუკისა და ელასტიური ქსოვილების წყალობით ქალის ფიგურა სრულყოფილი ჩანდა. თამარს ეკუთვნის სპორტისა და ცხენოსნობისას გამოსაყენებელი სპეციალური ბიუჰსალტერების შექმნის იდეა.

სამოდელო სახლის პოპულარობაზე მეტყველებს თამარის გერის, სერგი დე კობის ქალიშვილის ირინე ხოლმან დე კობის საოჯახო არქივში დაცული “ლორ ბელენის” კლიენტების სია, რომელთა შორის არიან ჟაკლინ კენედი, ბეგუმ აღა–ხანი, ბარონესა როტშილდი, იუგოსლავიის დედოფალი ანნამა. კლიენტთა შორის განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მარლენ დიტრიხი, რომელიც არა მხოლოდ კლიენტი იყო თამარის, არამედ უახლოესი მეგობარიც. 1963 წელს მარლენ დიტრიხს საბჭოთა კავშირში ვიზიტისას სწორედ თამარის შექმნილი კორსეტი ემოსა.

XX საუკუნის 40-იან წლებში სამოდელო სახლს მთლიანად გამსახურდია განაგებდა. გააფართოვა წარმოება  და დაიწყო დეკოლტირებული საღამოს კაბების გამოშვება.

თამარ გამსახურდია ნიცაში  1979 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია სანტ–ჟენევიევ–დე–ბუას სასაფლაოზე.სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თამარ გამსახურდია რუსეთს ეწვია, სადაც დატოვა თავისი პირადი არქივი, რომლის ადგილსამყოფელიც დღეისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.