რუსული “ჯოკონდას” ქართველი პროტოტიპი და თვითმკვლელობით დასრულებული რომანი იმპერატორთან 

გასულ წლებში საქართველოს ძალიან ბევრ სახლში აღმოაჩენდით ლამაზ, მაგრამ უბრალო ჩარჩოში ჩასმულ მშვენიერი ქალის პორტრეტს. ეს ნახატი ბევრი თქვენგან მეხსიერებას ღრმა ბავშვობიდან შემორჩა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მასზე, სავარაუდოდ,  ბარბარე თურქესტანიშვილი უნდა იყოს გამოსახული.  “უცნობი ქალი” მხატვარ ივან კრამსკოის ერთერთ მნიშვნელოვან ქმნილებად ითვლება. მას ხშირად რუსულ ჯოკონდასაც უწოდებენ. მხატვრის ოსტატობასთან ერთად, ამ შედევრისადმი ინტერესს მასზე გამოსახული ქალბატონის ვინაობაც იწვევს.

1883 წელს შექმნილ ტილოზე გამოსახული ქალის ვინაობა დიდხანს რჩებოდა გამოცანად. მეცნიერებსა და ხელოვნებათმცოდნეებს შორის გაჩნდა არაერთი ვერსია ამ ქალბატონის ვინაობის შესახებ. ერთ-ერთის თანახმად, ტილოზე გამოსახული ქალი ქართველი თავადის – ბაადურ თურქესტანიშვილის შვილიშვილი ბარბარეა, რომელიც 1775 წელს თელავში დაბადებულა. თავადი ბაადური ვახტანგ მეექვსის მიერ პეტრე პირველთან გაგზავნილი პირველი დესპანი გახლდათ, რომელიც შემდგომ იმპერატორის კარზე დარჩენილა.

რუსეთში ქართველ ბარბარეს მოფერებით ვარია შეარქვეს. მალევე ვარია იმპერატორ ნიკოლოზ პირველს თავდავიწყებით შეუყვარდა და ამ სიყვარულის ნიშნად მას ძვირადღირებული კამეაც აჩუქა. კამეაზე თვითონ ვარია იყო გამოსახული და ეწერა: “ის, ვინც მე ავირჩიე და ის, ვინც მე ამირჩია”. მეფის სიყვარული ორმხრივი აღმოჩნდა თუმცა, ბარბარე თურქესტანიშვილის ისტორია ტრაგიკულად წარიმართა. მან იმპერატორს გოგონა გაუჩინა, შემდეგ კი საყვარლის სტატუსით შეურაცხყოფილმა თავი მოიკლა. მათი შვილი იმპერატორმა აღიარა და იგი საიმპერატორო გენიალოგიაშიც კი შეყვანილია.

ბარბარეს ფეხმძიმობა უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობდა. თავად ბარბარემ ისეთი ნებისყოფა გამოიჩინა, რომ ახერხებდა კიდეც უცხო თვალის მოტყუებას. იმპერატორმა ჯერ სიმართლე არ იცოდა, მაგრამ ქალის ავადმყოფობამ ცოტა არ იყოს ააფორიაქა. თვითმკვლელობამდე დაწერილ უკანასკნელ წერილში ბარბარე თავის ტკივილებს უჩიოდა და დასძენდა: „დიდ ბატონს სურს, რომ  განსაკუთრებით ვიზრუნო ჩემს ჯანმრთელობაზე! თითქოს ეს შესაძლებელი იყოს  ჩვენი კეთილი დიასახლისის ხელში“. 1819 წლის 20 მარტს შეეძინა გოგონა, რომელსაც მარია (მიმი) დაარქვეს. ბავშვის დაბადებიდან სულ მალე ბარბარემ საწამლავი დალია და რამდენიმეკვირიანი ტანჯვის შემდეგ 1819 წლის 20 მაისს გარდაიცვალა. იმპერატორის დედა თავის სეფექალს ბოლო წუთამდე არ მოშორებია და ლოგინში უგონოდ მწოლიარეს ლოცვებს უკითხავდა.

ბარბარეს ეყო ძალა, რომ საიდუმლო სამარეში წაეღო და იმპერატორის ღირსებისთვის ჩრდილი არ მიეყენებინა, ამიტომ საიმპერატორო კარმა სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ქოლერა დაასახელა. ბარბარე ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაკრძალეს.

ივან კრამსკოის ნახატი ამ ისტორიიდან გაცილებით გვიან შეიქმნა მაშინ ბარბალე თურქესტანიშვილი წლების გარდაცვლილი იყო. ერთერთი ვერსიით, მხატვარმა ,,უცნობი ქალის” პორტრეტი სწორედ კამეადან დახატა და, რა თქმა უნდა, წარმოსახვითი დეტალებიც მიამატა.

ამ ვერსიაზე მხოლოდ ქართველები არ საუბრობენ. რუსმა მწერალმა იგორ ობოლენსკიმ გამოსცა წიგნი, რომლის ყდაც სწორედ ,,უცნობი ქალის” პორტრეტითაა გაფორმებული. რუსი მწერალი მრავალ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრეტაკოვის გალერეაში დაცულ ნახატს არა ,,უცნობი ქალი” არამედ “ბარბალე თურქესტანიშვილის პორტრეტი” უნდა ერქვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.