The Altbau – სტილი, რომელსაც ირჩევს ბერლინი 

ბერლინი არ არის ქალაქი – ბერლინი რიტმია, რომელსაც ფეხი უნდა აუწყო. ალბათ, ცნობილი ფილმის ეს ციტატა ყველაზე უკეთ ასახავს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის ცხოვრების სტილსა და ხასიათს. იმ თავისებურებებს, რომლებიც ქალაქის ყველა ნიუანსში ვლინდება. მით უფრო მკვეთრად იგრძნობა ბერლინი ხელოვნებაში – “სთრით არიტდან” არქიტექტურამდე, რასაკვირველია, დიზაინის გავლით. თუმცა, ის, რაც ყველა ქალაქმა ბერლინისგან უნდა ისწავლოს, ძველისა და ახლის შერწყმაა – სინთეზი, რომელიც, რაც უნდა აბსურდულად ჟღერდეს, “თანამედროვე კლასიკას” ქმნის. სწორედ ეს ორი სიტყვა აღწერს ყველაზე კარგად ბერლინური ინტერიერის პოპულარულ და განსაკუთრებულ დიზაინს, სახელად The Altbau – თავად სიტყვა გერმანული წარმოშობისაა და ძველ აშენებულს ნიშნავს. შესაბამისად, რთული გამოსაცნობი არაა, რომ ეს სტილი ძველისა და ახლის  დახვეწილ სინთეზს უნდა წარმოადგენდეს.

ასეთი სახლების უმეტესობა ბერლინის ძველ უბნებშია შემორჩენილი, თუმცა ხშირად მას თანამედროვე აპარატამენტებშიც აღმოაჩენთ – The Altbau-ს ამოცნობა კი არ გაგიჭირდებათ – მისი ელეგანტურობა დეტალებშია

ბერლინში განსაკუთრებული მოთხოვნით გასული საუკუნის 40-იან წლებში აშენებული სახლები სარგებლობენ, რომლებმაც დროსთან ერთად ინტერიერის სტილის ცვალებადობასაც გაუძლეს და როგორც გერმანელები იტყვიან, ათწლეულების შემდეგაც “კვლავ მოედანზე რჩებიან”.

მაღალი და ხშირად მოხატული ჭერი, დანაყოფიანი და მოჩუქურთმებული ფანჯრები, ხის იატაკი და განიერი, ორფრთიანი კარები – ეს ამ სტილის ყველაზე თვალშისაცემი დეტალებია. დანარჩენი კი უბრალოდ უნდა იგრძნოთ, ისევე , როგორც თავად ქალაქი. 

ბერლინური სტილი მაქსიმალურად თავისუფალი და დეტალიზებულია – როგორც წესი, მინიმალისტური ფერები შედარებით უხვ დეკორაციას ერწყმიან. როგორც მსოფლიოში ყველაზე პრაქტიკული ერისთვის, გერმანელებისთვის მთავარია კომფორტი და ხელმისაწვდომობა. ყოველივე ეს თუ სისუფთავესა (რომელსაც, რასაკვირველია, ჰიგიენასთან არაფერი აქვს საერთო და მთლიანად ნეიტრალურ ჩონჩხს გულისხმობს)  და ჰარმოანიასთან თანხვედრაში მოდის, ჩათვალეთ, რომ თქვენი გერმანული “ალთბაუ სტილი” უკვე აღმოაჩინეთ.

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.  

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები