„ქართული დიასპორული ორგანიზაციები, რეალობა და გამოწვევები” – ონლაინკონფერენცია აგვისტოში გაიმართება 

2020 წლის 21 აგვისტოს, ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და დიასპორული ორგანიზაცია „ნიდერლანდებში ქართული კულტურის ცენტრის“ ინიციატივით, გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ონლაინ კონფერენცია „ქართული დიასპორული ორგანიზაციები, რეალობა და გამოწვევები“.

კონფერენციის მიზანია დიასპორული ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, დიასპორული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ ცნობადობის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ონლაინ კონფერენცია ზუმის აპლიკაციით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დელეგატები მომხსენებლების, მსმენელებისა და მოწვეული სტუმრების სტატუსით.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და ყველა სხვა დაინტერესებულ პირს დეტალური ინფორმაცია კონფერენციისა და მასში მონაწილეობის თაობაზე შეუძლიათ იხილონ ფონდ  „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოში“, რომელიც ამა წლის იანვარში დაფუძნდა, მიზნად ისახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების კონსოლიდაციასა და მათი ჩართულობის ხელშეწყობას ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ პროცესებში. მათ შორის, ფონდის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა დიასპორული ორგანიზაციების კოორდინირებული ჩართულობა საქართველოს პოპულარიზაციისა და მისი ტურისტული პოტენციალის ამაღლების ხელშემწყობ პროექტებში; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სოციალური პრობლემატიკისა და გამოწვევების შესწავლა, სამომავლოდ, დიასპორული ორგანიზაციების ქსელის მეშვეობით მათზე რეაგირების მიზნით; აგრეთვე, დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი აფხაზური და ოსური დიასპორული ჯგუფების ერთმანეთთან დაახლოების ხელშეწყობა. ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ შექმნის ინიციატორია ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე თანამემამულე თიკა სვანიძე-ვენკო, რომელიც, ასევე, გახლავთ ამსტერდამში პირველი ქართულ-ნიდერლანდური კომპანია „თიკა-ტურს-ჯორჯიასა“ და “ნიდერლანდებში ქართული კულტურის ცენტრის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.