25-მა ახალგაზრდა ელჩმა საკუთარი ინიციატივები და სამოქმედო გეგმა “ვებინარზე” წარადგინა 

2020 წლის 15-16 ივლისს ჩატარდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ – გამარჯვებულების „ვებინარი“, რომელიც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით გაიმართა.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, 2019 წელს ჩატარებული საგრანტო კონკურსის შედეგად შერჩეულმა 25-მა ახალგაზრდა ელჩმა წარმოადგინა საკუთარი ინიციატივა და ერთი წლის სამოქმედო გეგმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ მის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მჭიდრო კოორდინაციაში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების და სხვა აქტივობებში ახალგაზრდა ელჩების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მათ ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი. პრესასთან, მასმედიის საშუალებებთან და სოციალურ ქსელებში აქტიურობასთან დაკავშირებით ახალგაზრდა ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა მარინე ნარჩემაშვილმა.

ახალგაზრდა ელჩების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმების განხორციელების, მათი ბიუჯეტების დაგეგმვის, აგრეთვე, მიმდინარე აქტუალური საკითხების შესახებ კონსულტაცია გაუწიეს სამინისტროს ადმინისტრაციული და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა.

პროგრამა “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტროს ინიციატივით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  ENIGMMA 2-ის ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობების განვითარებას, დიასპორაში ახალგაზრდობის როლის გაძლიერებას, კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, საქართველოს უცხოელ მეგობართა ქსელის ჩამოყალიბებას, მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა კადრების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობას და ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები