საქართველოს ელჩმა მექსიკაში თანამემამულეებთან ონლაინშეხვედრა გამართა 

13 ივლისს, საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ელჩის ზურაბ ერისთავის ონლაინ შეხვედრა მექსიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ თანამემამულეებთან.

ქართული დიასპორის წევრებს ზურაბ ერისთავმა გააცნო პანდემიით გამოწვეული ზოგადი ვითარება საქართველოში და წარუდგინა საელჩოს კონკრეტული ინიციატივები, რომელთა განხორციელება ნაწილობრივ შეაფერხა მძიმე სანიტარულმა მდგომარეობამ მეხიკოსა და რიგ შტატებში.

საელჩოს მრჩეველმა, თამარ გამილაღდიშვილმა თანამემამულეებს გააცნო საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი ახალი რეგულაციები და უპასუხა კონკრეტულ შეკითხვებს, რომელთა დიდი ნაწილი ეხებოდა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტების გადადებას COVID-19-ის ზოგადი პროტოკოლით განსაზღვრული ვითარების გამო.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მექსიკაში პანდემიით გამოწვეული პრობლემების თაობაზე, სხვადასხვა მიმართულების პროექტებსა და ღონისძიებებზე და იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს პერიოდში მიეცემათ საშუალება, საელჩოსთან ერთად და ელჩის მხარდაჭერით, განახორციელონ მათი დიდი ნაწილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.