“საქართველო – “კუნძული” კოვიდ-რუკაზე”

ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭდური გამოცემა – ORF Nachrichten საქართველოს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებული ქვეყნის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კავკასიის ამ პატარა ქვეყანამ, რომელიც მაღალი ინფიცირების მქონე ქვეყნებისგან გარშემორტყმული ერთგვარი კუნძულია, ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიით სახელი გაითქვა.

საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისცპილინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) კოვიდ-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული ქმედებების გამო საქართველომ არაერთი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა თუ ანალიტიკური ცენტრი (BBC, ამერიკული და ბრიტანული ანალიტიკური ცენტრები) დააინტერესა, რომლებმაც ამომწურავად შეისწავლეს საქართველოს მაგალითი. მათივე დასკვნით, გარდა ქმედითი ნაბიჯებისა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ვირუსით პირველივე დაინფიცირების შემთხვევის აღმოჩენისთანავე გადადგა, დიდი როლი ითამაშა ე.წ. სამმა მუშკეტერმა – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ და ვირუსოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ, რომლებმაც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს.

სტატიის დასასრულს ნათქვამია, რომ საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებისთვის ტურიზმის გახსნას გეგმავდა, თუმცა ამ თარიღმა გადაიწია, რადგან ქვეყანა სიფრთხილეს იჩენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.