საქართველოს საკონსულომ ბარსელონაში დიასპორის წარმომადგენლებთან ვირტუალური შეხვედრა გამართა 

12 ივლისს ქალაქ ბარსელონაში საქართველოს საკონსულოსა და დიასპორული ორგანიზაციის „ინიციატივა ქართველების განათლება და ინტეგრაცია კატალონიაში“ წარმომადგენლებს შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრამ მოქალაქეების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია, მაღალი იყო ჩართვის მსურველთა რაოდენობაცა და აქტივობაც. დაისვა უამრავი შეკითხვა და გაჟღერდა ბევრი ახალი იდეა.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ანგარიში კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში თანამემამულეთა დახმარების კუთხით საქართველოს მთავრობის, ბარსელონაში საქართველოს საკონსულოსა და დიასპორული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სამუშაოების შესახებ.

საუბარი ასევე შეეხო საკონსულო მომსახურების, რეგულარული ფრენების აღდგენისა და საქართველოში დაბრუნების, ესპანეთის სამეფოს მიერ უცხოელ მოქალაქეთა ლეგალურ საფუძველზე ყოფნასთან დაკავშირებული სიახლეებისა და დიასპორული ორგანიზაციების ხელშეწყობის საკითხებს. ინტერესი გამოიწვია საკონსულოს მიერ დისტანციური მომსახურების შესაძლებლობამ, რაც განსაკუთრებით აქტუალურია შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

მოქალაქეებს ინფორმაცია მიეწოდათ ქართველი და უცხოელი მოქალაქეების საქართველოში გამგზავრების შესაძლებლობისა და ადგილზე გასავლელი ფორმალობების შესახებ. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ესპანეთში სასწავლებლად ჩამოსული ქართველი სტუდენტების ქვეყანაში შემოსვლისა და ყოფნის პირობებთან დაკავშირებული სიახლეებით.

აქვე განიხილეს პროექტები, რომელთა განხორციელება დაეხმარება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ყოფითი პრობლემების გადაჭრაში და ამავდროულად ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ არსებული დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებას.

შეხვედრების ამგვარმა ფორმატმა უკვე სისტემატიური ხასიათი მიიღო. საკონსულომ  3 ივლისს ასევე გამართა ვიდეო ჩართვა ქ. ალიკანტეში „ასოციაცია საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები“-ს წარმომადგენლებთან. კონსულმა ქეთევან გოგოლაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს პანდემიისას, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკონსულოს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეთათვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც.
კონსულმა მადლობა გადაუხადა „ასოციაცია საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები“-ს წევრებს  თანამემამულეთა მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და დახმარებისათვის.
თავის მხრივ, დიასპორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე, რომელთა მოგვარებაშიც კონსულმა დახმარება აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები