“წერილები გზიდან… ჩემი ეზო” – ფატი ბოკელავაძე
პორტალი „ქართული კვირა“ “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ჩანახატების კონკურსს ემიგრანტებისთვის – „წერილები გზიდან“ ატარებს, პირველი საკონკურსო თემა “ჩემი ეზოა”.
კონკურსისათვის ჩანახატების მიღება 6 ივლისს დასრულდა, რის შემდეგაც “ქართული კვირის” რედაქციაში საუკეთესო ექვსეული შეირჩა. კონკურსის მომდევნო ეტაპზე კი 3 გამარჯვებული გამოვლინდება, რომელთაგან ერთს თქვენ, “ქართული კვირის” მკითხველები შეარჩევთ, ხოლო ორს – კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ ბინის შეძენისას 10 000-ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცემათ.
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ფატი ბოკელავაძე გვიზიარებს საკუთარ “წერილს გზიდან” და თავისი სახლის ეზოზე გვიამბობს.
„მე ის მივატოვე…ჰო, მივატოვე. თებერვლის ერთ ცივ და სუსხიან დღეს ჩავალაგე ჩემოდანი, გამოვიხურე ჭიშკარი და უკანმოუხედავად წამოვედი. უცებ ვიგრძენი, თითქოს რაღაც ამომგლიჯეს გულიდან და თვალებზე განშორების ტკივილით გამოწვეული ცრემლები მომაწვა. უკან მიხედვის შემეშინდა და არც მიმიხედავს.
წამოვედი და დავტოვე სრულიად მარტო, აცრემლებული და დადარდიანებული. ვინ? ვინ არა, რა- ჩემი ეზო, ჩემი ლამაზი ეზო, წლობით ნანოლიავები და ნაფუთფუთები, რომლის ასაკი თითქმის საუკუნენახევარს ითვლის.
ყოველ ღამით, როცა ვწვები, ფიქრებში ჩემს ეზოში დავდივარ. მერე თვალებს ვხუჭავ და იქაურობას ცხადად ვხედავ. ასე იყო წუხელაც: დავწექი, თვალები დავხუჭე და უეცრად ჩემს ეზოში აღმოვჩნდი:
მშვიდი და წყნარი ღამე იყო. როგორც ყოველთვის, ეზოს ზემოდან სავსე მთვარე დაჰყურებდა. ცოტახანში, მთვარემ ნელი მოძრაობით, სახლის უკანა ეზოში გადაინაცვლა.
სიო ოდნავ არხევდა ეზოში მდგარ უზარმაზარ კაკლის ხის ფოთლებს, ღობის ძირში დარგული წითელი, პატარა ვარდები იქვე მდგარ კაკლის ხეზე ამძვრალიყვნენ და ტოტზე ლამაზად გაწოლილიყვნენ.
მთვარემ ჭაში ჩაიხედა. რამდენი წელია ამ ჭიდან წყალი არავის დაულევია…
ჭა დუმდა…დუმდნენ მიწაში ღრმად ჩაფლული, ბებერი ქვევრებიც…
დაფნის ხის ტოტზე რომელიღაც მგალობელი ფრინველი შემომჯდარიყო და დრო და დრო სასიამოვნოდ გალობდა. უამრავი ჩიტი ბუდობს ეზოში მდგარ ხეებზე. ყოველ საღამოს და გამთენიისხანს ფრინველთა საოცარი გალობა არღვევდა ეზოს მყუდროებას.
მთვარე ისევ უკან დაბრუნდა და ჭიშკართან, ღობის კუთხეში, ვარდისფერი ყვავილებით სავსე აზარიის ბუჩქს დააცქერდა, დაატყვევა მისმა სილამაზემ. ბოლოს ეზოს შუაგულში ლამაზად მოკალათდა და იქვე დარჩა. ნელი სიო კი ვარდების, პიონებისა და აკაციების სურნელს აქეთ-იქით აფრქვევდა.
უცებ ყველაზე უწყინარი და ერთი ციდა ციცინათელები გამოჩნდნენ. ისინი ჩემი ეზოს ზაფხულის ღამის ხშირი სტუმრები არიან. ამჯერად ძალიან ცოტანი იყვნენ , ეს იმიტომ, რომ იქ აღარავინ ცხოვრობდა. ციცინათელებს ხომ ადამიანებთან ერთად ყოფნა უყვართ და უხარიათ.
მე მათ ჩემი ეზოს ღამის დედოფლებს ვეძახი.
მოულოდნელად, ბალახები შეირხნენ, რაღაც გაფაჩუნდა, პატარა ზღარბუნია, წლებია უკვე ეზოს მკვიდრია. მოცუნცულდებოდა ღამით ჩუმად და ისევ ჩუმად წაცუნცულდებოდა.
მოხუცებისგან მსმენია: როცა ეზოში ზღარბია, იქაურობას გველი არ გაეკარებაო და ასეც იყო.
ზღარბუნიას გამოჩენა ყველაზე მეტად ბასტის უხარია. ბასტი გერმანული ნაგაზია, რომელიც უკვე 8 წელია ერთგულად დარაჯობს ეზო-გარემოს. ბასტის ძალიან უყვარს ზღარბუნიასთან თამაში, ზღარბიც ანალოგიურად პასუხობს. ძალიან სასაცილოები არიან, როცა თამაშობენ.
მთვარემ ალუბლებს დაანათა, დამწიფებულან. მალე ვაშლებსაც შეუწითლდებათ ლოყები და ატმებიც მოსაკრეფი იქნება.
თხილები როგორ გაზრდილან და გაფურჩქნულან, მაგრამ ხელი აკლიათ, ადამიანის ხელი.
მოწყენილი მომეჩვენა იქაურობა, სევდისფერი დაჰკრავს ყველაფერს. ბევრჯერ გავჩერებულვარ თითოეულ ყვავილთან, ხესთან და მოვფერებივარ მათ, ჩემი ტკივილი ბევრი მითქვამს მათთვის, ისინი ყველაზე საუკეთესო მსმენელები არიან. ვიცი უჩემოდ ძალიან უჭირთ ახლა, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები ჩემს ეზოში, ფეხშიშველი გავივლი მობიბინე ბალახზე, ისევ მოვეფერები ყვავილებსა და ხეებს, ისევ გავახარებ ახალ ნარგავებს და კვლავ ავაგიზგიზებ ცეცხლს ძველ ბუხარში.
ახლა იქ ერთადერთი სულიერი ძაღლია, ჩემი ბასტი, რომელიც ყოველდღე ჭიშკართან ზის და ელოდება თავის პატრონს – როფის შეაღებს ეზოს ჭიშკარს. ჰო, კიდევ მერცხლები, რომლებიც არასოდეს ტოვებენ თავიანთ ბუდეს. ბარტყები კი სადაცაა ფრენას დაიწყებენ.
ფატი ბოკელავაძე“