ახალი ამბები სლაიდერი წერილები წერილები გზიდან

“წერილები გზიდან… ჩემი ეზო” – მაია დედაბრიშვილი

პორტალი „ქართული კვირა“  “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ჩანახატების კონკურსს ემიგრანტებისთვის – „წერილები გზიდან“ ატარებს, პირველი საკონკურსო თემა “ჩემი ეზოა”. 

კონკურსისათვის ჩანახატების მიღება 6 ივლისს დასრულდა, რის შემდეგაც “ქართული კვირის” რედაქციაში საუკეთესო ექვსეული შეირჩა. კონკურსის მომდევნო ეტაპზე კი  3 გამარჯვებული გამოვლინდება, რომელთაგან ერთს თქვენ, “ქართული კვირის” მკითხველები შეარჩევთ, ხოლო ორს – კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ ბინის შეძენისას 10 000-ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცემათ.

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მაია დედაბრიშვილი გვიზიარებს საკუთარ “წერილს გზიდან” და თავისი  სახლის ეზოზე გვიამბობს.

“კალამი არ დამიშრება. არასოდეს დავიღლები შენზე ფიქრით და წერით. უკვე მერამდენე წერილს გიგზავნი  სიყვარულის და მოფერების, მონატრების და შენთან შეხვედრის უდიდესი იმედით სავსეს ტუჩბაგეზე ტკბილი მოგონებების ღიმილი დამთამაშებს.

რა? -ცრემლი?! ცრემლი რა მოსატანია. მე ხომ უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი ქართველი ვარ იცი, ჩემო თვალისჩინო ახლა სად ვარ? ცივგომბორის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 550 მმ-ზე. გურჯაანიდან 17 კილომეტრში.

ხო, აი, იქ, სადაც სამება და ყველაწმინდა გადმოგყურებს და მთის სუფთა ნიავს მადლს ატანს შენთან.

ხო, აი, იქ წილიანას რომ მივუახლოვდები და აღმართულ ჯვართან ქედს რომ მოიხრი და პირჯვარს გამოისახავ.

ხო, აი, იქ დატოტვილ ალაზანს რომ ჩავუყვები და საბაზიეროს და თელნარს შემოირბენ და მალამოდ დაედები შენს მიწას.

აი, ავირბინე აღმართი წმინდა გიორგის და ღვთისმშობლისკენ და ტყის ბილიკებით ნათლისმცემლისკენ წავედი. მესმის ზარების ხმა ნინო წმინდიდან.

კარგი, ნუ მამშვიდებ, რა ტირილი, ეს ჩემი თვალმარგალიტია. ასე ბზინავს შენზე ფიქრისგან ჩემო იმედსამყოფელო.

                                               „მე რას დამაკლებს დრო და მანძილი,

                                               როცა ჩემს გულში ბუდე გჩენია.

                                               გადაგეჩვიო? არვინ იფიქროს

                                              დავიწყება ხომ არა მჩვევია“                                                                                                   (მ.დედაბრიშვილი)

მარადმწვანედ ბიბინებს გონებაში, ღვთივკურთხეული ჩემი სამშობლო, ფუძე, ეზოკარი. ეს ჩემი სული დაფრინავს შენთან, გულისფიქრით თავს გევლება ჩემში და ჩემთან ხარ. განა ოდესმე მომიკეტია ჩემი ეზოს კარი?! აქ მხოლოდ პულსს ვითვლი, მანდ ჩამოსვლის იმედით სავსე.  მაინც რა უნდა გითხრა ახალი და ხატოვანი, რაც ქართველს არ უთქვია სიტყვაკაზმული ენით და გამჭრიახი გონებით.

ჩემი ეზო, ჩემი ფუძე, ადგილია გულის გულში. სადაც თავაწყვეტილი ოპტიმისტი, თავქუდმოგლეჯილი დარბოდა, შრომობდა, მზის ამოსვლიდან მთვარის ნათებამდე. ოცნებათა ფრთაშესხმის და იდეების განსახორციელებლად. მუხლჩაუხრელად აშენებდა, რგავდა, მიწის სამკაულად, გულის და სულის საამებლად.

ჯერაც ბინდბუნდში, დილის რიჟრაჟზე მთვარის და ცისკრის ვარსკვლავის ნათლის ციაგში, თვალს  ეჭიდება კავკასიონის ბუმბერაზ მთათა ჩაგრეხილი ქედები და მწვერვალები. ჩემს სიმდიდრედ, საიმედოდ.  ამომავალი მზის სხივები ცის კარზე სანთლად ინთება და მისი ნათელი ჩემს ეზოს ცისკრის  ლოცვასავით  ეფინება.

ჩემი ეზო, წელიწადის ყველა დროს მაგიური ძალით და ხიბლითაა სავსე. ჩემი დიდი ეზო, ჩემი სოფელია, აქ  ბადახშად ჩემი ეზოა ჩასხმული. კარის შეხსნისთანავე მიწიერ სამოთხეში აღმოჩნდები. თუმცა, კი განა მთელი საქართველო ასე არაა?!

ბზები, პალმები, ალიანდრები, იასამნები, ჟასმენები, აზალია, იები, ვარდები, შროშანები და უამრავი ყვავილი ეჯიბრება ერთმანეთს სილამაზეში.

ეზოს კუთხეში ალისფრად ატყორცნილა ბროწეულის ხე. ახლა ნაყოფით დამძიმებული და ყვავილობისას სიყვარულის ალისფერი ცეცხლით ანთებული.

რტოგადაშლილნი, ყვავილობიდან უხვმოსვლამდე გულს მიხარებენ, ვაშლი, ალუბალი, ალურჩა, მსხალი და უამრავი ხე.

 თხილის ძირებთან, ბინა მოუკოკროჭინებიათ ზღარბებს. საღამოობით დაიარებიან. „ფორია“ ყეფით იკლებს ეზოს.

ფესვებძლიერი, ტყუპ-ტყუპად ლენჯო დამსკრადი კაკალი გამოცდას უპირებს, ხარიხა მომარჯვებულ, კუნთმაგარს ჭაბუკს ნაყოფის დასაყრელად და ღეროს გასაახლებლად სამომავლოდ.

შავ თვალებს მიბრდღვიალებს ალადასტურის კუმსი მტევნები.  ჭიგოზე მიტმასნული მას, „ქალწულის მკერდს“ ვადარებ. მოვეფერე, თვალში სველმა სხივმა გაირბინა. სისხლი ამიდუღდა. „ რა დროს ვტოვებ!“ გავიფიქრე.

თვალი გამექცა საუკუნოვანი სახლის მუხის ძელებზე დაკიდული ქისის და რქაწითლის ჯაგნებისკენ. კახური მზით ლოყადაბრაწულები, მზის თვალჩამდგარები რომ ჩახუტებოდნენ ერთმანეთს.

ღვთივკურთხეულია ეს ფუძე, ჭერი, მამაპაპური ქვევრმარნით და ზედაშეებით. ცოცხალი ისტორია შემორჩენილ შემონახული საუკუნის სახლში.

სანთლის სურნელმა მოიცვა მყუდრო გარემო, ლოცვა ვედრება დედის ვალია და ჩემი ჩურჩული ჩაესმის იქაურობას.

მაჭრის სურნელი მაბრუებს. ჩავურიე სამკაბი, გტყდა ჭაჭა, იფეთქა შავმა ღვინომ, როგორც დევის სისხმლმა. მოვიშველიე  თიხის ხელადა, ამოვიღე მოდუღდურე მაჭარი. ფიალა შავად შეიღება,  „დიდება უფალს, წყალობა ჩვენ.“ ხარბად მოვსვი და ღვთიურ სითხეს ტკივილიც გადავაყოლე. ვადღეგრძელეთ ფუძის ანგელოზი, გავიხსენეთ წინაპართა სულები შვილებთან ერთად. ბედნიერი წუთები საგზლად წამოვირე.

ეზოს რამდენჯერმე შემოვუარე. ჯვარი გადავსახე კუთხე კედლებს. „ეზოს ვუკოცნე, კუთხე, კედელი, აქაა ჩემი სულის ედემი.“ (მ. დედაბრიშვილი)

ქრიზანთემები ერთმანეთს სილამაზეში ეჯიბრებიან, შემოდგომის სურნელს ამყარებენ. მკათათვის მზით ფოთოლდამწვარი ჟონჟლები საფუტკრეს თავს დასდგომია. „წმინდა ნინოს შეწირეთ ფუტკარი“ ანდერძივით დავტოვე. ვეფერე და ვემშვიდობე ჩემს ეზოს, სახლს ბოლო ამოსუნთქვიდან  მომავალი შეხვედრის ბედნიერ ცრემლამდე. ოღონდ კი შევძლო ჩემი ჯვარის ღირსეულად ტარება.

„კვლავაც შრიალებს ეზოს ნერგები, მიკვირს აქ, ამდენს როგორ ვჩერდები.“(მ.დედაბრიშვილი)

…და მაინც მოვალ და  ჩემს ეზოში კიდევ ავაშენებ, დავრგავ, ვახარებ.

… და კიდევ გამრავლებიან შვილები, შვილიშვილები, საქართველოს შემოევლებიან, გაუფრთხილდებიან, წმინდა კერას, მიწას.

მე? მე ჩემი ცხოვრების ფიქრებს, ოცნებებს, ამბებს ისევე მოვუყვები ზღაპრად, როგორც ჩემი პაპა-ბებიები მიყვებოდნენ.

მე დავბრუნდებიი… და გავაკეთებ…?!

მაია დედაბრიშვილი/ იტალია/ 30.06.2020წ.”

სხვა სიახლეები

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიმართვა ემიგრანტებს

Editor

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

Editor

„ელექსირმა” ამერიკული ლიცენზია მოიპოვა

Editor

ესპანელებისთვის აივნიდან ამღერებული ქართველი სოპრანო

Editor

”Mundus Vini”- ზე „მეღვინეობა ხარებას“ საფერავი პრემიუმი ოქროს მედლით დაჯილდოვდა

Editor

ანიმაციური სახელმძღვანელო

Editor