ქართული დიასპორული ორგანიზაციების პირველი საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართება

ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და დიასპორული ორგანიზაცია „ქართული კულტურის ცენტრი ნიდერლანდებში“ 2020 წლის 21 აგვისტოს, ქართული დიასპორული ორგანიზაციების პირველ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას უმასპინძლებს  სახელწოდებით „ ქართული დიასპორული ორგანიზაციები, რეალობა და გამოწვევები“.

კონფერენციის მიზანია დიასპორული ორგანიზაციების ერთმანეთთან თანამშრომლობის ხელშეწყობა, დიასპორული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ორგანიზაციების შესახებ ცნობადობის ამაღლება. 

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ონლაინ კონფერენცია ზუმის აპლიკაციით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დელეგატები მომხსენებლების, მსმენელების და მოწვეული სტუმრების სტატუსით.

დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან  წარმომადგენლები საქართველოს საკანონმდებლო და სამთავრობო  ინსტიტუციებიდან, რომლებიც დიასპორულ თემებზე მუშაობენ. კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან ასევე აფხაზეთის ა/რ -ის მთავრობის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.

დიასპორულ ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა წარადგინონ მოხსენებები ადგილსამყოფელ ქვეყანაში  ქართული დიასპორის მდგომარეობაზე, ახალ ინიციატივებზე და არსებულ გამოწვევებზე. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა, დიასპორულ ორგანიზაციებს გააცნონ დიასპორასთან მიმართებაში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები.

პროექტის დასრულების შემდგომ, გამოიცემა ელექტრონული ბროშურა, რომელშიც განთავსდება ინფორმაცია ყველა მონაწილე დიასპორული ორგანიზაციის შესახებ და ასევე  კონფერენციაზე წარმოთქმული მოხსენებების სრული ვერსიები.

აღსანიშნავია, რომ ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ არაერთი დიასპორული პროექტის განმახორციელებელი და მხარდამჭერია.  „ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრთან“ ერთად, ფონდმა საფუძველი ჩაუყარა და წარმატებით განახორციელა  მრავალი პროექტი, რომლის მიზანი ქართული დიასპორის მხარდაჭერა და დახმარება იყო.

კონფერენციის შესახებ დეტალური ტექნიკური ინფორმაცია დაიდება 14 ივლისს, ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ, ფონდის ოფიციალურ გვერდს სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.