“წერილები გზიდან… ჩემი ეზო” – თინათინ გეგელაძე

პორტალი „ქართული კვირა“  “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ჩანახატების კონკურსს ემიგრანტებისთვის – „წერილები გზიდან“ ატარებს, პირველი საკონკურსო თემა “ჩემი ეზოა”.  

კონკურსისათვის ჩანახატების მიღება 6 ივლისს დასრულდა, რის შემდეგაც “ქართული კვირის” რედაქციაში საუკეთესო ექვსეული შეირჩა. კონკურსის მომდევნო ეტაპზე კი  3 გამარჯვებული გამოვლინდება, რომელთაგან ერთს თქვენ, “ქართული კვირის” მკითხველები შეარჩევთ, ხოლო ორს – კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ ბინის შეძენისას 10 000-ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცემათ. 

საბერძნეთში, ათენში  მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თინათინ გეგელაძე გვიზიარებს “წერილს გზიდან” და საკუთარი  სახლის ეზოზე გვიამბობს.

„დაბალ, შავ კარს მივუახლოვდი, რომელსაც წლებთან ერთად ალაგ-ალაგ ჟანგის ფერი დასტყობია. მესმოდა საკუთარი გულისცემა, რომელიც რიტმულად მისდევდა ჩემს ნაბიჯებს. თითქოს სადაცაა გული საგულედან ამოხტებოდა სიხარულისგან, ნანატრი დღე დადგა. ნაზად შევეხე დროისგან გახუნებულ სახელურს და კარიც მორჩილად გაიღო. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს დროსთან ერთად ყველაფერიც შეცვლილიყო და ამავდროულად ისევ ისეთი იყო, როგორიც წლების წინ დავტოვე. ნაცნობი სუნი იდგა კვალავაც, სუნი, რომელსაც ბავშვობა ეწოდება. ახლად ამოსული ბალახის, ახალგამომცხვარი პურის და სიყვარულის.

ვუყურებდი პატარა ბინას, რომელიც ერთ დროს ძალიან დიდი მეჩვენებოდა. თვალწინ ჩამიარა თითოეულმა წამმა, წუთმა და საათმა, რომელიც ამ ეზოში გამიტარებია. ისევ ისე აფრქვევდა სიცოცხლეს და სიხარულს ბროწეული, ვარდებიც ჩვეული თავმოწონებით მიღიმოდნენ, იქვე იდგა გულზვიადი ნაძვი, რომელიც თითქოს მსაყვედურობდა ამდენი წლის უნახაობის გამო.  ერთ დროს ისეთი ნაცნობი და ახლობელი იყო ამ ეზოში არსებული თითოეული ბალახი, კენჭი, ხე, ყვავილი, თუმცა დღეს გულის სიღრმეში სიშორეს და გაუცხოებას ვგრძნობდი.

აქეთ-იქით ვიყურებოდი მოლოდინის თვალებით, მინდოდა მეყვირა, რომ დავბრუნდი, მინდოდა ჩავხუტებოდი და დამეკოცნა ჩემი მიწა-წყალი, თუმცა ემოციისგან ვერ ვინძრეოდი და გაშტერებული ვუყურებდი ყველაფერს. მხოლოდ ემიგრანტობისას იგებ, რომ შეიძლება სულის ტკივილამდე მოგენატროს შენი ქვეყნის მიწა, წყალი, ჰაერი, ცა, ოჯახზე ხომ საუბარი აღარ მაქვს. მხოლოდ შენი ქვეყნისგან შორს მყოფმა იცი, რომ შენს სოფელში მზე სხვანაირად ათბობს, ჰაერი სხვანაირად მაცოცხლებელი და სუფთაა, და რომ ვარსკვლავები სხვანაირად კაშკაშებენ ცაზე. კვლავ გაშეშებული ველოდი, რომ ვინმე გამოვიდოდა და დამხვდებოდა, გულში ჩამიხუტებდა, მეტყოდა რომ ძალიან ვჭირდებოდი და გაუხარდებოდა ჩემი დანახვა.

არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ასე და ველოდი ვიღაცის გამოჩენას. ვუყურებდი ჩემს ეზოს და ტკივილს სიხარული ცვლიდა, ეს არ იყო უბრალოდ ეზო, ეს იყო ჩემი ბავშვობა, ეს იყო მონატრება, სითბო, სიყვარული, ტკივილიც იყო და შიშიც იმის, რომ აღარ მიმიღებდა, აღარ დამიბრუნებდა წლების სიშორის გამო. გამახსენდა რამდენჯერ დავცემულვარ პატარა, რამდენჯერ დაუკოცნია გაჭრილი მუხლები დედაჩემს. რამდენჯერ ვმჯდარვარ მიწაზე  შუაღამისას და დამითვლია კაშკაშა ვარსკვლავები. რამდენჯერ დაჭერობანა გვითამაშია ამ ეზოში მე და ჩემს და-ძმას. ჩემი ოჯახის რამდენი სიხარულის და ტკივილის მომსწრე იყო ეს ეზო, რამდენი აღმაფრენა, დაცემა, სიხარული და ცრემლი უნახავს ჩვენთან ერთად.

წარსულის ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ჩემი სახლის შესასვლელი კარი გაიღო და დედაჩემი გამოვიდა, ისეთი შეცვლილი იყო. დროს თავის კვალი დაემჩნია, მთლად გაჭაღარავებულიყო, სახეზე თითოეული ტკივილი ნაოჭად აღბეჭდვოდა, წელშიც მოხრილიყო. ძველი დედაჩემისგან მხოლოდ, კეთილი და ყველას მიმართ მზრუნველი თვალებიღა დარჩენილიყო. მოულოდნელად კიკინებიანი გოგონა გამოვიდა ოთახიდან. აღარ იყო ისეთი პატარა, როგორიც მე დავტოვე წლების წინ. გული შემეკუმშა მისი დანახვისას. მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა, რომ ტკივილამდე მენატრებოდა ყოველ წამს. მინდოდა მეთქვა, რომ სარკეში ყოველი ჩახედვისას ჩემს თვალებში მის სახეს ვუყურებდი. მინდოდა სცოდნოდა, რომ ჩემი ყოველი დილა მასზე ფიქრით იწყებოდა და ყოველი ღამეც ასევე მთავრდებოდა. სულის ტკივილამდე მსურდა ჩავხუტებოდი მათ, თუმცა არც საუბარი შემეძლო და არც მოძრაობა. უცბად ჩემი ანგელოზის ტიკტიკი შემომესმა:

-ნახე, ბებია პეპელა! -სიხარულით დაიწყო ხტუნვა და გამოეკიდა მას.

-ფრთხილად შვილო დაეცემი. -დედაჩემის შეშფოთებული ხმა გავიგე.

მის სიტყვებთან ერთად დავინახე როგორ წაიქცა ჩემი პატარა ქვებზე. მუხლებიდან სისხლი სდიოდა. მინდოდა გავქცეოდი და მივხმარებოდი, დამეკოცნა მისთვის ჭრილობები, თუმცა კვლავ რაღაც მაკავებდა. ვხედავდი, როგორ ააყენა დედაჩემმა, როგორ მობანა სისხლიანი მუხლები, როგორ დაუკოცნა აცრემლებული თვალები და როგორ ჩაიკრა გულში. ვიგრძენი ლოყები ცხელმა ცრემლებმა როგორ დამისველა. ტკივილის ცრემლები იყო. ვხედავდი, რომ უცხო მიწაზე დახარჯულ წლებს ვეღარ ავინაზღაურებდი. ემიგრანტობა მართმევდა ყველა სტატუსს, დედობასაც, შვილობასაც, მეუღლეობასაც, დობასაც, მეგობრობასაც. ცუდიც და კარგიც ჩემს გარეშე ხდებოდა, ვიგრძენი, რომ დავიკარგე. შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ საკუთარ ეზოში დავიკარგე. არც უცხო მიწაზე ვიყავი ამათიანი და აღარც ჩემი სამშობლო მიღებდა თავის შვილად.

მოწყვეტით დავეშვი ჩემს ეზოში მდგარი ბროწეულის ქვეშ. წითლად გიზგიზებდა მისი ყვავილები, გეგონებოდათ ცეცხლი უკიდიაო და უცებ სიმშვიდე ვიგრძენი, რადგან სანამ ცოცხალი ვარ ჩემი გული ამ ბროწეულის თითოეულ ყვავილში ფეთქავს, ჩემი ეზოს თითოეულ გოჯ მიწაში, კენჭში, ბალახსა და ყვავილშია. ჩემი სიყვარული ჩემს შვილში, დედაჩემსა და ჩემს ოჯახშია. იმედმოცემული წამოვხტი ფეხზე, მინდოდა გავქცეულიყავი გულში ჩამეკრა ჩემი საყვარელი ადამიანები…

გამომეღვიძა…

აღარ ვიყავი ჩემს ეზოში, აღარც მზე, აღარც ბროწეული და აღარც ჩემი შვილი ჩანდა სადმე. ისევ ის ცივი კედლები და უსახო ცა იყო, როგორც დაძინებამდე.

ძალიან მტკიოდა და მენატრებოდა… ნეტავ როდის მეღირსებოდა ჩემი ეზოდან, ჩემს შვილთან ერთად კაშკაშა ვარსკვლავების ყურება…

თინათინ გეგელაძე

ათენი, საბერძნეთი.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.