სლაიდერი წერილები წერილები გზიდან

“წერილები გზიდან… ჩემი ეზო” – თეონა ჭანტურია 

პორტალი „ქართული კვირა“  “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ჩანახატების კონკურსს ემიგრანტებისთვის – „წერილები გზიდან“ ატარებს, პირველი საკონკურსო თემა “ჩემი ეზოა”.  

კონკურსისათვის ჩანახატების მიღება 6 ივლისს დასრულდა, რის შემდეგაც “ქართული კვირის” რედაქციაში საუკეთესო ექვსეული შეირჩა. კონკურსის მომდევნო ეტაპზე კი  3 გამარჯვებული გამოვლინდება, რომელთაგან ერთს თქვენ, “ქართული კვირის” მკითხველები შეარჩევთ, ხოლო ორს – კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ ბინის შეძენისას 10 000-ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცემათ. 

ექვსეულის პირველი წარმომადგენელი, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თეონა ჭანტურიაა, რომელიც გვიზიარებს საკუთარ “წერილს გზიდან” და ქართული და იტალიური ეზოების შესახებ გვიყვება. 

“დილა ხალისიანი უნდა იყოსო, რომ მთელი დღე ხალისით გაატაროო

რაღა მეხალისება, თუმცა, რა ვქნა ,სხვა რა გზა მაქვს ?!

ღვთის წყალობით, ისეთი ტკბილი ბაბუა შემხვდა, ცრემლი მხოლოდ მონატრების თუ მომეძალება ხოლმე, თორეm გაუსაძლისი პირობები არ მაქვს. დილის კოლაციონს მივაღებინებ, ჩვენებურად – ვასაუზმებ, წამლებს და ყოველგვარ სამედიცინო პროცედურას მოვრჩები და აუცილებლად აივანზე გავიყვან ხოლმე, რომ დილის ჰაერი ჩაისუნთქოს. ბაბუა ჰაერს ჩაისუნთქავს, მე კი იტალიური დილის ქაოსის ყურება დარდს და ტკივილს ჩამასუნთქებს. ჩვენს წინ მაღალი კორპუსია, ყველა მაცხოვრებელი გავიცანი თვალვთვალით…

როგორ გარბიან ლამაზად ჩაცმულები, შარვალიშემოტმასნული ქალები თუ მამაკაცები სამსახურებისაკენ, ეზოს ჭიშკარი ღილაკზე ხელის დაჭერით იხსნება, მანქანებიდან არც ჩამოდიან, თავისით გაიღება ეს რკინის კარებიც და გაქანდებიან ხოლმე… უცებ ვინმე მეზობელი არ დაიმგზავრონ და არ ჩაისვან, მეც მაქეთკენ მოვდივარო…

სალამი თუ უთხრეს ერთმანეთს ესაა სულ, სალამი და კეთილი ღიმილი არ ეშლებათ, სულ იღიმიან. ან რად არ გაიღიმებენ, საათივით აწყობილი აქვთ ცხოვრება, გათვლილი ყოველი წუთი და წამი.

ღმერთო, რა ჩუმად ვარ…

ახლა ჩემს ეზოში მამყოფა და თუ გინდა მომკლა-მეთქი, გავიფიქრებ ხოლმე…

წარმოვიდგენ ჩემს დილას, ჩემს ორსართულიან კერძო სახლს დიდი გაბალახებული ეზოთი, წინ ვენახებითა და ახალი ნარგავებით სავსეს.

დილას რომ ძაღლით ვიწყებდი, მოვეფერებოდი ,ჩავიხუტებდი… მინდოდა, მესაუბრა მასთან, რადგან ისე ჭკვიანი თვალებით მიმზერდა, ვიცოდი,  რომ მასავით არავის ესმოდა ჩემი და არავინ გრძნობდა ჩემს დარდს.

მერე დილის რუტინულ საქმეს მოვილევდი​ – ქათმებისთვის უნდა დამეყარა სიმინდი, დიდები პატარებს ჩაგრავდნენ, ჯერ დიდებს ვუყრიდი, მერე პატარებს და ვდარაჯობდი, ღორმუცელა მამალს თავისი არ გაეტანა და არ წაერთმია სიმინდი.

გვერდიდან ცვალებციმციმა მეზობელი მეტყოდა ძაღლზე, რა ჭკვიანიაო შენი ლუსი და ისე მიხაროდა, თითქოს შვილზე მითხრეს ხოტბა. ყველაფერს რომ მოვრჩებოდი , შვილებს დავაღვიძებდი, გოგო ზარმაცი იყო, არ იღვიძებდა ერთ დაძახებაზე ,მერე მე ხმას ავუწევდი და მეზობლის ბიჭი გაბრაზებით გადმომძახებდა თეონა გვაცადე ძილიოო, ამ გაბრაზებულზე მოვწეწავდი ელენეს მერე ვაკოცებდი და ისე გავაღვიძებდი…

ღმერთო, ოდესმე თუ მეღირსება მსგავსი ბედნიერი დილა, რომელიც მაშინ ერთ ჩვეულებრივ დღის დასაწყისად მიმაჩნდა, საუზმობა არცერთს არ უყვარდა ,ძალათ გადაყლაპავდნენ თითო ნაჭერი ყიყლიყოს. განა კი მქონდა იმის საშუალება ათასგვარი ტკბილეული მიმერთმია შვილებისათვის, მთავარი იყო მათთან ვყოფილიყავი და რამე სასიამოვნო მომემზადებინა… სიყვარული იყო ჩვენი სიმდიდრე და ერთად ყოფნა, ბიჭი სამსახურის ფორმაში გამოეწყობოდა და ჩვენზე ადრე გადავიდოდა ხოლმე ჭიშკარში, ჩვენ – მე და ელო უკან გავყვებოდით ,მაგრამ ვერ ვეწეოდით და ვიცინოდით ხოლმე, ეზოს ჭიშკარს გამოვიკეტავდით და ვტოვებდით ჩვენს საყვარელ ლუსისა და ათიოდე ქათამს.

ვადარებ აქაურ ცხოვრებას ჩემს გაჭირვებულად გატარებულ წლებს, აქაურ მდიდრულ უსიყვარულო სამეზობლოსა და ეზოებს და ჩემს ბალახიან მწვანე ეზოს უსაყვარლესი მეზობლების გარემოცვაში…

და ვაღიარებ, რომ ყველაზე ბედნიერი ჩემს ეზოში, ჩემს სახლში, ჩემს შვილებში, ჩემს ლუსისთან, ღორმუცელა მამალთან,ჯუჯღუნა მეზობელთან ერთად ვარ… აქ კი მხოლოდ ვსუნთქავ, აქ კი მხოლოდ ვარსებობ…

ჩემი შვილების ბედნიერებისათვის… “

თეონა ჭანტურია

სხვა სიახლეები

საბერძნეთში ბესიკ ხარანაულის პოემის „ხეიბარი თოჯინა“ ბერძნული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

Editor

ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია საქართველოს მთავრობას მიმართავს 

Editor

ზემო ქვალონიდან პეკინამდე – ქართველი სტუდენტი ჩინეთში

Editor

ისტორიაში პირველი ქალი მსაჯი საქართველოს სუპერთასზე

Editor

ძველი თბილისის იდუმალი სილამაზე – არქიტექტურაში ასახული ისტორია

Editor

ულტრამინიმალისტურიდან პომპეზურამდე – თანამედროვე ონკანების ახალი ტრენდები 

Editor