საქართველო და ქართველები სლაიდერი წერილები

,,მიზნად დავისახე, ყველაფერს თავად მივაღწიო“

ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ლაზარე ბზიაშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს და სწავლობს. თავისუფალ დროს კი, ამერიკულ ბენდში უკრავს. წინ დიდი გეგმები და მიზნები აქვს – მსოფლიო დედაქალაქში, ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს.. ,,ქართული კვირის“ რუბრიკიდან ,,ემიგრანტის წერილები“, მომავალი ფსიქოლოგი თანატოლებს იმ საჭირო გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებს, რომელიც უცხოეთში ყოფნისას უკვე დააგროვა. დღეს ის 18 წლის გახდა…

ლაზარე ბზიაშვილი: ,,ჩემი ამერიკული ცხოვრება საკონსულოდან იწყება, როცა გასაუბრებაზე მივედი და გამოველაპარაკე კონსულს, მითხრა ამერიკელი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ ფანჯარასთან მივსულიყავი. ვუთხარი,  რომ ქართველი ვარ, მომაბრუნა და გაკვირვებულმა მკითხა ასე უაქცენტოდ საუბარი როგორ შემეძლო. დაინტერესდა, სად ვისწავლე ინგლისური. ზუსტად 24 საათში ვიზა ავიღე და  რამდენიმე დღეში აშშ-ში, გაეროში სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ახალგაზრდებს შორის მოვხვდი. მაშინ 15 წლის ვიყავი. გაეროში კონფლიქტურ ზონებსა და ჩემი ქვეყნის ოკუპაციაზე სიტყვითაც გამოვედი.

ეს იყო ჩემი პირველი წარმატებული ნაბიჯი მსოფლიო დედაქალაქში…

რეპეტიტორებთან არასდროს მივლია, არც ფასიან სკოლებში მისწავლია. არასდროს შემიწუხებია მშობლები ჩემი სურვილებით. სხვების მსგავსად, ბევრი რამ მეც მდომებია,  მაგრამ ვფიქრობ, საკუთარი შრომითა და სწავლით როდესაც მივაღწევ, სურვილებსაც მაშინ ავისრულებ.  წელს დავამთავრე Fort Hamilton High School და უკვე ორი უნივერსიტეტის დაფინანსება მოვიპოვე. ჯერ კიდევ  ბოლო კლასში დავიწყე მუშაობა, ამერიკა ყველა შანს გაძლევს თუ შრომა და სწავლა არ გეზარება მიაღწიო მიზანს.

სკოლის შემდეგ, ვმუშაობ გახანგრძლივებულის მასწავლებლად. 30-მდე ბავშვს პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, ვეხმარები გაკვეთილების მომზადებაში. ხანდახან მათ რომ ვუყურებ, ჩემი ბავშვობა მახსენდება, ისინიც მიმალავენ გაკვეთილებს.  ჩემი შრომით რამდენიმე თვის ხელფასიც დავაგროვე და ოცნების კომპიუტერი შევიძინე.

ქართული მენტალიტეტი სულ სხვანაირია… ამერიკელმა მეგობარმა ერთხელ რამდენიმე დოლარი მთხოვა. მეორე დღეს უკან მიბრუნებდა , მე კი გავიცინე და ვუთხარი, ქართველებთან ეგ არასდროს გაეკეთებინა. ჩემთან ასე აღარ იქცევიან, ამ კუთხით მბაძავენ კიდეც. აქ მხოლოდ ერთი ქართველი მეგობარი მყავს – ლუკა. თბილისელმა მეგობრებმა გამაცნეს, ახლა კი ძმებივით ვართ. ტრადიცია გვაქვს, ყოველ პარასკევს საღამოს (სკოლის და ახლა უკვე სამსახურის შემდეგ) ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვატარებ.

დრო გადანაწილებული მაქვს, ვუკრავ ასევე ამერიკულ ბენდში გიტარაზე. ამერიკაში დამოუკიდებლად შევისწავლე გიტარაზე დაკვრა. პირველი ინსტრუმენტი სრულიად უცნობს, ძალიან საყვარელმა ქალბატონმა ნატალია სულაშვილმა მაჩუქა. მოგვიანებით ჩემმა ძმამ, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს, მიყიდა ელექტრო გიტარა და მას შემდეგ პროფესიულ დონეზე ვეუფლები. მასწავლებელის გარეშე რთულია, მაგრამ მიზნად დავისახე, ყველაფერს თავად მივაღწიო.

პროფესიაზე ბევრს ვფიქრობ, მინდა ფსიქოლოგი გამოვიდე, შემდეგ იურიდიულზე გავაგრძელო სწავლა. ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებს , ჩემი ხელფასის დიდი ნაწილიც წიგნებში მეხარჯება.  ხშირად ვკითხულობ ავტობუსში და ასაკოვანი ამერიკელები მეკითხებიან, ასეთ წიგნებს შენს ასაკში როგორ აღიქვამო. წიგნების საყიდლად ხშირად რიგში დგომაც მიწევს…

ბევრს ვუყვები ამერიკელ მასწავლებლებს საქართველოზე, ,,ჰაი – სქულშიც“ უგამოცდოდ ჩავირიცხე. აქ სხვადასხვა საფეხურებია, რა დონის ინგლისურიც იცი, იმ საფეხურზე ხვდები. მე მაღალ დონეზე შემაფასეს, გასაუბრების შემდეგ ტესტები აღარ დამაწერინეს.  სხვათაშორის  თბილისიდან ინგლისურის მასწავლებლის შეფასება 9 ქულა მქონდა, აქ კი 107 მაქვს (უმაღლესი 100-ია ), ძალიან დამეხმარა ინგლისურის ცოდნა.

როგორ ვისწავლე? ეს იმ კონსულმაც მკითხა, ჩემს რამდენიმე საყვარელ ფილმს ინგლისურად სუბტიტრებით ვუყურებდი , რა სიტყვებიც არ მესმოდა ვიწერდი და ვსწავლობდი. ეს მეთოდი ბევრს დაეხმარება. მივხდი, რომ თუ გინდა საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება, ეს თავად უნდა მოიწყო, სხვების დაუხმარებლად. ვიცი, რომ ცხოვრებაში ტყუილი ყველაზე დიდი სირცხვილია; ვიცი, რომ არასდროს მოვწევ და არავის ვუღალატებ; ვიცი, რომ სიკეთე მთავარია, იმ გზის გასანყარებლად, რომელსაც ამერიკაში გავივლი.  არ ვიცი როდის  ვნახავ ჩემს უბნის მეგობრებს, კლასელებს, ჩემს ლამარა დამრიგებელს , მაგრამ ისინი და ჩემი უბანი (მრგვალი ბაღი) ძალიან მენატრება.

ჩემს ქვეყანაში როგორც ექიმი – ფსიქოლოგი დავბრუნდები. ამერიკას კი მადლობა, რომ ჩემი თავი მაპოვნინა.

რამდენიმე დღეში კალიფორნიაში ჩემს უფროს ძმასთან მივფრინავ, სიურპრიზი უნდა მოვუწყო. სოლიდური თანხა დავაგროვე ჩემი შრომით და მისთვის საოცნებო მანქანის ყიდვას ვაპირებ. დანარჩენი თანხით კი, საბანკო ანგარიში გავხსენი და როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, ვიწყებ ჩემი გეგმის განხორციელებას…

ღმერთმა დალოცოს ამერიკა!

სხვა სიახლეები

“საქართველოს მზარდი ძალა” – ბრიტანელი დიპლომატის ბლოგი საქართველოზე

Editor

ვინ შექმნა სტრასბურგის ტრამვაისთვის ქართული ანბანის ესკიზი

Editor

“ტალახიანი მზიურის თაობა” – ქართული ერთიანობის მაგალითი 

Editor

“თევზი თავიდან ყარსო, ნათქვამია – როდემდე უნდა იყოს ემიგრანტი ასე დაუცველი ?!” – ემიგრანტის წერილი

Editor

ჰიჯაბში დამალული “დედა ენა” და ქართველები ფერეიდანში

Editor

როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო ნაგებობების ოცეული (ფოტოკოლაჟი)

Editor