,,ქართულმა კვირამ“ და ასოციაციამ ,,აბრეშუმის გზა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

,,ქართულ კვირასა“ და ასოციაცია ,,აბრეშუმის გზას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა და ასოციაციის პრეზიდენტმა ხათუნა კორძაძემ.

ასოციაცია ,,აბრეშუმის გზა“ რომში 2018 წელს დაარსდა სოციალური ხელშეწყობის სტატუსით. აღსანიშნავია, რომ ასოციაციის ძირითადი მიზანი საქართველოში მცხოვრები გაჭირვებული ადამიანების დახმარებაა და ეს ხორციელდება კულტურულ-საქველმოქმედო ღონისძიებების ხარჯზე. პარალელურად, ემიგრანტებს ემსახურება ადვოკატების და საემიგრაციო საკითხებში მომუშავე პროფესიონალთა გუნდი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს ემიგრანტებს და მორალურ მხარდაჭერას სთავაზობს.

ასოციაცია ქალბატონი ხათუნა კორძაძის ინიციტივითა და თაოსნობით დაარსდა. ის წლებია ოჯახთან ერთად, იტალიაში ცხოვრობს. ამავდროულად, არის საქართველოს საპატრიარქოს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მგალობელთა გუნდის წევრი 2010 წლიდან.

,,ძალიან დასაფასებელია რომის სამრევლოს თანადგომა ამ საქმეში, მადლობა ტაძრის წინამძღვარს არქიმანდრიტ მამა იოანე ხელაიას და სამრევლოს წევრებს. უფალი, ოჯახი და ხალხის სამსახურში ყოფნა ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია. საქმიანობის პირველივე დღიდან გვერდში მიდგას  უერთგულესი ადამიანი, თანაშემწე თამარ თოფურია და მადლობა მას ამისთვის.

სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით კი, საუბრისგან ჯერ თავს შევიკავებ, მომავალი გვიჩვენებს, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. ვიმედოვნებ ამ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, არა მხოლოდ ამბების გაშუქებითა და ინფორმაციის გაცვლით შემოვიფარგლებით, არამედ უფრო ნაყოფიერი ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების და თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ,“ – ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ საუბრისას ხათუნა კორძაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.