ბელგრადში სერბეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავად გამოფენა გაიმართა 

ბელგრადში სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფისის ორგანიზებით, საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა ღია გამოფენა „საქართველო – უსაფრთხო ტურისტული მიმართულება“.

გამოფენა გახსნეს სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა ილია კობერიძემ, სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულმა დრაგან შაგოვნოვიჩმა და სერბეთის შრომის, დასაქმების, ვეტერანებისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ზორან ჯორჯევიჩმა.

ილია კობერიძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს და დამსწრე საზოგადოებას გამოფენის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობისთვის. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში გამოფენისთვის საგანგებოდ შეირჩა ღია სივრცე, რათა დამთვალიერებლების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

საქმეთა დროებით რწმუნებულმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული უსაფრთხო ტურისტული მიმართულება, სულ მალე კვლავ შეძლებს მიიღოს უცხოელი ვიზიტორები და მათ შორის სერბი ტურისტებიც.

მინისტრმა ზორან ჯორჯევიჩმა, რომელიც  თებერვალში ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, განაცხადა, რომ გამოფენა სერბეთის მოქალაქეებს ახლოს გააცნობს საქართველოს სილამაზეს და როდესაც სამოგზაურო პირობები აღდგება, სერბეთის მოქალაქეები საქართველოს აირჩევენ, როგორც ერთ-ერთ პირველ ტურისტულ მიმართულებას, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულონ.

ბელგრადის ყველაზე ხალხმრავალ პარკში მოქალაქეებს გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა 2 კვირის განმავლობაში ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.