ინტერვიუ საქართველო და ქართველები

„შორიდან დანახული საქართველო ჩემთვის არ არსებობს“… – პანდემია, ვედრება უფლისადმი და მოქსოვილი აღდგომა

გორშიდაიბადა. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა განაგრძო ტექნიკურ უნივერსიტეტში… ამბობს, რომ 5 წლიდან სცენაზეა, მღერის და წერს სიმღერებს… მაგრამ ახლა უმეტესობის მსგავსად  ემიგრანტია,  გულისთქმას კი ლექსებად გადმოსცემს,  ქსოვს, ხატავს, ხელსაქმეს მისდევს…
კორონავირუსის პანდემიის დროს იტალიაში იყო, კარანტინში პანდემიაზე არაფერი დაუწერია, მხოლოდ უფლის სადიდებელი ლექსები შეიქმნა,   სადაც უფალს სთხოვდა პლანეტის და საქართველოს გადარჩენა–ხსნას. მისი ორი ლექსი ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა მუსიკოსმა და შემსრულებელმა, მაია სიჭინავამ აამღერა. –  ემიგრანტი ქართველის, მზია კაჯილაშვილი-გორელის პერსონა.

– დავიბადე გორში და უსაზღვროდ მიყვარს ჩემი გორი. არცერთ ქვეყანაზე არ გავცვლი არასდროს ჩემს საქართველოს და ჩემს გორს. ფსევდონიმად – გორელიც ამ რამდენიმე წლის წინ გორის სიყვარულით ავირჩიე…
რაც შეეხება მშობლებს: – მამამ მიგვატოვა… დედამ და ბებიამ გამზარდეს… სწორედ ყველა სიკეთეც და უფლის სიყვარულიც მათგან ვისწავლე…
ჩემი ბავშვობა ძირითადად სწავლას მოვანდომე. წარმატებითაც ვსწავლობდი. თუმცა პატარაობიდანვე სიმღერა ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა.როდის დავწერე პირველი სიმღერა, აღარც კი მახსოვს. ძალიან პატარა ვიყავი. დედაზე იყო და სცენაზეც კი ვიმღერე. ადრე სასკოლო ოლიმპიადებში ყოველთვის ვმონაწილეობდი. ბევრი სიგელიც  მივიღე  როგორც სწავლაში, ასევე სიმღერაშიც. მერე ასე –  სიმღერას სიმღერა მოჰყვა… თავიდან მხოლოდ ჩემი სიმღერისთვის ვწერდი ტექსტებს. სიმართლე გითხრათ, ლექსების წერა არც მიფიქრია… ლექსები მერე, ძალიან გვიან მოვიდნენ და დღემდე ჩეთან არიან.
ჩემს ცხოვრებაში და მითუმეტეს, როცა ემიგრანტი ხდები, ცდილობ, რომ ყველა ტკივილი და სევდა ლექსებად ამოთქვა…
ლექსები ჩემი ცხოვრების ნაწილია. მე მათში ვცხოვრობ და ვცოცხლობ.
სიმღერას სკოლის დამთავრების შემდეგაც ვმღეროდი ანსამბლში, თუმცა კვლავ სწავლის გაგრძელებისთვის ბევრს ვეღარ ვახერხებდი.
– და მაინც, რატომ ჩააბარეთ ტექნიკურ უნივერსიტეტში, როცა ხელოვნებისკენ, ჰუმანიტარული საგნებისკენ გქონდათ მიდრეკილება?

მზია კაჯილაშვილის ნახატი

– ტექნიკურ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ყველას უკვირდა. ეგონათ, ან სამხატვროზე ჩავაბარებდი. ან – მუსიკალურზე, მაგრამ ასე მოხდა.
თბილისმა ცხინვალში ექსპერიმენტივით ჩაატარა და გამოცდები, ვადაზე ადრე, ერთი თვით ადრე დაინიშნა. ვცადე და გამიმართლა. ამიტომ გავაგრძელე სწავლა დაუსწრებელზე თბილისში. თუმცა სპეციალობით არასდროს მიმუშავია (ისე, პოლიტექნიკურმა თავის დროზეც და ახლაც ბევრი ნიჭიერი ხელოვანი წარმოაჩინა). ასე გავიდა წლები. სიმღერა არ მიმიტოვებია და ვმღეროდი. ერთხანს  თბილისის ბავშვთა ფილარმონიაშიც მომიწია მუშაობამ. მაგრამ მერე, როცა დედა დაიღუპა, სრულიად მარტო დავრჩი, და ეს იმდენად მტკივნეული იყო ჩემთვის, რომ ვცდილობდი, დედის თემასაც კი არასდროს შევხებოდი სიმღერებში. თუმცა ლექსებში დედის მონატრებას ვერ ავცდი.

 

–  და მაინც წახვედით ემიგრაციაში…    თავიდან თურქეთში მუშაობდით…
– ძალიან რთული პერიოდი გავიარე სიმარტოვეში. ცხოვრებამ ბევრ უსამართლობასაც გადამყარა და დავრჩი უსახლკაროდ და საქართველოს დღევანდელი გადმოსახედიდან გამიჭირდებოდა ყველაფრის თავიდან დაწყება. ამიტომ გადავწყვიტე ემიგრაციაში წასვლაც, თორემ არასდროს გადავწყვეტდი ამას, რადგან ჩემი საქართველო სიგიჟემდე მიყვარს და წარმოიდგინეთ, რა დღეები გავიარე ტირილში. ვიყავი თურქეთში. ახლა იტალიაში ვარ. უსაქართველოდ კი, ჩემი ცხოვრება უჰაერობაა. ეს ჩემი ლექსებიდანაც ჩანს. დამცინიან, მაგრამ, გულახდილად ვიტყვი, ლამის 2000-ზე მეტი ლექსი მაქვს და არცერთი ფურცელზე არ დამიწერია… პირდაპირ ფეისბუქზე ვწერ ლექსს, როცა მუზა მოდის.

– თქვენს ლექსებზე მაიკო სიჭინავამ ორი სიმღერა დაწერა…
– მაიკო სიჭინავაც,  ჩემი ლექსების წყალობით ფეისბუქიდან გავიცანი. უნიჭიერესი და უსაყვარლესი ადამიანია. ჩემს ორ ლექსზე სიმღერა დაწერა:  „ვარდობის თვეში” და „ისევ დაღამდა”. ეს ჩემთვის მისგან, მოულოდნელი და უდიდესი საჩუქარია… ძალიან, ძალიან მიყვარს მაიკოც და მისი შემოქმედებაც. ის ერთ-ერთი საუკეთესოა.

–  ქსოვთ, ხატავთ… ხელსაქმეს მისდევთ…

მოქსოვილი აღდგომა

– ქსოვით ბავშვობიდან ვქსოვ… ხატვა კი მოგვიანებით დავიწყე… ხატვა მიყვარს. მართალია არსად მივლია და არც მისწავლია მაგრამ, უბრალოდ ვხატავდი ყოველთვის იმას, როგორ ხასიათზე ვიყავი, რასაც ჩემი სული მკარნახობდა და იმას, რის ხატვასაც მთხოვდა.
სიმართლე რომ ვთქვა, ბევრი რამ მეხერხება. ქსოვა კი მამშვიდებს. მითუმეტეს ემიგრაციაში, ღამით, როცა უკვე თავისუფალი ხარ და თითქოს შენ გეკუთვნის ღამის თავისუფლება.
ქსოვაც ჩემით ვისწავლე. მიყვარს ყაისნაღით ქსოვა. პატარა რომ ვიყავი, ძალიან მომწონდა, ვინმე რომ ქსოვდა და ლამაზი ორნამენტები გამოჰყავდა… ასე, ნელ-ნელა, ინტერესმა მაინც თავისი გაიტანა და ქსოვის შედეგიც ძალიან მომწონს…
ერთხელ, თურქეთში ყოფნისას, აღდგომა ახლოვდებოდა და ნამდვილად არ მქონდა  პასკის ცხობის დრო, გადავწყვიტე, აღდგომა მომექსოვა –  მართლა ულამაზესი აღდგომა გამომივიდა. ჩემს პატრონებსაც ძალიან მოეწონათ. მიუხედავად იმისა,  რომ ისინი მუსულმანები არიან, დიდი სითბოთი მომილოცეს ეს ბრწყინვალე დღესასწაული…

– იტალიაში ხართ. რა შექმენით კარანტინის დროს?
– ლექსებს ვწერდი, მაგრამ, პანდემიაზე – არა. ჩემს ლექსებში, ლამის ყოველთვის მხოლოდ უფლის სადიდებელია და ლექსებშიც უფალს ვთხოვდი ჩვენი პლანეტის და საქართველოს გადარჩენა-ხსნას. ყველაზე მეტად რაც მტკიოდა ის დავწერე მიმართვა იყო მთელი სამყაროსადმი:

„სამყაროს გვიშველე, უფალო…
არ გვითხრა, რომ დასასრულია…
ვის რა სწამს… ისევე იწამოს…
უფალს კი… ნუ განუდგებიან“…

ახლა ნელ-ნელა სტაბილურდება ყველაფერი და ჩვეულ ცხოვრებას  თუ არა, რაღაც რიტმს უკვე უბრუნდება ცხოვრება.
კარანტინის დროს იტალიაში მოვყევი, ჩემთვის უარესად მტკივნეული იყო, რომ საქართველოში ვერ მოვახერხე წამოსვლა.

–  შორიდან დანახული საქართველო…
– შორიდან დანახული საქართველო ჩემთვის არ არსებობს… ის ჩემშია უფალთან ერთად. მტკივა ახლოდანაც, შორიდანაც მისი ბედი და დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა. მინდა აყვავებული და გასხივოსნებული ვნახო.
 ჰობი…
– ჰობი როგორც ასეთი, მგონია, რომ აღარ მაქვს. ემიგრანტული ცხოვრება ამის დროს აღარ მიტოვს.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებს ყოველთვის ცხოვრებას ვანდობ. მინდა საქართველოში ჩემთვის ერთი კუთხე მქონდეს, რომ იქ დავბრუნდე. სხვა არანაირი სურვილი აღარ მაქვს – საქართველოში დაბრუნების გარდა.
– ერთი ლექსი…

ამაზე მეტი საქართველო მე არ ვიცი…

ა… სეთი საქართველო მინდა!…         
ბ… ევრი ქართულით და ერით…
გ… ულით სიყვარული მინდა…
დ… ედა ენითა და ბერით…
ე… რთი მუჭა მიწა მინდა…
ვ… აზის მტევნებით და მთებით…
ზ… ეცად მეცხრე ზეცა მინდა…
თ… ავის ცისარტყელის ფერით…
ი… სლის ქოხი მინდა ტყეში…
კ… ეთილ ფეხითა და ჭერით…
ლ… ლოცვად საქართველო მინდა…
მ… მისი ტაძრებით და მრევლით…
ნ… ანა არ მოშლოდეს შვილებს…
ო… რომო სავსე იყოს ქერით…
პ… ურიც მინდა, ღვინის თასიც…
ჟ… ამთა კურთხეული უფლით…
რ… ამაც მოგვიყვანა დღემდე…
ს… ანთლით ხელში წმინდა სულით…
შ… ენთან ჩახუტება მინდა…
ტ… ოტად, საქართველოვ, ფესვით…
უ… ფლის მინდა ხელი შენთვის…
ფ… იცი ღვთისმშობლის ფერხთით…
ქ… არიც მინდა, შენი… წვიმაც…
ღ… ამეც ალუბლების კვერთხით…
ყ… ანის სუნი მინდა შენი…
შ… აშვის გალობით და სტვენით…
ჩ… ჩუმი დატირებაც მინდა…
ც… ამდე… წინაპრებზე ცრემლით…
ძ… ველი ისტორიაც მინდა…
წ… მინდა სალოცავთა ბედით…
ჭ… ილოფს გავიყოფდი შენთან…
ხ… ალხის მომლოცველი ხმებით…
ჯ… ვარსაც გავეკვროდი შენთვის…
ჰ… ამაკს დაგირწევდი ძვლებით…

თამარ შაიშმელაშვილი
წყარო: kvira.ge 

სხვა სიახლეები

გაზიანი წყალი თბილისში – მე-20 საუკუნის 60-იანი წლები.

Editor

დავით ალადაშვილი ქუთაისში უფასო კონცერტს გამართავს

Editor

“მე ჩუმი სიკვდილი გამოვიარე… “

Editor

ემიგრანტის დღიურიდან – “როდემდე უნდა იტიროს ქვეყანამ სამამლუქე ქალბატონების ცრემლებით?”

Editor

30 მარტიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ონლაინ სალექციო ჩართვებს იწყებს

Editor

ექსკლუზიური გამოფენა “ქართული კვირის” მკითხველისთვის

Editor