ტექნიკური უნივერსიტეტის გამოგონებით ირლანდიური კომპანია დაინტერესდა 

ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გამოგონებით, რაც ახალი ტიპის კარდიოვასკულარული ათეროთრომბოექტომიის სამედიცინო მოწყობილობის შექმნას უკავშირდება, ირლანდიური სამედიცინო კომპანია დაინტერესდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, გამოგონება სტუ-ის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, დოქტორ გოგი კვარაცხელიას ეკუთვნის და ახალ მოწყობილობას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

„ახალ, ინოვაციურ სამედიცინო აღჭურვილობას, ფუნქციური დანიშნულებით, მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ამას „საქპატენტის“ მიერ მსოფლიოს 100 ქვეყანაში ჩატარებული ძიება და ექსპერტიზა ადასტურებს. მოწყობილობა უნიკალურია იმითაც, რომ ის მიმმართველი „ვაიერის“ გარეშე სინქრონულად მუშაობს სხვადასხვა დიამეტრის მქონე სისხლძარღვთა სისტემაში. მისი დღემდე მოქმედი ყველა ანალოგი „ვაიერის“ მეშვეობით ფუნქციონირებს და ქირურგიული ჩარევისას მრავალ სირთულეს ქმნის. ირლანდიურ კომპანიასთან ახალი სამედიცინო აღჭურვილობის შეთავაზებაზე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ჩაფიძის გულის კლინიკამ ერთობლივად იმუშავეს“, – აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.