ვერის დაღმართის ისტორია – ვინ იყო არკადი ელბაქიძე 

ფოტოებზე თქვენ მიხეილ ჯავახიშვილის დაღმართს ხედავთ.

ეს სახელი 1995 წელს ეწოდა. მანამდე კი, 1923 წლიდან რაჭაში დაბადებული ბოლშევიკი ტერორისტის, არკადი ელბაქიძის სახელს ატარებდა. თავდაპირველად კი ვერის დაღმართი ერქვა. გარდა იმისა, რომ ეს გზა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მარცხენასთან აკავშირებდა, თბილისის ისტორიაში 2 გახმაურებული ამბით შევიდა.

1919 წლის 13 სექტემბერს არკადი ელბაქიძემ სხვა ბოლშევიკ-ტერორისტებთან ერთად ყუმბარებით ააფეთქა მაღალჩინოსანი სამხედროების მანქანა, რომელთა შორის დენიკინის გენერალი ბარათოვი იჯდა. მას ფეხი მოჰკვეთეს. ელბაქიძეს მილიცია დაედევნა და მტკვარში გადახტა. როცა ამოიყვანეს, დაჭრილი აღმოჩნდა. იქვე სისხლდენით გარდაიცვალა. მომდევნო სისხლიანი ამბავი კი ვერის დაღმართზე 3 წლის შემდეგ, 1922 წლის 14 ივლისს მოხდა. ასევე, ბოლშევიკი-ტერორისტი კამო, იგივე სიმონ ტერ-პეტროსიანი ველოსიპედით მიდიოდა. ის მანქანას შეასკდა, გადავარდა და ქვაფენილზე თავი დაარტყა. მიხეილის საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა კიდეც.

თბილისის ისტორიაში ეს ერთ-ერთი პირველი აღნუსხული საგზაო შემთხვევაა, თუ პირველი არა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ თბილისში ქუჩების გადარქმევა დაიწყეს. ვერის დაღმართს არკადი ელბაქიძის დაღმართი 1923 წელს ეწოდა. კამოს უკვდავსაყოფად კი სანაპიროს ქუჩა შეარჩიეს. ვერის დაღმართზე 1913 წლიდან 1937 წლამდე მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა. სწორედ ამ სახლში დაწერა საქვეყნოდ ცნობილი ნაწარმოებები – “კვაჭი კვაჭანტირაძე”, “ჯაყოს ხიზნები”, “თეთრი საყელო”, “არსენა მარაბდელი” და სხვა.

მიხეილი 1880 წელს წერაქვში დაიბადა. ადამაშვილის გვარს ატარებდა და როგორც თავად ამბობს, ნამდვილი გვარი – ჯავახიშვილი დაიბრუნა. ის არამარტო საუკეთესო მწერალი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი იყო და კიდევ, ქართულ ენას მისი სახით უდიდესი ქომაგი ჰყავდა. 1937 წელს საბჭოთა რეჟიმმა დახვრიტა. მისი ნეშტი ოჯახს არ გადასცეს და დაიკარგა.

წერაქვში მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმია, რომლის ეზოში სიმბოლური საფლავია წარწერით: “აქ არ განისვენებს მიხეილ ჯავახიშვილი, აქ მისი სული ტრიალებს.” 1995 წელს ელბაქიძის დაღმართს მიხეილ ჯავახიშვილის სახელი ეწოდა. უკვე 25 წელია, ასეა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ისმის ძველი სახელი. ვერის დაღმართზე მუდამ ქვაფენილი იყო დაგებული. 2014 წელს ასფალტით შეიცვალა.

 

გოგა ჩანადირი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.