,,ქართული კვირა“ და იტალიაში ქართველთა სათვისტომო ,,კოლხეთი“ ურთიერთთანამშრომლობას იწყებენ

,,ქართულ კვირასა“ და იტალიის ქართველთა სათვისტომო  ,,კოლხეთს“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მედიაპორტალის კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა და სათვისტომოს ხელმძღვანელმა ბეგი თავართქილაძემ მოაწერეს. მემორანდუმით მხარეები საკუთარ საქმიანობას ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებით წარმართავენ. თანამშრომლობის ფარგლებში, მოხდება ინფორმაციების გაცვლა, სათვისტომოს საქმიანობის ფართოდ გაშუქება და ასევე დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებებიც.

იტალიის ქართველთა სათვისტომო  ,,კოლხეთი“ 2006 წელს რომში შეიქმნა, ასოციაციის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს იტალიის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, განსაკუთრებით კი ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირების, რომლებიც განსაკუთრებულად დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ასოციაციასთან თანამშრომლობენ პროფესიონალი ადვოკატები. ისინი ხშირ შემთხვევებში, სრულიად უსასყიდლოდ ემსახურებიან პირებს, რომლებსაც  წესრიგის დამცველებთან გამოჩენისაც კი ეშინიათ და ხშირად ადამიანთა ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან.

,,იტალიაში ქართველთა სათვისტომო  ,,კოლხეთი“  ჩვენი ემიგრანტებისთვის საჭირო და ფასდაუდებელ საქმიანობას ეწევა. მსგავს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მოხარული ვართ რომ ჩვენი დამეგობრება მოხდა,“ – აცხადებს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციული დირექტორი, ანა ჩანგიანი.

ასოციაციის ხელმძღვანელი ბეგი თავართქილაძე – ,,თანამშრომლობა მშობლიურ მედიასთან, კერძოდ კი ,,ქართულ კვირასთან“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ძირითადი მიზეზის გამო: მუდმივი კავშირი გვექნება დედასამშობლოსთან და ასევე გაიზრდება დახმარება და ხელშეწყობა, ემიგრანტებს შორის საკუთარი უფლებების დაცვის კულტურის ჩამოყალიბების მხრივ. ეს ძალიან მნიშნელოვანია ზოგადად იმ პირებისათვის, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, განსაკუთრებით კი დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც კანონია უზენაესი.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.