პირველი ქართული მობილური აპლიკაცია, რომელიც ტურისტებს კულტურული მარშრუტების შერჩევაში დაეხმარება

ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა.

უფასო მობილური აპლიკაცია Cultural Routes Georgia ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS პლატფორმებისთვის. ამ ეტაპზე აპლიკაციაზე დატანილია ევროპის საბჭოსა და სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები. მას უახლოეს პერიოდში ორი ახალი სერტიფიცირებული მარშრუტი დაემატება.

  • ევროპული მარშრუტები: ღვინის მარშრუტი; ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი; პრეისტორიული კლდის ხელოვნების ევროპული მარშრუტი; ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი.
  • ლოკალური მარშრუტები: ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ; გერმანული დასახლებები საქართველოში.
  • ახალი სერტიფიცირებული მარშრუტები: დედაქალაქიდან დედაქალაქამდე; წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზა.

კულტურული მარშრუტების მიზანია, ევროპულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით შექმნას და ხელი შეუწყოს ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული მარშრუტების განვითარებას, საქართველოს ინტეგრირებას ტრანსნაციონალურ მარშრუტებში. ლოკალური კულტურული მარშრუტები 2019 წლიდან სამინისტროსთან არსებული „კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს“ მიერ კონკურსის წესით ვლინდება და მისი მიზანია საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის წარმოჩენა. საქართველო „ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების“ 27-ე წევრი სახელმწიფო 2016 წელს გახდა. ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა მოიცავს 38 სერტიფიცირებულ მარშრუტს, რომელიც კვეთს 57 ქვეყანასა და 1500-ზე მეტ ქალაქს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.