გერმანიაში საქართველოდან ჩასული მგზავრები კარანტინს არ გაივლიან
გერმანიაში საქართველოდან ჩასული მგზავრები კარანტინს არ გაივლიან, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ვებგვერდზე.
უწყების ინფორმაციით, „რობერტ კოხის ინსტიტუტმა ინფექციურ დაავადებებზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ფედერალური ჯანდაცვის საჯარო დაწესებულებამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებიც რისკის შემცველ ქვეყნებად ითვლება და გერმანიაში ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გადასვლას.
აღსანიშნავია, რომ პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანა არ არის აღნიშნულ სიაში და შესაბამისად, საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის არ დგება კარანტინში გადასვლის აუცილებლობა. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ არა-ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის, ამ ეტაპზე, კვლავაც არ არის გახსნილი საზღვრები ტურისტული მიზნით მოგზაურობისათვის.
სიახლეს წარმოადგენს ის, რომ მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობაზე, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება, მკურნალობა, 15 ივნისიდან მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება.
გერმანიის მთავრობა, ევროკავშირის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ცალკეულ ქვეყნებთან და რეგიონებთან მიმართებაში ამზადებს ინდივიდუალურ სამოგზაურო რეკომენდაციებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოში არსებული ვითარება მისცემს მას საშუალებას, უახლოეს მომავალში, პოზიტიურ ჭრილში გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი“. – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე.