,,არც ისე წვიმს, როგორც ქუხდა“- რა შეცვალა ლეგალიზაციის კანონმა იტალიაში

კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე, იტალიის მთავრობა ემიგრანტებს ლეგალურად მუშაობის უფლებას აძლევს. ადამიანებს საშუალება მიეცემათ, ლეგალურად იცხოვრონ, იმუშაონ და გადასახადები გადაიხადონ. თუმცა საბუთების მისაღებად დამსაქმებლის თანამონაწილეობაა აუცილებელი, ხომ არ შეექმნათ ამ კუთხით პრობლემები ლეგალიზაციის მსურველ ქართველ ემიგრანტებს, ასევე როდის დაიწყო ეს პროცესი და ვის ეხება კონკრეტულად გადაწყვეტილება? ამ და სხვა საკითხებზე ვიდეობლოგში ,,მედიატორი“, ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის გენერალური სამდივნოს წარმომადგენელი იტალიაში მანანა ჯინჭარაძე საუბრობს.  ის ასევე არის იტალიაში პანდემიის დროს შექმნილი კრიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ინტერვიუში გვიყვება რა ვითარებაა ქვეყანაში და როგორია ბოლო მონაცემები.

,,არც ისე წვიმს, როგორც ქუხდა… ამ დეკრეტის გამოსვლიდან უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. საბუთების მისაღებად დამსაქმებლის თანამონაწილეობა აუცილებელია, ეს ყველაფერი მისი განაცხადის საშუალებით ხდება. ბევრი იტალიელი დამსაქმებელი უარს ამბობს, რომ იმიგრანტს დაეხმაროს ლეგალიზაციაში. ზოგიერთმა ოჯახმა დაითხოვა კიდეც ამის გამო ბევრი შინამოსამსახურე და დამხმარე. დამქირავებელმა უნდა შეიტანოს განაცხადი. მას უნდა ჰქონდეს წლიური შემოსავალი 20 ათასი ევრო ან უნდა გააერთიანოს მთელი ოჯახის საშემოსავლო თანხები, ბევრს არ აწყობს ეს ფაქტორი და უარი უთხრა დასაქმებულს. პირველი შენატანი 500 ევროა, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ შესაძლოა მეტის გადახდა მოუწიოთ შემდეგ დაქირავებულისთვის. უცებ მომზადებული კანონპროექტი იყო, რომელიც მოჰყვა პანდემიას, ქვეყანა ჩავარდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და გამოსავალი უნდა მოძებნილიყო. ამ კანონის შედეგად სულ ცოტა 5 მილიარდი ევრო შედის ბიუჯეტში. პროცედურა და პირობები არაა მარტივი, არის მთელი რიგი შეზღუდვები და მოთხოვნები როგორც დამქირავებლის, ისე დასაქმებული პირის მიმართ,  ალბათ ბევრს გაუჭირდება მისი მოპოვება. ჩემს გარშემოც ბევრს შეექმნა ეს პრობლემა, ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ახლობელს, რომელიც ცხოვრობს ბარიში, პანდემიის პერიოდში არცერთი დღით არ შეუწყვეტია მუშაობა ოჯახში მოხუცთან, მაგრამ სასტიკი უარი განუცხადეს დახმარებაზე. ამ გოგონამ ისიც კი შესთავაზა, რომ თავად გადაიხდიდა მთლიან საფასურს, რომელიც შესატანია სახელმწიფოში, მაგრამ უარი მიიღო. ასეთ მდგომარეობაში ბევრია,“  – ამბობს ქართულ კვირასთან საუბრისას მანანა ჯინჭარაძე.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.