ემიგრანტის დღიურიდან – “დასამარდა ჩვენი ქალობა. სილამაზე და სილაღე ისე ჩაკვდება, ვერაფერს მივხვდებით ემიგრანტები…”

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი,  თეონა ჭანტურია “ქართული კვირის” მკითხველს საკუთარ ჩანახატს უზიარებს. როგორია ემიგრანტის ცხოვრება უცხო ქვეყანაში და მონატრება, რომელიც არასდროს ნელდება.

“ემიგრანტის დღიურიდან!
ხომ არ დავიგვიანებ?

საღამოა ,საქმეებს მოვრჩი, ტელევიზორს ვუყურებთ მე ჩემი ბაბუა, სასიამოვნო კონცერტია, ძველებურ სიმღერებს მღერიან ხანში შესული მუსიკოსები, ბაბუა აყვება ხოლმე, თან ცრემლით ევსება თვალები… არ მინდა იტიროს, მეცოდება, თუმცა ისეთი სასიამოვნო მელოდიებია, მეც ამეტიროს, მგონია… საოცარია, ტელეწამყვანები ხანდაზმულები არიან ხოლმე, სტუმრებიც შუა ასაკის ხალხი,საქართველოში ასაკიანი ადამიანები ყველგან დაბლოკეს, მიუხედავად მათი ნიჭისა და შესაძლებლობისა, აქ ყველა ასაკის ადამიანს პატივს მიაგებენ სათანადოდ…..სიმღერა ისევ გრძელდება ტელევიზორში , ბაბუაც მღერის,მე კი ჩაძირული ვარ ფიქრებში,რას შვრებიან ახლა ჩემი შვილები …უჩემობას რომ მიეჩვიონნ,მერე ჩემთან ყოფნას როგორ მიეჩვევიან, ან მე როდის ვიქნები მათთან, გოგო მოიზარდა, გალამაზდა, იპრანჭება, ბიჭი თითქოს უცებ გაიზარდა დაკაცდა ,მართალია, თავისებურად ტლანქი ხასიათი დაურჩა, მაგრამ ერთი თუ დამირეკა გულს ისე გადამიშლის ,იმდენ რამეს დამპირდება,საინტერესოა რას ასრულებს!

ოოო ჩემო ახალგაზრდობამ, ყველაზე ლამაზო ხანავ ქალის ცხოვრებაში, სადღაც ევროპაში, დიახ სადღაც ევროპაში ერთ მაღალ კორპუსში გამომჯდარხარ და ცხოვრება ისე ჩაგიფრენს ვერც სიხარულს მოასწრებ, სიყვარული ხომ მოლანდებასავით გაგიქრა, ვეღარც ცხოვრებით ტკბობას, დასამარდა ჩვენი ქალობა ,სილამაზე და სილაღე ისე ჩაკვდება, ვერაფერს მივხვდებით ემიგრანტები…

ბაბუა ისევ უსმენს სიმღერებს,საბედნიეროდ, არ ტირის,  რადგან სამხიარულო ჟანრი ჩაირთო, მეძახის,  ნახე რა კარგიაო. აბა, როგორ არ მოუსმინო მის თბილ დაძახებას,ვ დგები და იქვე ვუჯდები და ისიც ბედნიერია. მე?-  მე ცრემლებით სავსე მაქვს თვალები, რადგან არ ვიცი ,როდის მეღირსება ყველაფერი ამის დასასრული ….როდის ვიქნები ჩემი შვილების გვერდით….ხომ არ დავაგვიანებ ნეტავი……
თეონა ჭანტურია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები