თბილისი Délice Network-ის წევრი გახდა

როგორც თბილისის მერია იუწყება, თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის – Délice Network-ის წევრი გახდა. Délice Network წარმოადგენს ქსელს, რომელიც წევრ ქალაქებში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

ქსელის მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების განხორციელებით, ქალაქებს დაეხმაროს – გასტრონომიული ბრენდი ჩამოაყალიბონ. ასევე, ხელი შეუწყოს ურბანული ეკონომიკის განვითარებასა და ქალაქების ტურისტულ პოპულარიზაციას.

„თბილისის მიერ წარდგენილ განაცხადს Délice Network-ის წევრი ქალაქები აღფრთოვანებით შეხვდნენ. ისეთი ქალაქები, როგორებიცაა: ჰონგ-კონგი, ბუენოს აირესი, გოტენბურგი, ბორდო, რიგა, კობი და მონრეალი განსაკუთრებით აღნიშნავენ თბილისის უნიკალურ გასტრონომიულ კულტურას და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აღნიშნული მიმართულების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით. თბილისი კავკასიის რეგიონიდან პირველი ქალაქია, რომელიც ორგანიზაციის წევრი გახდა და დარწმუნებული ვართ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, – ნათქვამია Délice Network-ის ოფიციალურ განცხადებაში.

ქსელი 2007 წელს ქალაქ ლიონის ინიციატივით შეიქმნა და დღეისთვის, მასში ოთხი კონტინენტის 31 ქალაქია გაერთიანებული. თბილისის მერიამ ქსელის წევრობაზე განაცხადი რამდენიმე თვის წინ შეიტანა და ორგანიზაციის საერთო გადაწყვეტილებით, თანხმობა მიიღო. აღსანიშნავია, რომ Délice Network-ის ქსელში გაწევრიანება საქართველოს გასტრონომიის ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.