“ასი ათასობით დედამ, დამ და შვილმა ავიკარით გუდა – ნაბადი და სხვებს ვემსახურებით ოჯახის გადასარჩენად…”
“გამარჯობა ძვირფასო იტალია და ძვირფასო იტალიელებო. მე ქართველი ვარ და ჩემს სამშობლოს საქართველო ჰქვია.” – ასე იწყება წერილი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ქართველმა ემიგრანტმა ხათუნა შარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ამ წერილით, როგორც კომენტარებიდან ჩანს, ბევრის სათქმელი თქვა.
“გამარჯობა ძვირფასო იტალია და ძვირფასო იტალიელებო. მე ქართველი ვარ და ჩემს სამშობლოს საქართველო ჰქვია. დღეს საქართველოში, მხოლოდ 3.5 მილიონი ქართველი ცხოვრობს, ხოლო 1.5 მილიონი საზღვრებს გარეთ იმყოფება. სამწუხაროდ ემიგრანტის სტატუსით.
ჩემი პატარა სამშობლო დღეს ეკონომიკური სიდუხჭირის და მისი დაძლევის რთულ გზას გადის, ამიტომაც ასი ათასობით დედამ, დამ და შვილმა ავიკარით გუდა – ნაბადი და დღეს თქვენს მშობლებს, შვილებს და დედმამიშვილებს ვუვლით, ვემსახურებით, რადგან ჩვენი ოჯახები გადავარჩინოთ.
თქვენ, რასაკვირველია, არ გესმით რა გაუსაძლისი სევდაა ემიგრანტობა, რადგან ის თაობა ხართ, რომლებმაც თავი დააღწიეთ ეკონომიკურ კრიზისს, სიღარიბეს და შიმშილს , თქვენი წინაპრების წყალობით, რომლებიც, როცა გიჭირდათ, თქვენი ოჯახების გადასარჩენად, ჩვენსავით მოედნენ მსოფლიოს.
თქვენი თითოეული წინაპარი, რომელიც ემიგრაციაში წავიდა, არაფრით ჩამორჩება თქვენს რომაელ ღმერთებს, რომლებიც ოლიმპოს მთაზე თათბირობდნენ. ისინიც ნახევრად ღმერთები და გმირები არიან! თქვენ, თქვენმა ბებია-ბაბუებმა წელში გამართული და ძლიერი იტალია დაგიტოვეს. მე, თქვენზე უკეთ მესმის თქვენი წინაპრების, რადგან ახლა მეც და ჩემსავით მილიონზე მეტი ქართველი, იგივე გზას გავდივართ სამშობლოსთვის და საკუთარი ოჯახებისთვის.
მე, თქვენზე უკეთ მესმის თქვენი, ემიგრაციაში მყოფი წინაპრების გულის ცემა! მე უკვე კარგად ვიცი, რას განიცდიდნენ ისინი, როცა შრომობდნენ, ღამეებს ათენებდნენ და ასრულებდნენ ყველაზე სარისკო სამუშაოს. აშენებდნენ სხვის სამშობლოს, საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად. მე მიყვარს თქვენი წინაპრები, რადგან მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელიც, როგროც ძლიერი იტალია, ჩვენ უნდა შევუქმნათ ჩვენს შთამომავლობას!
მე ვიცი, როგორ სტკიოდათ მათ და რა საფასურის გადახდა უწევდათ ადამიანად ყოფნისა და ადამიანად ცნობისთვის.
ლეგალიზაციის კანონმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი. წლებით ნაშენები ნდობა, სიყვარული, პატივისცემა უეცრად, გაქრა და მის ადგილზე გაჩნდა უნდობლობა.
ჩვენ არ ვართ ერი, რომელსაც ადამიანის გამეტება შეუძლია, ჩვენ არ გვაქვს ბოროტი გენი, ჩვენი სისხლი არ არის შხამით მოწამლული. ჩვენც ქრისტიანები ვართ. ჩვენც გვყავს იესო და მარიამი და საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.
ჩვენ დიდი სიყვარული და მეგობრობა შეგვიძლია. ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი მადლიერია იტალიელი ხალხის. რომ არა თქვენ, რომ არა, თქვენი, ემიგრანტებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა , რომ არა თქვენი საზოგადოების განათლებული, ჰუმანური და კეთილსინდისიერი ნაწილი, აქ მყოფი ემიგრანტების უმრავლესობა საკუთარი გასაჭირის ჭაობში ჩაიხრჩობოდა.
თავს უფლებას მივცემ ვილაპარაკო იტალიაში მყოფი ქართველი ხალხის სახელით, იმ ქართველების, რომელსაც პირადი გაუსაძლისი პრობლემები გულზე ლოდად აწევთ, მაგრამ თქვენს ოჯახებში ისინი მუდამ იღიმებიან. თუ დააკვირდებით, ჩვენს სამსახურს უცნაური სახელი ჰქვია – 24 საათიანი სამსახური. რას იტყვით? სახელიც ხომ ძნელად წარმოსადგენია? მისი შესრულების სირთულეებზე რომ არ ვილაპარაკო.
განა, ჩვენ ანგარიში არ ვიცით? განა ექიმობა გვეშლება? განა ცუდი პედაგოგები ვართ? განა ცუდი ეკონომისტები და ბუღალტრები? განა ცუდი მუსიკოსები? განა ცუდი კაპიტნები და მეზღვაურები? განა ცუდი იურისტები და ა.შ. არა, უბრალოდ ახლა ჩვენთან ის დროა, რაც იტალიამ 50 წლის წინ, უკან მოიტოვა.
პირადად მე, უფლება არ მაქვს, იტალია როგორც ლოცვა, ისე არ წარმოვთქვა და ეს არ გახლავთ ან ლირიკა, ან სწორად შერჩეული სტრიქონები. დღეს, თქვენს მიწაზე ჩემი 6 წლის ქალიშვილი დააბიჯებს და მან უკვე იცის, რომ მას ორი სამშობლო აქვს – საქართველო და იტალია! მე მადლიერი ვარ თქვენი! მე მიყვარხართ თქვენ, რადგან დღეს თუ მე თავს ადამიანად ვგრძნობ, ეს ჩემი იტალიელი მეგობრების დამსახურებაა!
მე, ბოდიშს გიხდით ყველა იმ ქართველის მაგივრად, ვისაც ოდესმე ბოროტად გამოუყენებია თქვენი ნდობა. ბოდიშს გიხდით, იმ არასწორი ქმედებების გამო, რომელიც ჩაუდენიათ და ბოდიშს გიხდით, იმათ მაგივრად, ვისაც მადლიერების გრძნობა არ გააჩნია. ჩვენც, ისე ჩავდივართ შეცდომებს, როგორც კაცობრიობის მოდგმა სხვა და სხვა ერში.
ჩვენ არ ვართ ადამიანები სამშობლოს და კულტურის გარეშე. არც მხოლოდ შინამოსამსახურეების ქვეყანა ვართ.
და ბოლოს. ერებს შორის სიყვარულს და მეგობრობას არა პოლიტიკოსები, არამედ რიგითი ადამიანები, მოქალაქეები ქმნიან და აგებენ თანამეგობრობის ხიდს, როგორც ერთმანეთში გადახლართულ ცოცხალ ფესვებს.
მიყვარხართ ქართველებო!
ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატარა სამშობლო და გვისაშველოს!
ხათუნა შარაძე
07/06/2020″