კონტრაბანდისტების დახმარებით ევროპაში გაქცეული ანტისაბჭოთა მოღვაწე და დახვრეტით დასრულებული დაბრუნება სამშობლოში 

ბერლინის კონსტრუქტორული ფირმა „მანეკის“ ინჟინერ–ელექტრიკოსი ვალერიან დავითის ძე ტოგონიძე ქართველ ემიგრანტთა იმ ნაწილს მიეკუთვნებოდა, რომელთაც გულწფელად სჯეროდათ, რომ მეორე მსოფლიო ომში გერმანია გაიმარჯვებდა და საქართველოც სანუკვარ თავისუფლებას დაიბრუნებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დაწვრილებით აღწერს ვალერიან ტოგონიძის ანტისაბჭოთა მოღვაწეობას. ომის დასრულების შემდეგ იგი ბერლინში დააპატიმრეს, 1945 წლის 31 დეკემბერს მისი მოსკოვში ეტაპირება მოხდა, შემდეგ კი სამშობლოში გადმოიყვანეს, სადაც გაასამართლეს.

ვალერიან (ვალიკო) ტოგონიძე დაიბადა 1902 წელს ქ. ქუთაისში, ვაჭრის ოჯახში. მამა ქუთაისის რაიონის დასახლება ახალსენაკში ცხოვრობდა და დაფნით ვაჭრობდა. ვალიკომ საწყის ეტაპზე განათლება ბათუმისა და ქუთაისის გიმნაზიებში მიიღო. 1920 წელს სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. ერთი წლის შემდეგ იძულებული იყო სწავლა შეეწყვიტა ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუარესობის გამო და რაიონში მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი დააპატიმრეს. ოთხი თვე გაატარა თბილისის საქალაქო ციხეში, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და არც ერთხელ არ დაუკითხავთ. დაპატიმრების მიზეზი, სავარაუდოდ, სოციალ–ფედერალისტური ორგანიზაციის წევრობა გახდა, რადგანაც 1923 წელს მენშევიკური პარტიის წევრებს მასობრივად აპატიმრებდნენ. მართალია იგი ამ პარტიის წევრი არ ყოფილა, მაგრამ მაინც მოხვდა დაპატიმრებულთა შორის.

გათავისუფლების შემდეგ ვალერიანმა კვლავ გააგრძელა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად კი ქართულ ჟურნალ „ფიზიკურ კულტურაში“ ტექნიკურ რედაქტორად მუშაობდა. უნივერსიტეტი არ დაუსრულებია, რადგან საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, გერმანიაში, რადგან მიაჩნდა, რომ ფიზიკასა და ელექტროტექნიკაში საფუძვლიან ცოდნას სწორედ ამ ქვეყანაში მიიღებდა.

1926 წლის აგვისტოში ვალიკო ტოგონიძემ თავის სკოლის მეგობარ ნიკო ურუშაძესთან ერთად, აჭარელი კონტრაბანდისტების დახმარებით, არალეგალურად გადაკვეთა თურქეთის საზღვარი. თურქეთში მიიღეს ტრანზიტული პასპორტები და ხოფას პორტიდან გემით ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი მარსელში გაემგზავრნენ, რადგან მხოლოდ საფრანგეთის ვიზა ჰქონდათ.

პარიზში ვალერიან ტოგონიძე ცდილობდა საფრანგეთიდან მიეღო გერმანიის ვიზა, რაც შეძლო კიდეც გერმანიის კონსულის დახმარებით და სამ კვირაში ჰამბურგში გაემგზავრა. აქ იგი 1927 წლამდე იმყოფებოდა და გერმანულ ენას სწავლობდა. საჭირო თანხას მამა უგზავნიდა.

ენის კურსების დასრულების შემდეგ ვალერიანი ბერლინში გადავიდა და უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში შეუდგა განათლების მიღებას. მალე უსახსრობის გამო იძულებული გახდა, სწავლა დროებით შეეწყვიტა, რადგან მამამისს აეკრძალა საქართველოდან გაქცეული შვილისთვის ფულის გაგზავნა. თავი რომ გაეტანა და სწავლის ფულიც შეეგროვებინა გარკვეული თანხის საფასურად სტუდენტებს ამეცადინებდა. პოლიტექნიკური სასწავლებელი 1938 წელს დაამთავრა და იმავე წლის თებერვალში ქარხანა „სიმენს და ხალსკეში“ დაიწყო ინჟინრად მუშაობა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვალერიან ტოგონიძე გახდა ნაციონალ–სოციალისტური დაჯგუფების წევრი, რომელსაც ქართველი ემიგრანტი დოქტორი გიორგი მაღალაშვილი ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ორგანიზაციის დავალებით ტოგონიძე მუშაობდა ფაშისტური გერმანიის აღმოსავლეთ ტერიტორიების სამინისტროში და აწარმოებდა სხვადასხვა ბანაკებიდან ქართველი ტყვეების გადაბირებას ქართული ლეგიონების ჩამოსაყალიბებლად და შესავსებად.

1941 წელს ქართული ნაციონალ–სოციალისტური დაჯგუფებისა და „თეთრი გიორგის“ გაერთიანების შემდეგ ვალერიან ტოგონიძე ექვსი თვის განმავლობაში ამ ორგანიზაციის ბერლინის სექციას ხელმძღვანელობდა. ამავე დროს აქტიურად თანამშრომლობდა „თეთრი გიორგის“ გამოცემებში – „საქართველო“ და „ქართველი ერი“, სადაც ანტისაბჭოთა შინაარსის სტატიებს აქვეყნებდა.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ვალერიან ტოგონიძე აღნიშნავს, რომ მის მიერ 1500 ქართველი ტყვე იქნა გადაბირებული ქართული ლეგიონის ჩამოსაყალიბებლად, 150 ადამიანი გააგზავნა ვუსტრავის პროპაგანდისტულ სკოლაში, ხოლო, 1500 სამხედრო ტყვე გერმანიის სხვადასხვა სამსახურში მოაწყო.

სამხედრო ტრიბუნალმა ვალერიან ტოგონიძეს 1946 წლის 21 სექტემბერს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი სისრულეში 1946 წლის 23 დეკემბერს იქნა მოყვანილი.

 

 ავტორი:ლელა ნინუა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები