“მთავარია მიიღო „პერმესო“, მერე სადაც გინდა, იქ იმუშავე“ – იტალიაში მოღვაწე ქართველი ადვოკატი „სანატორიასთან“ დაკავშირებულ საკითხებს განმარტავს
იტალიაში სამუშაოდ მყოფი ქართველები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებმაც მოხუცები ყველაზე მძიმე და რთულ პერიოდში არ მიატოვეს, არალეგალები აღარ იქნებიან. იტალია მიგრანტებს ლეგალურად ცხოვრებისა და შრომის უფლებას აძლევს. მათ შორის იქნება ათასობით ქართველი, რომლებიც წლებია იტალიაში იმყოფებიან, თუმცა ლეგალური მუშაობისთვის საჭირო დოკუმენტები არ აქვთ. რომში გადაწყვეტილება კორონავირუსის მიერ დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირებისთვის მიიღეს. ე.წ სანატორიის მისაღებად განაცხადის შევსება 1 ივნისს დაიწყება და 15 ივლისამდე გასტანს.
რომის ადვოკატთა ფორუმის წევრი, ქართველი ადვოკატი ბექა თავართქილაძე 30 წელია, იტალიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მან რომში დაამთავრა სკოლა, უნივერსიტეტი და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. იგი არის რომის ადვოკატთა ფორუმის უცხოეთთან ურთიერთობის კომისიის წევრიც. მისი იურიდიული საქმიანობის ძირითადი სფერო საერთაშორისო და საარბიტრაჟო სამართალია, თუმცა საიმიგრაციო სამართლის კუთხითაც საქმიანობს – ქართველი ემიგრანტების ინტერესებსა და უფლებებს იცავს არა მარტო რომში, არამედ მთელ იტალიაში.
ადვოკატი იტალიის მთავრობის მიერ Decreto Rilancio-ს საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში მიღებულ დადგენილებასთან (ე. წ. „სანატორია“) დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს – როგორც ცნობილია, ამ დეკრეტის 103-ე მუხლში მოცემულია რეგულაციები იტალიაში არალეგალურად დასაქმებული უცხოელი მიგრანტების დროებით ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.
_ როგორც იმიგრაციის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი, რა კომენტარს გააკეთებდით იტალიის მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მოსავლის აღებაზე დასაქმებული ადამიანების, მომვლელებისა და შინადამხმარეების დროებით (6 თვით) ლეგალიზაციასთან დაკავშირებით? ვის ეხება, რა მოთხოვნებია, როდიდან იწყება რეგისტრაცია და რას ურჩევდით ჩვენს თანამემამულეებს? ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი კითხვაა: რა იქნება 6 თვის შემდეგ და რამდენად არის შესაძლებელი დროებითი ბინადრობის უფლების გაგრძელება? ზოგი ფიქრობს, რომ ეს საფრთხის შემცველია, რადგან 6 თვის შემდეგ ამ ადამიანებს „მოხვევენ ხელს და გამოუშვებენ ქვეყნიდან“ – მართლა არსებობს ეს საშიშროება?
_ ეს „სანატორია“ 8 წლის შემდეგ გამოვიდა, საკმაოდ მკაცრი პირობებით და ეკონომიკის სპეციფიკურ დარგებში. პირველი დროებითი ნებართვა (იტალიურად – „პერმესო“) გაიცემა 6 თვის ვადით, რომლის გაგრძელებაც შესაძლებელი იქნება, ყოველგვარი გართულებების გარეშე; გასაგრძელებლად საკმარისია მოქმედი სამუშაო კონტრაქტი, ასე რომ, თუ კონტრაქტი გაქვს დამქირავებელთან – ნებართვის გაგრძელების პრობლემა არ იქნება. 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ბინადრობის უფლების გაგრძელებას ძალიან მარტივად შეძლებთ: საკმარისია ჯერ კიდევ ძალაში არსებული სამუშაო კონტრაქტი და საგადასახადო შენატანების წარდგენა, ამიტომ რაიმე ხაფანგებზე და „დასაჭერ ბადეებზე“ საუბარი უსაფუძვლოა. რას ვურჩევ ჩვენს თანამემამულეებს ამ ბინადრობის უფლებებთან დაკავშირებით? – ისწავლონ საკუთარი უფლებების დაცვა, საერთოდ, და კონკრეტულად ამ შემთხვევაშიც.
_ როდის უნდა წარადგინოს ლეგალიზაციის მსურველმა ემიგრანტმა მოთხოვნა და სად?
ვისაც წინათ ჰქონდა „პერმესო“ და ვადა გაუვიდა 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ, თანაც ამ დრომდე მუშაობდა, დამოუკიდებლად შეუძლია შიდა პოლიციაში (კვესტურაში) შეიტანოს მოთხოვნა, რისთვისაც იხდის 130 ევროს (პლუს 30 ევრო – გაგზავნის საფასური), ხოლო სხვა დანარჩენ კატეგორიას, რომელთა დამქირავებელი თანახმაა, რომ გაუფორმოს კონტრაქტი ლეგალურად და ამ კონტრაქტის საფუძველზე დასაქმებულ პირს მიეცემა ბინადრობის დროებითი ნებართვა – ამ შემთხვევაში დამქირავებელი ონლაინ აკეთებს განაცხადს სპეციალურად შექმნილ საიტზე, დამქირავებელი წინასწარ იხდის 500 ევროს და გარკვეულ საგადასახადო შენატანს. გარკვეული დროის შემდეგ ორივე პირს გამოიძახებენ კვესტურაში. მოთხოვნის შეტანის ვადაა 1-ლი ივნისიდან (დილის 7 საათიდან) 15 ივლისამდე (საღამოს 10 საათამდე). პროცედურა და პირობები არაა მარტივი, არის მთელი რიგი შეზღუდვები როგორც დამქირავებლის, ისე დასაქმებული პირის მიმართ.
დამქირავებელი უნდა იყო იტალიის ან ევროკავშირის მოქალაქე, ან უცხოელი, იტალიაში ცხოვრების სპეციალური ნებართვით; არ უნდა იყოს ნასამართლევი პროსტიტუციის, ტრეფიკინგისა და არალეგალური ემიგრაციის ხელშეწყობისთვის, გამოტანილი განაჩენით, თუნდაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ;
ხოლო ვის სახელზეც კეთდება მოთხოვნა, ანუ არალეგალი, უნდა იყოს იტალიაში შემოსული 2020 წლის 8 მარტამდე, ქვეყნიდან გაუსვლელად; ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს სათანადო მტკიცებულება: ან იტალიის სასაზღვრო პოლიციის ბეჭედი, ან სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, გაცემული სახელმწიფო ან შესაბამისი კერძო სტრუქტურებიდან, არ უნდა იყოს გაძევებული იტალიის ტერიტორიიდან და არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო – ბინის ქურდობაც ამ კატეგორიას განეკუთვნება. მოკლედ, არ უნდა იყო საზოგადოებისათვის საშიში პიროვნება.
რაც შეეხება დამქირავებლის შემოსავლის საკითხს: მარტოულ პირს წლიური შემოსავალი უნდა ჰქონდეს 20 000 ევროზე მეტი, ოჯახს კი – 27 000 ევროზე მეტი. საინტერესოა ის გარემოება, რომ საერთო საოჯახო შემოსავალში შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას მეორე რანგამდე ნათესავების (და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილები) შემოსავალი, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი ერთად.
ყურადღება! ეს მომენტი ბევრს გამორჩა მხედველობიდან: თუ დამქირავებელს აქვს რაიმე პათოლოგია ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, ასეთ შემთხვევაში საშემოსავლო ლიმიტები არ არსებობს!
_ როგორც ვიცი, ბევრი იტალიელი დამსაქმებელი უარს ამბობს, რომ მის ოჯახში მომუშავე დასაქმებულ იმიგრანტს დაეხმაროს ლეგალიზაციაში, ზოგიერთმა ოჯახმა დაითხოვა კიდეც ამის გამო მომვლელი ან ოჯახის დამხმარე. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელმაც სამსახური დაკარგა? შეუძლია თუ არა მას განაცხადის გაკეთება ლეგალიზაციის მოთხოვნით და როგორ, რის საფუძველზე?
_ არა, თუ დამქირავებელი არაა თანახმა, არალეგალურად მომუშავე ვერ შეძლებს ნებართვის მიღებას. დიახ, ზოგიერთმა დაითხოვა სამსახურიდან არალეგალურად მომუშავე და ეს გააკეთა, ძირითადად, იმის გამო, რომ სამუშაოს ლეგალიზების შემთხვევაში გაცილებით მეტი თანხა უნდა გადაიხადოს, მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ ამ „სანატორიით“ იტალიის მთავრობამ მათაც მისცა საუკეთესო შესაძლებლობა, გაეუქმებინათ მათ მიერ უკვე ჩადენილი დანაშაული – მათ უკვე ამუშავეს და თანხა გადაუხადეს ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრებ პირს, ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულია. გამოგიშვეს? უმუშევარი დაგტოვეს? ნივთები გამოგიყარეს გარეთ? გაგწირეს? უჩივლე, დაუმტკიცე, რომ გამუშავა, ფულს გიხდიდა, დაიცავი შენი უფლება, რის შესაძლებლობაც ახლა მოგეცა. ნუ გეშინია! რის გეშინია?! კანონი შენს მხარესაა!
_ თუ ამჟამად არ მუშაობს ემიგრანტი, მაგრამ მანამდე მუშაობდა და ამტკიცებს იტალიაში ყოფნას, მაინც ვერ მიიღებს ბინადრობის უფლებას „სანატორიას“ საფუძველზე?
_ თუ ამჟამად არ მუშაობს, მაგრამ მუშაობდა 2019 წლის 31 ოქტომბრამდე და ჰქონდა „პერმესო“, რომელსაც ვადა გაუვიდა 31 ოქტომბრის შემდეგ და ვერ შეძლო მისი გაგრძელება, რადგან სამუშაო კონტრაქტი არ ჰქონდა, ასეთ პიროვნებას უფლება აქვს დამოუკიდებლად მოითხოვოს 6-თვიანი დროებითი პერმესო სამუშაოს ძებნის მოტივით.
თუ პიროვნება ამ პარამეტრებში ჯდება – დიახ, შეუძლია „პერმესოს“ მიღება, სხვა შემთხვევაში აუცილებელია მოთხოვნა დამქირავებლის მხრიდან.
_ თუ არალეგალური იმიგრანტი ე. წ. „სანატორიას“ საფუძველზე მიიღებს ქვეყანაში ცხოვრების და მუშაობის უფლებას (6 თვით), მან აუცილებლად აგროსფეროში ან ოჯახში დამხმარედ და მომვლელად უნდა იმუშაოს თუ სხვა სახის სამსახურშიც შეუძლია დასაქმდეს?
_ მთავარია მიიღო „პერმესო“, მერე სადაც და როგორც გინდა, იქ იმუშავე. „პერმესოში“ არაა ნაჩვენები სფეროები, გაიცემა ზოგადად, მუშაობის ნებართვით.
ზოგადად, ამჟამად მოქმედი საიმიგრაციო კანონმდებლობით, რა შემთხვევაში შეუძლია ჩვენს მოქალაქეს ბინადრობის უფლება მიიღოს (თუ ჯერ არ აქვს), ან გააგრძელოს (თუ ვადა გასდის; მაგ., აგვისტოში გასდის მის ბინადრობის უფლებას ვადა)? აგრეთვე, საინტერესოა ბოლო დროს იტალიის საიმიგრაციო კანონდებლობაში რა ცვლილებებია კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე, ზემოაღნიშნულის გარდა.
ამ ეპიდემიის გამო მოხდა ყველა იმ ნებართვისა თუ სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე, რომელთაც ძალა დაკარგეს 2020 წლის 31 იანვრის შემდეგ. ბინადრობის უფლების მიღება და გაგრძელება ხდება ბევრი მიზეზით: სწავლა, მკურნალობა, საოჯახო საკითხები… ტურისტული მიზნებით ქვეყანაში შემოსვლის ნებართვა არ ექვემდებარება გაგრძელებას. 90 დღის შემდეგ პიროვნებამ უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია, წელიწადში 180 დღე შეუძლია, რომ დარჩეს იტალიაში. ძალიან საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბევრმა ჩვენიანმა არ იცის, რომ დიდი ხნით როცა შემოდის ქვეყანაში, აუცილებელია, 8 დღის განმავლობაში კვესტურაში განაცხადოს იტალიაში ყოფნის შესახებ.
_ ერთ-ერთმა მკითხველმა ამ კითხვით მოგვმართა: „7 წელია, იტალიაში ვიმყოფები (სავარაუდოდ, არალეგალურად – ნ. ლ.), აგვისტოში ჩემს პასპორტს ვადა გასდის და ამ პასპორტით თუ შემიძლია „სანატორიას“ საფუძველზე ბინადრობის უფლება ავიღო?“
_ მოთხოვნა შესაძლებელია გაიგზავნოს ვადაგასული პასპორტის მონაცემებითაც, მაგრამ კვესტურაში გამოძახების დროს თან უნდა გქონდეთ პასპორტი, რომელიც ძალაშია.
_ თუ შესაძლებელია, რომ ესპანეთში მიღებული ბინადრობის და მუშაობის უფლება იტალიაში შეიცვალოს (კონვერტირდეს) იტალიაში ბინადრობის და მუშაობის უფლებად (ანუ ადამიანი, რომელსაც აქვს ესპანეთში ბინადრობის და მუშაობის 5-წლიანი უფლება, 2024 წლამდე, ამჟამად იტალიაშია და გვეკითხება, თუ შეიძლება ამ საბუთის შეცვლა იტალიურით)?
_ ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის სამუშაო ნებართვა ძალაშია იტალიაში. მთავარია, რომ პიროვნებამ ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, 8 დღის განმავლობაში, განაცხადი გააკეთოს კვესტურაში იტალიაში ყოფნის შესახებ.
ერთ-ერთი მტკივნეული თემაა არალეგალურად მომუშავე ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა. ხშირად მათი უფლებები ირღვევა და არა აქვთ საშუალება, რომ ამას კანონიერი პასუხი გასცენ (მაგ., ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში ერთი ქალბატონი წერდა, რომ ბოლო 2 თვის ხელფასი არ მისცეს). რას ურჩევდით თქვენ, როგორც ადვოკატი, ასეთ მოქალაქეებს?
მთავარია, ჯერ თვითონ გაარკვიონ, რა უნდათ. თუ უნდათ დაკლებული, არასწორად გადახდილი თანხის ანაზღაურება – ძალიან მარტივია: კანონის ძალით!
„უი, არა! როგორ? ვუჩივლო?! არა, გენაცვალე, მაგას ვერ ვიზამ!“ – აი, ასეთია უმრავლესობის პოზიცია.
წყარო: ქართველები სალერნოში