“თუკი არ იცი, სად არი ფიქრის გორა, ღმერთმა კვლავ დაახლოვებითაც ნუ გაცოდინოს” – რას წერდა “დროება” თბილისის უბნის შესახებ 

ძველ დროში, როცა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ტექნიკური პროგრესი და ურმების ხანა იდგა საქართველოში, ქალაქი “ტფილისი” რუსთაველის მოედნამდე არ იყო მისული, რუსთაველი შენდებოდა და მას “გოლოვინსკი” ერქვა, ქალაქის გარეუბანს, დღევანდელ ვერას, აგურის უბანს ეძახდნენ, რადგან ამ ადგილებში უხვად იყო აგურის სამშენებლო მასალა წითელი თიხა-მიწა, გაზეთ “კომუნისტის” ყოფილი რედაქციის მიმდებარე ტერიტორია. მის იქით დასახლება არ იყო.​

​დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქისკენ მომავალ მგზავრს დღევანდელ გმირთა მოედანზე უნდა გამოევლო და ქალაქში ვერის აღმართის გავლით შემოსულიყო. ქალაქის მოსახლეობა, ვინც ელოდებოდა თავისიანის მოსვლას, რადგანაც ზუსტ დროს ვერ ადგენდა, მიდიოდა ამ გორაზე, ჩამოჯდებოდნენ და გაჰყურებდნენ გზას, რომელიც ამ მაღლობიდან ხელისგულივით მოჩანდა, ისხდნენ, იცდიდნენ, ზოგჯერ რამდენიმე დღის, ზოგჯერ მთელი კვირის და, ალბათ, თვის განმავლობაში. მგზავრი თუ შორი გზიდან მოდიოდა, მისიანები მის მოლოდინში ფიქრებსა და ოცნებებში იძირებოდნენ. სწორედ ამიტომ შეარქვეს ამ ადგილს “ფიქრის გორა”.

თუმცა, 1885 წელს გაზეთი “დროება” თბილისის ამ უბნის სულ სხვა, არცთუ სასიამოვნო მახასიათებლის შესახებ წერდა: 

„…იცი, მკითხველო, სად არის ფიქრის გორა? თუ არ იცი, ღმერთმა კვლავაც დაახლოვებით ნუ გაცოდინოს და შორიდამ კი მე გაგაცნობ.

ეს გორა ვერაზეა და თითქმის ყველა გაკოტრებულის საკუთრებას შეადგენს. რომელი გაკოტრებული ვაჭრის ნახვაც გინდოდეს, აქ მონახე, უსათუოდ უპოვი, მეტადრე თუ ზაფხულიც არის.

ქალაქში რომ სასამართლოს ბოქაულებისაგან მოსვენება არა აქვთ – აქ მოდიან, მცირე ხანსაც არის აქ მოასვენონ გაკოტრებული გული.

კარგი ალაგი კი ამოურჩევიათ. ისეთი მშვენიერი გადასახედი აქვს ამ გორას, რომ უკეთესი არ შეიძლება: როგორც ხელის გულზედ, ისე დასცქერი იქიდამ მუშტაიდის ბაღებს, რომელთ გვერდითაც „ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა და მის ზვირთებში ჰკრთის ლაჟვარდი ცისა კამარა“, – გაზეთი „დროება“, 1885 წ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები