ქართველი მეფუტკრის 3 დოლარითა და ნათხოვარი ჩანთით დაწყებული გზა კონფუცისეულ ბედნიერებამდე
1998 წელს ნათხოვარი ჩანთით და სამადსამი დოლარით უცხო ქვეყანაში წავიდა. ქვეყანაში, რომელიც მაშინ გაცილებით შორს ჩანდა, ვიდრე ახლა… მძიმე 90-იანების მემკვიდრე არანაკლებ მძიმე 2000-იანებში უკეთესი მომავლისა და მეტი განვითარების ძიებამ თეა სოიტაშვილი 3000 კილომეტრით შორს, გერმანიაში ჩაიყვანა. 23 წლის გოგონა, რომელიც მაშინ გერმანიაში ძიძად მუშაობდა, ახლა საკუთარ 2 შვილს – გიორგის და ნიკოლოზს ზრდის, წარმატებული კარიერის შემდეგ, ცხოვრების მთავარ საქმედ მეფუტკრეობა იქცია და შეიძლება ითქვას, საკუთარი ბედნიერებაც იპოვა. თუმცა, არასდროს დაუკარგავს ის, რამაც აქამდე მოიყვანა, არ დავიწყებია „ვისი გორისაა“ და სამშობლოსაგან შორსაც ქართულ საქმეს აკეთებს. 22 წლის წინ საქართველოდან წაღებულ 3 დოლარს დღესაც საფულით დაატარებს, როგორც მის მიერ განვლილი გზის შეხსენებას.
„ის 3 დოლარი საფულეში მაქვს, გამოსაჩენ ადგილას. შეუძლებელია დღის განმავლობაში რაიმე შევიძინო, რაიმე გადავიხადო და საფულეში თვალი არ მოვკრა ამ კუპიურებს. არ უნდა დამავიწყდეს, ვინ ვარ, საიდან მოვდივარ და რა გზა გამოვიარე“
გზამ, რომლის გავლაც რეალურად 45 წლის წინ დაიყო, საბოლოოდ გერმანიის ქალაქ დარმშტატში მიიყვანა – ახლა მის ცხოვრებაში მეუღლე, 2 ვაჟი, 23 ძირი ფუტკარი, პატარა ტყე და ეზოში გაშენებული ქართული ბაღია.
მშობლიური დაბა აგარიდან „დირბულას“ ნერგებიც წაიღო და საკუთარ ეზოში ქართული ხეივანი გაიშენა. თითქოს რაღაცით ჰგავს „მთისა და მუჰამედის“ ამბავს – სამშობლოში ხშირად ჩამოსვლას რომ ვერ ახერხებდა, თავისთან წაიღო საქართველოს პატარა ნაწილი, თუმცა საკმარისად დიდი იმისათვის, ინტერვიუს მსვლელობისას ცრემლიანი თვალებით აეხედა- „აქ რომ ვზივარ და ცაში ვიყურები, ასე მგონია, საქართველოში ვარო“.
„მე და ჩემმა მეუღლემ, ფაქტობრივად, 3 ქვეყანაში ვიცხოვრეთ – სანამ საბოლოოდ აქ დავსახლდებოდით, ამერიკასა და ჰოლანდიაში ვმუშაობდით. ერთხელაც ვთქვით, რომ სადმე უნდა დავფუძნებულიყავით. მის მშობლებთან ვიყავით სტუმრად, როცა სახლის ფანჯრიდან გაიხედა და ზუსტად ისე დაიწყო ჰორიზონტზე გამოჩენილი მთების სახელების ჩამოთვლა, აგარაში ჩემი პაპა რომ გახედავდა ხოლმე და იტყოდა, ამ მთას ასე ჰქვიაო. მე ჩემი სამშობლოსგან ისედაც შორს ვიყავი და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მნიშვნელობა ვერც ექნებოდა, აქ ვიცხოვრებდით თუ სხვაგან, თუმცა ეს მისი სახლი იყო, მისი მშობლიური გარემო და მინდოდა, ის მაინც არ მოწყვეტოდა ამ ყველაფერს, ამიტომ სწორედ აქ და სწორედ ისე ავიშენეთ სახლი, ჩვენმა ფანჯრებმაც იმავე მთებს უყურონ, რომელთა სახელებიც ჩემი მეუღლისათვის მშობლიურია.“
სახლის შემდეგ ხეხილის ბაღნარი შეიძინეს და ზუსტად ისე, როგორც საქართველოში გვჩვევია, საკუთარი ბაღის მოსავლისაგან ჯემებს ამზადებს. რეცეპტები ალბათ ოჯახურია, თუმცა გონებაში იმდენად გამჯდარი, რომ ვერც იხსენებს, როდის ისწავლა.
„ბაღი რომ შევიძინეთ, ბოლო ვიყავი მსურველთა სიაში, როგორც კი ვნახე, მივხვდი, რომ ეს ბაღი მინდოდა, ზუსტად ისეთი, როგორიც იყო, არაფერს შევცვლიდი… აი, შინაგანად რომ იგრძნობ, რომ შენია. ამ ბაღის მოსავლიდან ქართულ ჯემებს ვამზადებ, სპეციალური სერტიფიკატი მაქვს მოპოვებული და ადგილობრივ საკონდიტროებთან ვთანამშრომლობ.“
ჯემების მზადება ოდნავ მოგვიანებით დაიწყო – მისი მთავარი საქმიანობა კი მაინც მეფუტკრეობაა.
„სამსახურს თავი ბავშვების გამო დავანებე, მინდოდა, მე თვითონ გამეზარდა, მე ჩამომეყალიბებინა მათთვის ღირებულებები და მათ გვერდით ვყოფილიყავი… სახლსა და ბაღს ვუვლიდი და სიმართლე გითხრათ, ბედნიერს მხდიდა ეს ყველაფერი. ერთ დღესაც კონფუცის ფრაზას გადავაწყდი – ადამიანი თუ ბედნიერია, ის აიშენებს სახლს, გააშენებს ბაღს და ამ ბაღში სკა ეყოლებაო. რომ დავფიქრდი, კონფუცის მიხედვით, ჩემს ბედნიერებას მხოლოდ სკა აკლდა. პაპაჩემი ამბობდა, ფუტკარს ბედნიერება მოაქვსო და გადავწყვიტე, ამ საოცრად მშრომელ არსებებს ჩემი წილი ბედნიერებაც მოეტანათ. თავიდან 3 ძირი შევიძინე, შემდეგ გამრავლდნენ, ახლა 23 ძირი მყავს და ვამზადებ ნატურალურ თაფლს“.
მოწესრიგებულ და ბიუროკრატიის მოყვარე გერმანელებს არც მეფუტკრეობის სფეროს რეგულირება გამორჩენიათ, ამიტომ თეამ მეფუტკრეთა ასოციაციის კურსები გაიარა და საქმიანობის ნებართვაც მიიღო. ახლა მისი თაფლის ეტიკეტზე სწორედ ამ ორგანიზაციის მარკაა დატანილი, რაც ერთიორად ზრდის პროდუქციის პრესტიჟს. თაფლი და ჯემები დარმშტატის საკონდიტროს 28 ფილიალში იყიდება და რასაკვირველია, ნებისმიერ მსურველს, მით უფრო ქართველს, სახლიდანაც ატანს თავისი ხელებით დაწურულ თაფლს. თუმცა, ქართველებისათვის შეთავაზების მაინც ერიდება – ვაითუ ისეთი გემო არ ჰქონდეს, საქართველოში მათი პაპების მიერ დაწურულს რომ ექნებოდა.
„ბერლინელმა ქართველმა შეიძინა ერთხელ ჩემი თაფლი და თავის პატარა გოგონას გაასინჯა. არასოდეს დამავიწყდება მისი რეაქცია და თვალები, ბედნიერმა როგორ თქვა, პაპას თაფლივით გემო აქვსო.“
ახლა მაისია, მეფუტკრისათვის ყველაზე აქტიური სეზონი, ამიტომ დრო ძალიან ცოტაა. მეფუტკრის დილა გათენებამდე იწყება და სრულდება მაშინ, როცა მზე ჰორიზონტს დიდი ხნის მიფარებულია. შრომატევად საქმეში ბავშვები ეხმარებიან – 5 წლის გიორგის მთავარი დახმარება გამხნევებაა, როცა სასუსნავის მოლოდინში თვალებგაფართოებული უყურებს სკიდან ამოღებულ ფიჭას და ელოდება, როდის მოუტეხავენ პატარა ყუას. ნიკოლოზი კი დედის ნამდვილი ასისტენტია.
ქართული ოჯახური ცხოვრებიდან კი ღრმა ბავშვობის ერთი მოგონება შემორჩა, მაშინ 13 წლის იყო და ოჯახთან ერთად სურამში ისვენებდა.
„დედასთან ერთად სურამში ვისვენებდით, თითქმის მთელი თვე ვიყავით იქ. ჩვენს სახლთან ახლოს მიუსაფარი ბავშვების თავშესაფარი იყო. ერთი ბიჭი მახსოვს, მანუჩარი ერქვა, სათამაშოდ მოვიდა ჩვენთან, ფეხებზე რომ შევხედე, მის ფეხსაცმელს ლამის საერთოდ არ ჰქონდა ძირი, დედამ ჰკითხა, თუ რას აჭმევდნენ – „წუხელ კილკა გვაჭამესო“ – უპასუხა ბიჭმა. ეს ის დროა, როცა კილკას (თევზის კონსერვი) არავინ ჭამდა. მერე შევამჩნიე, რომ ბავშვები დამსვენებლებს თვალს არ აშორებდნენ, იქნებ ვინმეს „ბურბუშელა“ დავარდნოდა, რომ აეღოთ და ეჭამათ. ჩვენი იქ ყოფნისას, ერთი პატარა გოგო მიიყვანეს. მახსოვს, როგორ ეცვა სახლიდან გამოყოლილი ლამაზი კაბა, როგორ გაჭუჭყიანდა და გაიხა ეს ტანსაცმელი ნელ-ნელა და როგორ შეიცვალა თავშესაფრის ფორმით. დედამ მთელი ჩვენი ტანსაცმელი იქ დატოვა, 1 ხელით წამოვედით – მხოლოდ იმით, რაც ტანზე გვეცვა.“
ბავშვობის ეს ისტორია ღრმად დაილექა მის გონებაში და გადაწყვიტა, მსგავს პირობებში მყოფი ბავშვებისათვის რაიმე გაეკეთებინა. პირველი ნაბიჯი მათთვის ტანსაცმლის შეგროვება იყო.
„შევამჩნიე, რომ ძალიან ბევრ ტანსაცმელს ყრიდნენ აქაურები, უბრალოდ მივედი და ვუთხარი, რომ არ გადაეყარათ, მოეცათ ჩემთვის, მე გავრეცხავდი, მოვაწესრიგებდი და საქართველოში მათ გავუგზავნიდი, ვისაც ეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. წარმოუდგენლად აიტაცეს იდეა და ერთ დღესაც მთელი ოთახი ტანსაცმლით გაივსო. პერიოდულად, შეძლებისდაგვარად ვაგზავნი ამ ნივთებს საქართველოში.”
წელს ქველმოქმედებისათვის ახალი გზაც მოიფიქრა, ნაცვლად იმისა, ემიგრანტებთან გამოსულიყო ინიციატივით – თითოეულ მათგანს კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 2-2 ევრო ჩაერიცხა ბავშვების დასახმარებლად, როგორც ტიპურმა მშრომელმა ადამიანმა, თხოვნას საქმე არჩია. საკუთარ ბაღში მოყვანილი ტყემლისაგან ქართული საწებელი დაამზადა და ქართველ ემიგრანტებს ზუსტად 2 ევროდ სთავაზობს, შემოსული თანხა კი საქართველოს ერთ-ერთ ბავშვთა სახლს მოხმარდება.
„ვფიქრობდი, რომ რაღაც ახალი უნდა გამეკეთებინა და ეს მოვიფიქრე, დაახლოებით ასე გამოიყურება – მე ვშრომობ, თქვენ მიირთმევთ გემრიელ ტყემალს და ყველანი ერთად ბავშვებს ვეხმარებით. ბევრმა ქართველმა, როცა გაიგო, რასაც ემსახურებოდა ეს საქმე, ტყემლის ღირებულებაზე გაცილებით მეტი თანხა ჩარიცხა.“
ქართველ ახალგაზრდებზე ხშირად ფიქრობს. ფიქრობს იმაზე, როგორ შეიძლება მათში ეროვნული გრძნობები გაღვივდეს, როგორ უნდა განიცადონ ის, რასაც ადამიანი მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა კარგავს – ალბათ, ადამიანი ემიგრაციაში უფრო აფასებს საკუთარ სამშობლოს.
თავად კუბდარი არ გაუსინჯავს, მეგრული ხაჭაპურის გამოცხობა კი გერმანიაში ისწავლა – საკუთარი მაგალითით გული წყდება ყველა იმ ქართველზე, ვინც ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის სამშობლოზე, ვინც საქართველოს კუთხეებს, ტრადიციებს და ცხოვრების წესს არ იცნობს; ქალაქში მცხოვრებ ბავშვებზე, რომლებმაც არ იციან, როგორ თენდება სოფელში, როგორია დილის ქარისაგან აბურძგნული ყანა და რამდენ ოფლად ღირს, ოჯახში შემოტანილი თითოეული თეთრი. სწორედ ამიტომ განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართვას:
„ძალიან მინდა, ყველა იმ ადამიანამდე მივიტანო ეს სიტყვები, ვისაც რაიმე შეცვლა შეუძლია. იქნებ მომზადდეს მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები სკოლებში. წარმოიდგინეთ, აჭარელი რომ სვანეთში ჩავა, რამდენიმე თვეს იქ ისწავლის, ან მეგრელი – კახეთში, რაჭველი – სამცხეში და ა.შ როგორ გაიცნობენ და შეიყვარებენ საქართველოს და რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ეს პროექტი მათთვისაც.“
საქართველოს გაცნობა – ის, რასაც ქართველი ბავშვებისთვის ნატრობს, შესანიშნავად გამოუვიდა საკუთარ ოჯახში. 11 წლის ნიკოლოზი საუბრობს ქართულად და ინტერვიუს მსვლელობისას ომახიან მოკითხვასაც გვითვლის, გიორგის ყველაფერი ესმის, თუმცა საუბრის ცოტათი ერიდება. მეუღლე, პეტრე, საქართველოში პირველი ვიზიტისას მართლმადიდებლადაც კი მოინათლა.
„ძალიან უჩვეულო ისტორიაა, რომ ჯერ ჩემი მეუღლე მოინათლა მართლმადიდებლად, მერე ჩემი შვილები და ყველაზე ბოლოს – მე. საქართველოში რომ ჩამოვედით სულ პირველად, რუსთაველის გამზირზე ვსეირნობდით, უცებ შევიდა ქაშვეთის ეკლესიაში და ჩემთვის ძალიან მოულოდნელად თქვა, რომ მართლმადიდებლად უნდა მონათლულიყო. აბსოლუტურად მისი ინიციატივა იყო“
ასე გახდა გერმანელი პეტერი პეტრე, რომელსაც თეაზე არანაკლებ უყვარს საქართველოში სტუმრობა. როგორც ამბობენ, რამდენი წელიც არ უნდა იცხოვროს ქართველმა სხვა ქვეყანაში, ბოლოს მაინც საკუთარ მიწას უბრუნდება. ალბათ, ყველა გზა რომში კი არა, სამშობლოში მიდის.
„მე საქართველოდან კარები არ გამომიხურავს, მე არ მომიჭრია დასაბრუნებელი გზა- არც მამისეული სახლი გამიყიდია. მე საქართველოში უნდა დავიმარხო. თვითმფრინავში ილუმინატორთან მიყვარს ჯდომა, რომ გადმოვხედავ ზევიდან ჩემს ქვეყანას, სულ სხვა განცდაა – მე საქართველოს მიწიდან ვიცნობ, ციდან კი კიდევ უფრო მეტად მიყვარს. ერთხელ, მეუღლესთან ერთად საქართველოდან მოვფრინავდი, ვთხოვე, ჩემთვის ილუმინატორთან ადგილი გაეცვალა, რაზეც ჩემდა გასაკვირად უარი მივიღე. მომიტრიალდა და ასეთი რამ მითხრა – თეა, არავინ იცის, რა იქნება მომავალში და ისეც რომ მოხდეს, ჩვენ ერთად არ ვიყოთ, მე საქართველოში უნდა დავიმარხოო. მოტრიალდა და ზუსტად ისეთი ცრემლიანი თვალებით უყურებდა ციდან საქართველოს, როგორც მე.“
საქართველოში დაბრუნება უახლოეს გეგმებში არ შედის – ახლა გერმანიაში აქვს პატარა საქართველო „დირბულას“ ხეივნით ქართული ჯემებითა და თაფლით, საკუთარი ხელით დამზადებული სანელებლებითა და ძველებური ქართული ღუმლით, რომელშიც ოჯახისთვის ხშირად ცხვება ქართული ხაჭაპური. როგორც ამბობს, გეგმებით არ ცხოვრობს:
„რთულია გიპასუხოთ კითხვაზე, რა იქნება მომავალში. აი, ის ბიჭი, წეღან რომ კამერაში ხელს გიქნევდათ და გამარჯობას გითვლიდათ, სულ რაღაც 600 გრამი დაიბადა. რამდენიმე თვე ჩვენ სიცოცხლისთვის ვიბრძოდით. წარმოშობით თურქმა ექიმმა გადამირჩინა 11 წლის წინ და მთხოვა, შენი შვილი რომ გიმნაზიაში წავა სასწავლებლად, აუცილებლად გამაგებინეო. ახლა ვეძებ, არ ვიცი, როგორ უნდა მივწერო და შევახსენო თავი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვუთხრა, რომ ნიკოლოზი გიმნაზიაში მიდის. ამ შემთხვევამ მასწავლა, როგორ დავაფასო ყოველი დღე და ყოველი წამი, ვიცხოვრო დღეს, შევიგრძნო დღევანდელი დღე – თუმცა, მომავალზე ფიქრს მაინც არასდროს ვწყვეტ. უბრალოდ, არაფერს ვგეგმავ – ალბათ, ერთადერთი, რაც ახლა ნატვრასავით მაქვს, ქართულ სკოლებში მოსწავლეების გაცვლითი პროგრამაა.“
თამუნა ზარანდია