“უსახელო” ფერადკანიანი

ნატა ლეონე(ნათია ლეონე) გერმანიაში ცხოვრობს და სოციალურ ქსელში ერთი პატარა, ნამდვილი ამბავი გაგვიზიარა ფერადკანიან მამაკაცზე(არ ვიცი ამ პოსტის გამომწვევი რამდენად იყო ამბავი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა და რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა). ჩვენ კი ამ ისტორიას თქვენ გაგიზიარებთ.

„ჩემს პატარა პროვინცში, სადაც მე ვცხოვრობ (გერმანიაში), ავტობუსის გაჩერებაზე ხშირად წააწყდებით ფერადკანიან მამაკაცს რომელსაც ძალიან “ჭუჭყიანი” ტანისამოსი აცვია და ზამთარ-ზაფხულ ფეხშიშველი დადის…

ასე ამბობენ ფსიქიური პრობლემები აქვსო…

არასდროს არაფერს გვიშავებს, ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს მსგავსი რამ, მაგრამ როდესაც მას ვხედავ არეული გრძნობები იყრის თავს სხეულში – შიშის, უძლურების და სიბრალულის, რომელიც ასე ძალიან მძულდა ყოველთვის.

დღეს გამთენიისას ავტობუსის გაჩერებაზე მისულს ისევ იქ დამიხვდა იგი, იგივე შავი ტანისამოსით და ისევ ფეხშიშველი…

მის ტერფებს რომ დავაკვირდი გული მომიკვდა, ფეხის გულებზე ღია ჭრილობები ჰქონდა და წინ და უკან დადიოდა გაჩერებაზე…

ეტყობა ფეხის ტერფები ისე სტკიოდა, რომ დრო და დრო ჩერდებოდა და ტერფს ოდნავ მაღლა სწევდა…

ცრემლები მომერია…

სხეულში აგორებული უძლურების გრძნობა ლოდის ოდენად დამადგა გულზე და სუნთქვა შემეკრა.

არ ვიცი სხვები რას განიცდიან როცა მას ხედავენ, მაგრამ მე თავს ვიდანაშაულებ ყოველთვის, როცა მას ვხედავ, ვერაფრით ვშველი და მეჩვენება, რომ საოცრად სუსტი და პატარა ადამიანი ვარ, რომელიც ბევრს ვერაფერს ახერხებს ამ ქვეყნად…

ფიქრებში ისე ღრმად ვიყავი ჩაფლული ვერც კი შევამჩნიე, რომ ავტობუსი მოვიდა, უცებ ზურგიდან ვიღაც მომიახლოვდა და მხარზე შემეხო, ყურასასმენები მოვიძრე და მოვტრიალდი,

ჩემს წინ ის ფერადკანიანი უსახელო მამაკაცი იდგა.

-მოვიდა,- მითხრა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია თითქოს და აშინებდა ჩემთან სიახლოვე.

ავტობუსს გავხედე და ცრემლები მომერია…

-თქვენ?-ვკითხე მოწიწებით.

-მე?-მკითხა და გაორებული მზერა მესროლა, ალბათ აღარ ახსოვდა თვითონ რა უნდოდა, წასვლა უნდოდა, თუ დარჩენა.

-აჰ,-წამოიძახა უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდა.

-ველოდები,- მიპასუხა და სევდიანი მზერა ესროლა ასფალტს.

ღმერთო, რა უძლური ვიყავი იმ წუთას…

ავტობუსი რომ დაიძრა ისევ მას ვუყურებდი…

ის ვერავის ხედავდა ამ ქვეყნად საკუთარი სამყაროს გარდა,

სადაც რაღაცნაირად დაცულად გრძნობდა, ალბათ, თავს, თორემ სხვაგვარად დამფრთხალი შიშნარევი თვალებით არ დაიხევდა უკან და როცა მე მასთან გამოლაპარაკებას ვცადე.

ყველაზე ამაღელვებელი ჩემთვის ის მომენტი იყო, როცა სახლისკენ გეზი ავიღე და ავტობუსში ჩავჯექი.

ჩემს გაჩერებაზე რომ ჩამოვედი სუნთქვა შემეკრა, ჩემთვის “უსახელო” ფერადკანიანი მამაკაცი ახლა საპირისპირო ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, ანუ იმ მხარეს სადაც მე ჩავედი…

ავტობუსის გაჩერებაზე ჩამოსულს გულმა არ მომითმინა და ფრთხილად მივუახლოვდი, მან რამდენიმე ნაბიჯით ისევ უკან დაიხია…

-Wie heißen Sie?(რა გქვიათ?)-, ისე ფრთხილად ვკითხე რომ ჩემი დასმული კითხვის თვითონვე შემეშინდა.

ჯერ დაფიქრდა, თითქოს აღარ ახსოვდა ვინ იყო…

-Chris(ქრისი),-უცებ წამოიძახა.

-Nein, ich heiße Tom,(არა, მე ტომი მქვია),-ისე ხმამაღლა თქვა, თითქოს აპროტესტებდა მის პირველ სახელს.

დამშვიდობებისას არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის, ლამაზი დღე მესურვებინა თუ ბედნიერება, თუმცა გულის სიღრმეში ვიცოდი სწორი ალბათ არცერთი იქნებოდა და არც მეორე, რადგან მას არცერთი ებადა.

გული მეტკინა, რომ მან ისიც კი აღარ იცოდა ქრისი იყო თუ ტომი…

მაგრამ ვინ ვიყავით ჩვენ?

რომლებმაც ჩვენი სახელები ჯერ კიდევ ვიცოდით, მაგრამ ბევრი მაინც არაფერი შეგვეძლო ამ ქვეყნად…

პ.ს წასვლისას ხელი დავუქნიე.

ის ისევ იმ ადგილას იდგა და ერთი და იგივეს იმეორებდა…

-Nein, ich heiße Tom( არა, მე ტომი მქვია)…

/ნამდვილი ამბავი/

ნატა ლეონე“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.