“ჩვენთვის მთავარი საზრუნავი ჩვენი სამშობლოა, რომელსაც წლებია, ფიზიკურად მოწყვეტილები ვართ” 

 ქართველი ემიგრანტები რომ მუდამ თავიანთი სამშობლოს გვერდით არიან, ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. მათ შორის, არც “ქართული კვირის” მკითხველისთვისაც –  ჩვენ მუდმივად გაწვდით ინფორმაციას იმ საქველმოქმედო აქტივობების შესახებ, რლებსაც ჩვენი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორიციელებენ და ასე ეხმარებიან განსაკუთრებით გაჭირვებული ოჯახებს საქართველოში.

“ამერიკელი ქართველები პროგრესისათვისახლადშექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის მესვეურებსაც სურთ, ამერიკაში მცხოვრები ქართველები ერთი მიზნისთვის გააერთიანონ და ​ მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ მათ თანამემამულეებს ცოტათი მაინც შეუმსუბოქონ მდგომარეობა. 

ფონდის საქმიანობასა და მიზნებზე მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით ცქიფურიშვილი გვიყვება:

“მე ვარ დავით ცქიფურიშვილი, ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის „ამერიკელი ქართველები პროგრესისათვის“ (AGP) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ორგანიზაციის დამფუძნებლები ასევე არიან ქალბატონი ქრისტინა ფუშაუ და ბატონი თამაზ ალვანელი. მოგესალმებით და გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომლის 102-ე წლისთავს ვზეიმობთ წელს. ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა მოპოვებულია ჩვენი წინაპრების დაღვრილი სისხლით და იგი 9 აპრილის გმირობითაა განმტკიცებული.

მინდა მოგმართოთ ამერიკაში მცხოვრები პატრიოტი ქართველების ერთი ნაწილის სახელით და გაცნობოთ, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ უკვე განახორციელა რამოდენიმე საქველმოქმედო აქტივობა საქართველოში კორონა ვირუსით დაზარალებულთა და ხელმოკლეთა დასახმარებლად. ამ ყველაფერს კოორდინაციას ორგანიზაციის პრეზიდენტი, ქრისტინა ფუშაუ უწევს იქ, საქართველოში.

მინდა მოკლედ გესაუბროთ ჩვენი ორგანიზაციის -ამერიკელი ქართველები პროგრესისათვის მიზნებზე. ჩვენთვის მთავარი საზრუნავი ჩვენი სამშობლოა, რომელსაც წლებია ფიზიკურად მოწყვეტილები ვართ, მაგრამ ყველა ჩვენგანის გული მისთვის ძგერს და საკუთარ თავს დამნაშავეებადაც კი ვთვლით, თითქოს ის გაჭირვებაში მივატოვეთ. ჩვენი ამ გაუსაძლისი ტკივილის შესამსუბუქებლად და თანამემამულეების დასახმარებლად შეიქმნა ეს ორგანიზაციაც. მასში მრავალი ღირსეული ამერიკელი ქართველია გაწევრიანებული. ჩვენ მიზნად დავისახეთ ასე შორიდან, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ იმ თანამემამულეებს, რომელთაც საციცოცხლო პირობების შენარჩუნება და გადარჩენისათვის დახმარება ესჭიროებათ.

როგორ ვაპირებთ ჩვენი მიზნის განხორციელებას. პირველ რიგში ვაპირებთ ამერიკელი ქართველი ემიგრანტების გაერთიანებას, იმ ადამიანების, ვისთვისაც საქართველოს დასავლური კურსი წარმოადგენს რუსული დამპყრობლისაგან განთავისუფლებისა და განვითარების ერთადერთ გზას. ორგანიზაცია “ამერიკელი ქართველები პროგრესისათვის” არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. ამერიკაში ასეთი პროფილის ორგანიზაციებისათვის შექმნილია სპეციალური ფონდების და გრანტების პროგრამები. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა ასეთი გრანტების და ფონდების მოპოვება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მიზნების განხორციელებაში. გვინდა, რომ ჩვენი ორგანიზებულობით, გამჭვირვალე საქმიანობით დავანახოთ მათ, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული მოხალისეების ერთობა, შექმნილი სხვათა დასახმარებლად როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაშიც. დონორ ორგანიზაციებს უნდა გაუჩნდეთ ჩვენს მიმართ ნდობა და თანამშრომლობის სურვილი. ჩვენი ორგანიზაცია ასევე ერთმანეთთან დააკავშირებს ამერიკაში გაბნეულ ქართველებს და საქართველოს მეგობარ ამერიკელებს, ორგანიზაცია ასევე აქტიურად ითანამშრომლებს ამერიკის ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელთან.

ჩვენი მიზანია, რომ დავეხმაროთ თანამემამულეებს ღირსეული და სამართლიანი ცხოვრების პირობების შექმნაში. რათა მისი მოქალაქეები დამაგრდნენ მშობლიურ ადგილებში და ავარიდოთ საქართველო ძირძველი მოსახლეობისგან დაცლას.

ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკის ქართულ ემიგრაციას სასიკეთო ფუნქციის შესრულება შეუძლია ორი ქვეყნის მეგობრობის განმტკიცებაში და ამით საქართველოს დასავლურ ცივილიზაციებთან სრულფასოვან პარტნიორობაში. არ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შედეგებს საქართველოს ყველა ხელმოკლე ოჯახი იგრძნობს სწრაფად, მაგრამ მოქმედება აუცილებლად დასაწყები რომაა, ამაში ეჭვი არ გვეპარება. გვინდა, რომ ჩვენმა აქ გაზრდილმა შვილებმაც არ გაწყვიტონ კავშირები თავიანთ ფესვებთან და ეს ორგანიზაცია მათთვის კარგი პლატფორმა იქნება მომავალში.

ორგანიზაციას კატეგორიულად ეკრძალება პოლიტიკური პარტიების ან პოლიტიკური აქტივობების დაფინანსება, მაგრამ ყველა ჩვენთაგანი დასავლური ღირებულებების მხარდამჭერია ცალსახად. ორგანიზაციის მდგრადი განვითარებისა და წევრების მიმართ პერიოდულად ანგარიშვალდებულობის განცდის შექმნისათვის, ვფიქრობთ რომ დავაწესოთ ნომინალური საწევრო გადასახადი $20 თვეში, რაც მოტივაციას გაუზრდის მის ყველა წევრს.

მოგიწოდებთ შემოგვიერთდით ამ მამულიშვილურ წამოწყებაში, რათა ხელი შევუწყოთ ქართველების თავიანთ სამშობლოში დამაგრებას და მათ ღირსეულ გარემოში ცხოვრებას, რისი დიდი გამოცდილებაც დაგვიგროვდა ჩვენ აქ, ამერიკაში მოღვაწეობის პერიოდში.

ღმერთმა დალოცოს ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობა და ყველა ის, ვინც ამ მეგობრობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები