საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრული სამი წელი იარსება (1918-1921) და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მისი მემკვიდრეობა დღევანდელი ქართული სახელმწიფოსათვის ფასდაუდებელი გამოცდილება და სიამაყის საგანია.

26 მაისი, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება, იუნკერთა გმირობა და 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმიის თბილისში შემოსვლა ‒ ეს ის ფაქტებია, რომლებიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ კარგად იცის, თუმცა თავისუფლების ეს მცირე პერიოდი ჯერ კიდევ მოითხოვს შესწავლას.

ეს იყო დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც რუსეთის იმპერიის ყოფილ პერიფერიაზე, ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე, ჩაატარა საყოველთაო არჩევნები ორივე სქესის მოქალაქეთა მონაწილეობით; მიიღო კონსტიტუცია; დააფუძნა სახელმწიფო ინსტიტუტები; შეიმუშავა კანონმდებლობა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების დასაცავად; გასაქანი მისცა ქალთა უფლებებს; შექმნა მრავალპარტიული სისტემური მმართველობის კარგი მაგალითი; ჩამოაყალიბა პოლიტიკური აზრისა და დებატების კულტურა.

საქართველოში პირველი რესპუბლიკის შესახებ დოკუმენტების ძირითადი ბაზა, რასაც პირველ რიგში უნდა დაეყრდნოს ჩვენი ცოდნა სამწლიანი

დამოუკიდებლობის შესახებ, საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული. აქვეა 1918-1921 წლების საინტერესო და, ხშირად, უნიკალური ფოტოები.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები