ახლა მათ ეზოებს დაეტყო მზრუნველი პატრონების ხელი – “რა ვქნა, ზეინებ ხანუმზე ვერ ვიდარდებ”

საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ბევრ ადამიანს ნებსით თუ უნებლიედ საკუთარ სახლში დარჩენა მოუწია. ზოგს საკუთარ ქალაქსა თუ სოფელში დარჩა, ზოგიც საკუთარ ქვეყანაში. სამშობლოში დარჩნენ ის მიგრანტებიც, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე მეზობელ ქვეყნებში მიეგმგზავრებოდნენ  და ნაცვლად უცხო ქვეყნის პლანტაციებისა, ახლა მათ ეზოებს დაეტყო მზრუნველი პატრონების ხელი. 

“ნათესავი მყავს ერთი ციცინო, წესიერი ოჯახის ქალია. ადრე დაქვრივდა, სამი ბიჭი დარჩა გასაზრდელი… საქმე წახდა და მეზობლის ქალებმა თურქეთში წაიყოლეს სამუშაოდ. იპოვნა იქ საზღვართან ახლოს როგორც თითონ ამბობს დიდი, მშრომელი ოჯახი და აგერ 15 წელია თავს ევლება იმათ, დედიან ბუდიანად, ბავშვები ციცინომ გაუზარდა, იმათ მოხუცებს ყველას ამან მოუარა, გასათხოვრები გაათხოვა და მოსაყვანებს მოაყვანინა. დიდი ჩაის, ციტრუსის და თხილის პლანტაციები ჰქონიათ…

სეზონზე ციცინოს გამოშომაულებული ქათველი ბიჭები ჩადიოდნენ და მუშაობდნენ ახმედ ეფენდის ეზოში. ისტორიებს რასაც იქიდან დაბრუნებული ჩვენი ხალხი ყვება, მირჩევნია არ დავწერო, რბილად ვთქვა არაა მთლად სასიამოვნო და მით უმეტეს საინტერესო.

დღე არ გავა ციცინოს ზეინებ ხანუმმა არ დაურეკოს და ლოყების ხოკვით არ მოუყვეს რაფერ დარჩა წელს ჩაი მოუკრეფავი, რაფერ დაენგრა წლევანდელი გეგმები და დაკარგა ოჯახმა შემოსავალი, რომელსაც ასე ელოდებოდა.

ამასობაში, სანამ საზღვარი დაკეტილია ციცინომ გადააბზრიალა თავისი თითქმის მიტოვებული ოდა, ბიჭებმა დაბარეს, დათესეს და დარგეს ბახჩა. მათი ეზო ვერ ვიცანი ისე იყო დავარცხნილი და მოვლილი, სათხილე გამოუთხელებიათ და დაუფოცხავთ. მამათილის დატოვებული წისქვილიც ავამუშავეთო მომიყვა. ამაყად მიჩვენებდა გამარგლულ კვლებს და აყვავებულ ვარდებს, წინა ეზოში.. ქვეყნის კეჟერა გამოურგავს მწკრივებად.

ცოტა წაიწუწუნა, ზეინებ ხანუმი და მისი მოუკრეფავი პლანტაციებიც ვიშვიშით გაიხსენა, მარა მერე უცებ გააგრძელა იმედიანად, ხვალ ნადი მყავს, ჩემი ჩაის გადაჭრას და გაახლებას ვაპირებო..
ეს ერთი ციცინოს ამბავია, მგონია მსგავსი ამბები დაგროვდა ნელ ნელა…
რაღაცნაირად მიხარია..
რავქნა, ზეინებ ხანუმზე ვერ ვიდარდებ..
ბოდიში, ახმედ ეფენდი..” –  ზურა შევარდნაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები