წამიღოს წყალმა, რომელსაც ასი ათასობით ქართველი ემიგრანტი მიჰყვება…

იტალიაში, ლეგალიზაციის კანონის მიღებამ ბევრი ემიგრანტი გაახარა, მაგრამ დააფიქრა კიდეც – უნდოდათ თუ არა ისევ იტალიაში დარჩენა. ტოსკანაში მცხოვრები ლელა თოლორდავაც გაორებულია, წამოსვლაც უნდა და დარჩენაც, თუმცა, ჩვენი სურვილები ხშირად არ ემთხვევა იმ მდგომარეობას, რაშიც ვიმყოფებით…

„გაორებული ვარ…

წასვლაც მინდა და დარჩენაც…

აქაც მინდა და იქაც…

ახლა, როცა ლეგალიზაციის შანსი მეძლევა, ვერ გადამიწყვეტია რა მინდა.

ვანიას გამოვუცხადე, რომ ლეგალურად მუშაობა მინდა…

მე არ მაწყობსო, თავიდანვე ხომ მოვილაპარაკეთ, რომ ვერ გაგაფორმებდი, შავად უნდა გემუშავაო… დედას არ აქვს მაღალი პენსია, ჩვენ , შვილები ვამატებთ ფულს, ისე გიხდით ხელფასს , ფესტას და კვირეების ფულსო… კონტრიბუტებს ვეღარ გადავიხდითო…

ვიცი მეთქი, მაგრამ ლეგალიზაციის კანონი რომ მიიღო თქვენმა მთავრობამ, ხომ გავალდებულებთ თქვენთან დასაქმებული პერსონის ოფიციალურ ჩარჩოში ჩასმასთქო…

კი, მავალდებულებს, მაგრამ ჯერ პენსიები გაეზარდათ და მერე მიეღოთ ეს კანონიო. თუ არ მაქვს შემოსავალი, საიდან გადავიხადოო…

მესმის თქვენითქვა, მაგრამ უნდა დამეხმაროთ საბუთების მოგვარებაში და მე გადავიხდი ჩემი ხელფასიდანთქვა…

რატომ უნდა მოაკლო ხელფასსო, რაში გჭირდება ლეგალიზაციაო…

რას ქვია რაშითქო, აბა ისაა კარგი, ახლა სამყაროში დაკარგულივით რომ ვარ, თითქოს არ ვარსებობ. ქუჩაში თავდახრილი დავდივარ, პოლიციამ არ შემნიშნოსთქვა… საბუთი რომ მექნება, თავაწეული მაინც ვივლი და ყველა იმ სიკეთით ვისარგებლებ, რითაც ლეგალურად დასაქმებულები სარგებლობენთქვა…

კიდევ ერთხელ გიმეორებ, არ მაწყობს ხელშეკრულების გაფორმებაო…

კარგი მეთქი სხვა სამსახურს ვიპოვი , თქვენც იპოვეთ ისეთი როგორიც გაწყობთთქო…

ახლა ვერ მიგვატოვებ, ხომ დამპირდი ორი – სამი წელი ჩვენთან დარჩებოდი. სიტყვა- სიტყვააო…

აი, ხელშეკრულება რომ გვქონდეს გაფორმებული, ამ აზრს გულშიც ვერ გავივლებდითქო. ახლა კი, როგორც შავად ვმუშაობ , ისე პირშავად შემიძლია მოქცევათქვა…

დაფიქრდა ხომ იცით… კაიო, დაველაპარაკები ჩემს ძმებს და გეტყვი პასუხსო, მხოლოდ იცოდე კონტრიბუტებს ჩვენ ვერ გადავიხდით, ვერც ხელფასს მოგიმატებთო…

ხოდა, კი დავფიქრდი გუშინს მერე, კარგია საბუთი, მარა თუ ზარალში ვარდები მაწყობს?! ხოდა, ჩემს გაორებას ახლა ესეც დაემატა…

ერთი ტერეზა ბელანოვას ( სოფლის მეურნეობის მინისტრი) ხომ არ მივწერო წერილი, მინისტრებზე წერილის მიწერა კარგად მაქვს დაცდილი. მით უფრო , ეს მარტო ჩემი პრობლემა როდია. იმდენმა შემომჩივლა ყურსაც არ იბერტყავენ ლეგალიზაციის კანონზე ჩვენი პატრონებიო..

ისე, მე რომ მკითხო, ეს კანონი უპირველესად დამსაქმებელისთვისაა , კონკრეტულ შემთხვევაში იტალიელებისთვის, მათ ეკრძალებათ შავი მუშახელის ყოლა…

ხოდა, ჩემო ვანიუს, შენ და შენმი თანამემამულეებო კანონს დაემორჩილეთ, თორემ, სოლიდური ჯარიმის გადახდა მოგიწევთ.

ვიცი ჩემს დღეში ბევრნი ხართ, ეძებთ გამოსავალს. იმედია, რაღაც კონსესუსს მივაღწევთ ოჯახებთან და ისედაც აფორიაქებულ სულს ცოტა დავიწყნარებთ…

რა იქნება ხვალ არ ვიცი, დღეს კი ისეთ ფორიაქს ვყავარ ატანილი, აღარ ვიცი მინდა კი აქ დარჩენა და ლეგალურად მუშაობა?!

წასვლაც მინდა და დარჩენაც!!!

აქაც მინდა და იქაც!!!

ჩემს მონატრებულ შვილებს ჩამახუტა და არაფერი არ მინდა!!!

========

„გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება!!!

გაორება დასრულდა და იმ ხავსს, რომელსაც ვეჭიდებოდი ჩემი ნებით გავუშვი ხელი. დაე, წამიღოს წყალმა და მეც გავყვე იმ დინებას, რომელსაც ასი ათასობით ემიგრანტი ქართველი მიჰყვება…

რადაც არ უნდა დამიჯდეს გავხდები ლეგალი!!!

ბებოს ქალიშვილმა დამდო პატივი და შეათანხმა აპუნტამენტო ( შეხვედრა) კომერჩალისტთან. მანამდე კი დამიზუსტა, რომ ყველაფერი უცვლელად დარჩება, გარდა ერთისა, რომ ჩემი ხელფასიდან გადავიხდი კონტრიბუტებს.

განა სხვა გზა მქონდა, რომ არ დავთანხმებულიყავი. ხოდა, დავთანხმდი…

დაე, რაც მოსახდენია მოხდეს!!!

თქვენი რჩევებიც გავითვალისწინე, მეგობრებო, გუშინდელ სტატუსზე რომ მიმიწერეთ კომენტარად. უფრო ბევრმა პირადში მომწერა, საკუთარი გამოცდილება გამიზიარა. მადლობა თითოეულ თქვენგანს.

განსაკუთრებული მადლობა იმ ერთს, რომლის ქცევამაც მიმაღებინა საბოლოო გადაწყვეტილება.

ერთს კი საყვედური უნდა ვუთხრა საჯაროდ. ბატონო ,,გ ” ამხელა გაშანშალებული წერილი რომ მომწერეთ, ცოტა მაინც დაფიქრებულიყავით, რამ მიმიყვანა მე და ასიათასობით ქართველი დედა ამ ზომამდე.

რომ მწერთ ,, რა გიხარიათ ეს საბუთის გაკეთება, საბოლოოდ რომ მოწყდებით სამშობლოს და იტალიელების მომსახურებაში დაკარგავთ წლებსო”…

აქ უნდა შევწყვიტო, თქვენ გააგრძელეთ!!!“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.