ისტორია და ისტორიები მხოლოდ ქართული საქართველო და ქართველები სლაიდერი წერილები

რას წერდა ბარონ დე ბაი კახეთისა და გურიის რთველზე და ქართულ ღვინოზე

ბარონ დე ბაის მიერ საქართველოზე დაწერილ წიგნებში საინტერესოდ არის აღწერილი მისი თვალით დანახული XIX-XX საუკუნეების მიჯნის საქართველო.

ბარონი კარდენახში რთველს დაესწრო.

„კახეთის ღვინო კავკასიის ღვინოებს შორის ყველაზე ცნობილია. კარდენახში გრაფ შერემეტიევის მამულში სტუმრობისას რთველს დავესწარი. გნებავთ თქვენც დაესწროთ? ამ მხარეში ყველაფერი სადა და პოეტურია, თვით ყურძნის წვენის მიღების წესიც კი.

თავდაპირველად გაჩვენებთ ვენახს, რომელიც მისი მეპატრონისა და მთავარი მებაღის, რომელიც, რა თქმა უნდა, ქართველია, სიამაყეს წარმოადგენს. ვაზს, რომელიც ადამიანზე მაღალია, ასხია მრავალი, მსხვილი და მზისგან ქარვისფრად შეფერილი მტევანი. ვაზი მწკრივებად არის დარგული, გაშლილი ტოტები სარებზე დამაგრებულ განივ კოჭებს გაუყვება. მოკრეფილ ყურძენს კალათებში – გოდრებში აწყობენ, რომლებიც ქართველებს ზურგით მიაქვთ მარანში, ანუ ფარდულში, სადაც მე გაგიძღვებით.

ყურძენი გროვდება ცაცხვის, ან თელის ხეში ამოჭრილ უზარმაზარ ვარცლებში. ამ ვარცლის (ქართულად ნავი) ძირში წინასწარ დებენ შინდის ტოტებისაგან დაწნულ ლასტს, რომელიც დაფარულია ველური ვერბენას  სქელი ფენით (ქართულად ჭადი; ლათიურად Verbena officinalis). ეს ლასტები (ქართულად ტორკირი) ხელს უშლის მასში მტევნის ყუნწების, კანისა და წიპწის გავლას.

ხის ვარცლის ყურძნით ავსების შემდეგ მამაკაცები დიდ აუზში ფეხებს იბანენ და გრძელ ვარცლში დგებიან. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ჭყლეტენ ნაყოფს. ნელი თუ სწრაფი, ნაზი თუ ენერგიული მოძრაობები მათი სიმღერების რიტმს მიჰყვება; რბილი, მძლავრი, გულში ჩამწვდომი, საბრძოლო თუ სუფრული სიმღერები ერთმანეთს ენაცვლება და დაჭყლეტილი ყურძნის მათრობელი სურნელი ხან უფრო ექსპერიულს, ხანაც კი უფრო ამაღელვებელს ხდის ამ ქოროს.

ფარდულის მიწაში მწკრივებად არის ჩაფლული ღვინის ჩასასხმელად გამზადებული თიხის უზარმაზარი ამფორები, მიწის ზედაპირიდან მხოლოდ მათი ყელია ამოწეული. ქართულად ამ ამფორებს ქვევრს უწოდებენ; მცირე ზომის ქვევრი ერთნახევარ ვედროს იტევს, ყველაზე დიდი კი – 300 ვედრომდე. ეს ამფორები ბერძნული და რომაული ამფორების მსგავსად ბეჭედდასმულია. ძველად ღვინოს მხოლოდ ასეთ ამფორებში ამზადებდნენ.

დიდ ვარცლს ძირში იმდენი ნახვრეტი აქვს, რამდენი ამფორაც არის მიწაში. 30 სანტიმეტრის სიგანის, ოდნავ დახრილი ხის ღარებით ოქროსფერი სითხე ამფორების ყელისკენ მიემართება და მათ 3/4-ზე ავსებს.

საოცრად თვალწარმტაცი და საინტერესოა ქართველების გულმკერდიდან ამომავალი პათეტიკური სიმღერების ფონზე მათი სხეულების რიტმული რხევის ყურება. ამ დროს კი მათ ფეხებთან მზის სხივებზე მოელვარე კამკამა ღვინის წყარო მოედინება.

ამფორებში ტოტებია ჩალაგებული, რომ ნალექს ზემოთ ამოსვლის საშუალება არ მისცეს. იმისათვის, რომ ღვინოს კავკასიაში მოწონებული გემო მიეცეს, გამოწურვის შემდეგ მიღებული მასის მეოთხედს, ანუ დურდოს, შიგნით ტოვებენ. ამფორას ყელზე ადებენ ვაზის ან თხილის ფოთლებიან მრგვალ ფიქალს, რომელსაც ხის ორი ნაჭრით ისე ამაგრებენ, რომ ჰაერმა იმოძრაოს. ფერმენტაცია გრძელდება ერთი კვირა. ამ დროის მანძილზე ფარდული დაკეტილია, თუმცა თვალყურს ადევნებენ, რომ შიგ ორპირი ქარი მოძრაობდეს. რვა დღის შემდეგ სითხეს ურევენ გრძელი ჯოხით, რომლსაც ბოლოზე ბლის ხის ქერქი მჭიდროდ აქვს ასხმული (ქართულად სარცხი); როცა სითხე იკლებს, მას ისევ ავსებენ. ერთი თვის შემდეგ ჭურჭელი იხურება. თუ ღვინომ იქ ზამთარი უნდა გაატაროს, მაშინ ფოთლებს ხავსით ცვლიან და ჭურჭლის ყელს ფიქალს აფარებენ. საბოლოოდ ყველაფერი ქვიშით იფარება. მასზე მეპატრონე ან მთავარი თავის ბეჭედს სვამს ე.ი. ღვინო დალუქულია.

ასე ინახება ღვინო ამფორებში, მაგრამ თუ მისი ამოღება გახდა საჭირო, მაშინ მას ხის გრძელ ჯოხზე დამაგრებული სპილენძის ჭურჭლით იღებენ; მას, ამავე დროს, საწყაოს ფუნქციაც აქვს.

ღვინის გადატანა ხდება ცხოველის ტყავის საშუალებით, რომელსაც ზოგადი სახელი ,,ბურდუკი’’ ჰქვია. თხის ტყავისგან დამზადებულ ბურდუკს ტიკი ეწოდება, ხარის ტყავისგან დამზადებულს კი – რუმბი. საინტერესო სანახავია ურმები, რომლებსაც ღვინით სავსე ტყავები გადააქვთ. ცხოველის ფორმაშენარჩუნებული რუმბები დუქნებში ძირს აწყვია ან ჩამოკიდებულია. დუქნის სტუმრის სურვილისამებრ რუმბის ფეხიდან ხან წითელი, ხან კი თეთრი ღვინო მოედინება.

ყოველ ფარდულში რომელიმე წმინდანის სახელზე არის ერთი ამფორა. ამ წმინდანის დღესასწაულამდე ეს ამფორა ხელუხელებლია, იგი მხოლოდ დღესასწაულზე იხსნება და შიგთავსი მთლიანად უნდა იყოს მოხმარებული მეპატრონისა და მისი სტუმრების მიერ.

ერთი ქართველი მარწმუნებდა, რომ ათას კაცზე მხოლოდ ერთ ლოთს თუ შეხვდებით და ისიც ყველასგან დასაცინია.

კახეთში ბევრ ღვინოს ამზადებენ, ბევრს სვამენ, მაგრამ არ თვრებიან.

 ბარონი დე ბაი, ,,საქართველოში’’, პარიზი, 1898“

ფრანგი არქეოლოგი ბარონი ჟოზეფ დე ბაი, ასე აღწერს რთველს გურიაში

„ჩვენი მოგზაურობა რთველს დაემთხვა. შეიძლება ითქვას, რომ გურიაში რთველი ნახევრად საჰაეროა. მაღალი და დატოტვილი ხის ძირში დარგული, თავის ნებაზე მიშვებული ვაზი გაბედულად მიცოცავს ზევით და ხის ფოთლებში ეხვევა. სწორედ ამიტომ ყურძნის მოსაკრეფად ხის კენწეროზეა ასვლა საჭირო.

ამ სამუშაოს შესასრულებლად ხეზე ცილინდრის ფორმის კალათა ააქვთ და ტოტზე ხის დიდი კაუჭით კიდებენ.

რაც უფრო მეტი მტევანია ზემოთ, მით უფრო სქელია ვაზის ძირი. არაფერია იმაზე თვალწარმტაცი სანახაობა, ვიდრე ვაზის გიგანტური ხვეულები საუკუნოვანი ხეების გარშემო, მათი გადასვლა ერთი ხიდან მეორეზე და ჩამოკიდებული მტევნების უთვალავი და მოხდენილი გირლანდა.

აქ ვაზი მცენარეთა დედოფალია; ღვინისგან კი აქაურები ნამდვილ კულტს ქმნიან.

ღვინოს სახლის წინ უზარმაზარი მწვანე ხეების ძირში ჩაფლულ თიხის ჭურჭელში ინახავენ. აქ ყოველთვის სასიამოვნო ჩრდილია და ოჯახი სადილისათვის აქ იკრიბება. თავმოხდილი ამფორიდან ყველა თავისი სურვილისამებრ იღებს ღვინოს, ისე, რომ ადგილიდანაც არ იძვრის.

კავკასია, როგორც ამბობენ, ვაზისა და ღვინის სამშობლოა.

სხვა სიახლეები

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის პროექტს “At-Home Gala” საქართველოც შეუერთდება

Editor

კორონავირუსი – საქართველოს მდგომარეობის ანალიზი

Editor

სანამ ჯერ კიდევ ზამთარია… გურამ დოლენჯაშვილის გენიალური გრაფიკა 

Editor

დავით აღმაშენებლის ანდერძის ორიგინალის ფრაგმენტი და შუა საუკუნეების საგანძურის განახლებული გამოფენა

Editor

მალე ეკრანებზე დოკუმენტური ფილმი ‘’გაუმარჯოს დედოფალს’’ გამოვა

Editor

ლეგენდარული ქართველი კომენტატორის ფრაზა უეფას ნომინანტებს შორის მოხვდა 

Editor