დიასპორები მხოლოდ ქართული სლაიდერი წერილები

მერცხლების გადარჩენილი სახლი…

ჩანახატი, რომელსაც პირობითად „მერცხლების გადარჩენილი სახლი…“ ვუწოდეთ თამილა ლაშხიამ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და ბევრი ემიგრანტი და მათი მომლოდინე ოჯახიც ააცრემლა.

„ეს გასულ წელს დავწერე… მაგრამ ეს ტკივილი არ ნელდება, გუშინ ერთი ახალგაზრდა ბიჭის პანაშვიდზე ვიყავი, რომელიც ავარიით დაიღუპა და რომლის დედა ემიგრანტია… ის თავისი შვილის გასვენებაში ვერ მოდის… ეს გაუსაძლისი ტკივილია, ტკივილი მთელი ქვეყნის!“ – წერს თამილა კომენტარებში.

*********

„მერამდენედ მოვიდა გაზაფხული, ისევ აყვავდა ეზოში ტყემალი, ისევ გაიფურჩქნა მეუღლის დარგული ყვავილები. უსასრულო ლოდინში გაიარა წლებმა, უკვე საბოლოოდ გადაეწურა იმედი, სანამ ცოცხალი ვარ, ნასახლარად ხომ ვერ გადავაქცევ აქაურობასო,-ფიქრობს და მაინც გულმოდგინედ უვლის ყველაფერს.

შვილებს უნდა ვასწავლოთ, გზაზე უნდა დავაყენოთ, ცოტა სახლსაც მივხედავ და დავბრუნდებიო- დააიმედა მეუღლემ და გაუდგა გზას საზღვარგარეთისაკენ…

დაამთავრეს შვილებმა, ვერ იშოვეს სამსახურები, ოჯახებიც შექმნეს, მაგრამ…. ბავშვებს მეტი სჭირდებათ, არ გვყოფნის გამოგზავნილი ფულიო და დაადგნენ რიგრიგობით გზას: შვილი, რძალი, სიძე, ქალიშვილი… როცა პატარა შვილიშვილებიც გაუყენეს გზას, თითქოს გულიც ამოგლიჯეს, ქართული მაინც არ დაავიწყოთ ბავშვებსო- დააბარა და დარჩა დაცარიელებულ ეზოში მარტო

დაავადებული დაბრუნდა მეუღლე, ორ კვირაში დაასაფლავა, შვილები ვერ ჩამოვიდნენ, დედას რომ არ დაიტირებს ის შვილი შვილიაო?- უსაყვედურა შვილებს…

შვილიშვილების დატოვებულ სათამაშოებს ისევ ინახავს, ბიჭის მიერ კუთხეში მიყუდებული სათევზაო ანკესისთვის ადგილიც არ შეუცვლია.

უსასრულო ლოდინში გაიარა წლებმა…

გვერდით ეზოში პოლონელი დასახლდა, წინა ეზო ჩინელმა იყიდა. შემოირბენენ ხოლმე ბავშვები ეზოში, ითამაშებენ, დამტვრეული ქართულით მოიკითხავენ ბაბუას და ისევ ცარიელდება ეზო.

მერამდენედ მოვიდა გაზაფხული… აივანზე ზის , უკვე საბოლოოდ გადაეწურა იმედი, უცებ ფიქრებიდან მერცხლების ჭიკჭიკმა გამოიყვანა, თვალები ცრემლებით აევსო, ესენი ბრუნდებიან, თავიანთ ბუდეს უბრუნდებიან, ბარტყებს დაჩეკავენ, დააფრთიანებენ, ამათმა თავიანთი ბუდის სიყვარული იციან, რატომ არ დევს ეს ადამიანში? რატომ ცვლის ადამიანი თავის ადგილსამყოფელს, თავის ქვეყანას სხვის ქვეყანაში?

ეზოში ბავშვები შემოვიდნენ, ბაბუა მოიკითხეს.

– შენ რომ მოკვდები ეს ეზოც ჩვენი იქნება- თქვა ერთმა.

ბავშვს დააკვირდა, ხმა ვერ ამოიღო, სახე შეეცვალა….

– მე არ მითქვამს, მამამ თქვა- თქვა ბავშვმა და გაიქცა.

მთელი დღე გაუნძრევლად იჯდა, მოსაღამოვდა, ადგა, ოთახში შევიდა, არა, უკან არ დავიხევ, გადაწყვეტილება უკვე მივიღე, გაიფიქრა და ასანთი მოძებნა. დღესვე ჩემს თვალწინ ნაცარტუტად იქცევა აქაურობა, მეც, მეც ჩემს სახლთან ერთად უნდა დავიწვა… ნავთი მოძებნა, ძველი ნაჭრები მონახა და გარეთ გამოვიდა. სახლის კუთხეებთან ნაჭრები დადო, ნავთი დაასხა და ასანთი ამოიღო…

შურდულივით მოფრინდნენ მერცხლები, აივანზე წინ და უკან დაიწყეს ფრენა, ხან ბუდესთან მიფრინდებოდნენ, ხან მოხუცთან. ხელი აუკანკალდა, თვალებიდან ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები, ასე ბავშვობის შემდეგ არ უტირია, ასანთი ჯიბეში ჩაიდო და მუხლებზე დაეცა.

შენ რომ მოკვდები ეს ეზო სულ ჩვენი იქნებაო- ისევ ჩაესმის ყურში… საწოლამდე ძლივს მივიდა..

ბორგავდა, სიზმარი და ცხადი ერთმანეთში აერია… სადღაც იყო, ვიღაცას აცილებდა თუ ხვდებოდა ვერ მიხვდა, მერე შვილიშვილები ესიზმრა, ბიჭი სათევზაოდ მიჰყავდა. გარეთ ქარი ამოვარდნილიყო… ისევ ბორგავდა, ხან მერცხლის ჭიკჭიკი ჩაესმოდა, ხან ბავშვების ხმა…

ბაბუა, ბაბუა… ცხადია თუ სიზმარი ვერ არკვევს, არა აშკარად ცხადია, მაგრამ ასე ადრიანად ვინ ეძახის?

ბაბუააააა… ხმა, ხმა ესმის, ეს არ არის უცხოელი ბავშვების ხმა, ეს ყველაზე ახლობელი ხმაა, საკუთარი სისხლის და ხორცის, ხელები უკანკალებს, ძლივს დგება, მიდის კარების გასაღებად… ღმერთო როგორ დაგრძელდა ეს გზა საწოლიდან კარებამდე, ფეხები ეკეცება, სიზმარია თუ ცხადი? მივა კარებთან, გააღებს და… ქარმა მომატყუაო- გაიფიქრებს იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი…

ბაბუა…, როგორც იქნა აღებს კარებს…. კარებთან ბიჭი დგას, ზურგჩანთა იქვე უდევს…

ბაბუა….

ხელებს კიდებს, ხომ არ მეჩვენებაო ფიქრობს, გულში იკრავს მონატრებულს, სანუკვარს, საოცნებოს, თვალებიდან ცრემლები სდის, ხელები უკანკალებს, სახეც…

დავბრუნდი ბაბუა- ეუბნება ბიჭი და უკოცნის დაკოჟრილ ხელებს, დანაოჭებულ სახეს…

როგორ მომენატრე შვილო, როგორ მომენატრე, ჩურჩულებს ბაბუა და გულში იკრავს შვილიშვილს… მერე მუხლებზე დაეცემა და მადლობას უხდის უფალს ამ სასწაულისთვის.

თენდება…. ბიჭი ეზოში დადის, ეფერება ყველაფერს, ხეს, ბალახს, ბებიის დარგულ ყვავილებს. უცებ სახლის ყურესთან ნაჭრებს მოჰკრავ თვალს… მიდის აკვირდება…

ეს გუშინ გადავწყვიტე ბაბუა, იმედი საბოლოოდ გადამეწურა, მაგრამ მერცხლებმა გადაარჩინეს ეს სახლი….

ბიჭი ხელს კიდებს ბაბუას… არ დაგჭირდება ბაბუა ეს. მე დავბრუნდი, დავბრუნდი სამუდამოდ და არასოდეს მიგატოვებ…. ყველანი დაბრუნდებიან…. ისე როგორც ეს მერცხლები უბრუნდებიან ბუდეს….

აივანზე მავთულზე შემომჯდარი მერცხლები ჭიკჭიკებენ….”

სხვა სიახლეები

ქართული ღვინის ახალი ბრენდი ‘’Gran Nino’’ იაპონიის ბაზარზე

Editor

სიდედრის საცვლებში შესრულებული როლი და ლექსი ერთგულ მაყურებელს – დღეს იპოლიტე ხვიჩიას დაბადების დღეა

Editor

“აი, ძმაო, მთელი წლისა ჩაიბარეო” – ეროსისა და მათხოვრის საინტერესო ისტორია

Editor

ემიგრანტებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები დაიწყო

Editor

მე-19 და მე-20 საუკუნის თბილისის ფოტოები ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის არქივიდან

Editor

“სურვილები საქართველოდან”- 36 ქართველი ხელოვანის ერთობლივი გამოფენა ბერლინში

Editor