ლახტი – დავიწყებული ქართული ხალხური თამაში

ლახტი ქართული ხალხური თამაშია, რომელიც დავიწყებას მიეცა და აღარავინ თამაშობს.

ლახტით თამაში ციხე – სიმაგრისთვის ბრძოლას ჰგავს. როგორც ბრძოლაში აქაც თავდამსხმელები და დამცველები არიან. ლახტში წრეში მდგომი ბავშვები დამცველები არიან, გაეთ მყოფები კი თავდამსხმელები. წრე შემოხაზულია ზოლით. მის შიგნით მყოფ მოთამაშეებს ფეხებთან უდევთ ქამრები. ქამრის წვერი მოთამაშის ფეხს ეხება, ბალთა კი – წრის ხაზს. გარეთ მყოფმა მოთამაშეებმა უნდა მოახერხონ, რომ ქამრები წრიდან მოიტაცონ. წრის შიგნით მდგარ მოთამაშეებს ქამრების დაცვა ევალებათ.

 ლახტის თამაშს თავისებური წესები ჰქონდა: მონაწილე 12 წლის ასაკის 12-მდე ბიჭი უნდა ყოფილიყო, რომლებსაც იმდენი ქამრის დაცვა ევალებოდათ, რამდენი წყვილი მონაწილეც იყო. ლახტის თამაშისას რბილ და ბალახიან მინდორს ირჩევდნენ.

თამაშის წესის მიხედვით, ქამრებზე ფეხის დადგმა და ხელში დაჭერა დამცველისთვის აკრძალული იყო. თავდამსხმელები ქამრის მოტაცებას ცდილობდნენ, მთავარი იყო, ერთი ქამარი მოეტაცათ, შემდეგ დანარჩენებს უფრო ადვილად იგდებდნენ ხელში, რადგან გატაცებული ქამრით შეეძლოთ, წვივებზე ეცემათ დამცველები და წრიდან სხვა ქამრებიც მარტივად გამოჰქონდათ.

დამცველებს წრიდან გამოსვლის უფლება არ ჰქონდათ, თავდამსხმელებს კი იქ შეჭრა შეეძლოთ.  დამცველებს შეეძლოთ თავდამსხმელთა მიერ გატაცებული ქამრების უკან დაბრუნებაც, თუკი მოქნეულ ქამარზე ხელს წაავლებდნენ და გამოჰგლეჯდნენ. უკან დაბრუნებულ ქამარს რგოლად აქცევდნენ და წრის შუაგულში დებდნენ. აქედან კი მისი მოტაცება ძალიან რთულდებოდა.

დღეს ლახტი დავიწყებას მიეცა და ისტორიას დარჩა.

მივიწყებული ქართული თამაში “ლახტი” რეჟისორ ლერი სიხარულიძის ფილმიდან “ლახტის გაკვეთილი” 1986 წ. [არქივი]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.