ისტორია და ისტორიები მხოლოდ ქართული სლაიდერი წერილები

“ამ ამბის გახსენება დღესაც გულს მიდაგავს” – გელა ჩარკვიანის ემოციური მოგონება მეუღლეზე 

18 მაისი ქართველი მწერლისა და დიპლომატის, გელა ჩარკვიანის მეუღლის დაბადების დღეა. მათი  ისტორია დღემდე ბევრ ადამიანს არწმუნებს ნამდვილი სიყვარულის არსებობაში – ისეთის, დრო რომ ვერც მას ცვეთს და ვერც მისგან დატოვებულ ტკივილს კურნავს: 

“18 მაისი ნანას დაბადების დღეა

ნანა თბილისის პირველ სამუსიკო სასწავლებელში მუსლიტერატურას ასწავლიდა. სტუდენტებს უყვარდათ. მკაცრი არ იყო, თუმცა გამოცდებზე საკმარის პრინციპულობას იჩენდა და ტყუილუბრალოდ ნიშანს არ დაწერდა. ერთხელ, გამოცდიდან დაბრუნებულს, სტუდენტის დედამ დაურეკა. მადლობა გადაუხადა ქალიშვილისათვის დაწერილი ხუთიანისათვის და უთხრა, რომ ხვალ გაამზადებდა ტორტს და საჩუქრად მოართმევდა. ბავშვის დედა, ქართველი ებრაელი ქალი, მთელ ქალაქში ცნობილი იყო თავისი ტორტებით და მისმა შეთავაზებამ ტკბილეულისადმი არც თუ გულგრილი ნანა საგონებელში ჩააგდო. „არავითარ შემთხვევაში“ – თქვა მან მკაცრად.

ის, თუ როგორ გაგრძელდა მათი დიალოგი, იქცა სახალისო ნომრად, რომლითაც, ნანას წინააღმდეგობის მიუხედავად, მე მთელი წელი ვართობდი სტუმრებს. უფრო სწორად, მე ამ დიალოგის მხოლოდ ერთი მონაწილის, ნანას ტექსტი ვიცოდი, თუმცა იმის მიხვედრა, თუ რას ამბობდა მეტორტე ქალბატონი, ძნელი არ უნდა ყოფილიყო.

„არავითარ შემთხვევაში,“ – გაიმეორა ნანამ. „ხომ გესმით, არავითარ შემთხვევაში-მეთქი. რა? მისამართი? რად გინდათ ჩემი მისამართი? არა, ქალბატონო, ეს საბურთალოს ქუჩა არ არის. დიახ, პეკინის. ხომ გითხარით, არაფერი მოიტანოთ-მეთქი. მაღაზია „ელექტრონიკა“ ჩვენს სახლშია. გცოდნიათ. რამდენჯერ უნდა გავიმეორო, რომ საჩუქრებს არ ვღებულობ. სადარბაზო? არა, პირველში სხვა მასწავლებელი ცხოვრობს, ჩვენი მეორეა. არ მოიტანოთ! დიახ, მეორე სართული, კარი მარჯვნივ. არ არის საჭირო, არა. ნამდვილად არ არის საჭირო. ზოგჯერ ზარი არ მუშაობს. ჯობია დააკაკუნოთ“.

მართლაც მეორე დღეს დააკაკუნეს და მოიტანეს რაღაც საოცრება – ტორტი, ლურჯი, წითელი, მწვანე და ნარინჯისფერი კრემით. იმ დროში ეს ფერები დიდი იშვიათობა იყო. ნანა ყოველთვის ბრაზობდა, როცა ამ ამბავს ხალხში ვყვებოდი, მაგრამ ერთხელ, ხარხარი რომ ატყდა, ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანი ვაცალე და რომ არ დაბრუნდა, საძინებელ ოთახში შევედი. თავის ლოგინზე იჯდა ბავშვივით ატირებული. ამ ამბის გახსენება დღესაც გულს მიდაგავს. ჩემს შემთხვევაში დრო ვერ გამოდგა კარგი მკურნალი. რა სისულელეა ყველაფერი. საერთოდ ყველაფერი.”

სხვა სიახლეები

ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურგულიანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

Editor

რა უნდა ვიცოდეთ მიგრაციის საფრთხეების თავიდან ასარიდებლად?

Editor

საქართველოში უკვე 18,306 მოქალაქე დაბრუნდა

Editor

დავაპუროთ უსახლკარო ცხოველები

Editor

თუთიყუში ჩიკოლინო მოგვიწოდებს – დარჩი სახლში!

Editor

საქართველოს მოქალაქეების ესპანეთში ყოფნის იურიდიულ უფლებები და საემიგრაციო საკითხები

Editor